Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარი მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანო იანო ალიბეგაშვილი გახლდათ. მან საზოგადოების მიერ გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს, რომლის ნაწილი Ambebi.ge-მ უკვე შემოგთავაზეთ. "სახალხო ინტერვიუს“. სრული ვერსიის ნახვას კი მითითებულ ბმულზე შეძლებთ (ინტერვიუ სრულად)
ნინო:
- მოგესალმებით. როგორ ხართ? ამ ეტაპზე სად ხართ და კონკრეტულად რას საქმიანობთ?
- მე ვარ იანო ალიბეგაშვილი, ოპერის მომღერალი. საერთაშორისო სცენებზე "იანო-თამარის“ სახელით ვსარგებლობ. ჩემი შემოქმედებითი საქმიანობა, რა თქმა უნდა, გრძელდება და კვლავ ჩემს პროფესიაში ვარ - ვმღერი სხვადასხვა თეატრში, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, შედარებით იშვიათად. უკვე 36 წელზე მეტია, რაც იტალიაში ვარ და ჩემს ოჯახთან ერთად იქ ვაგრძელებ ცხოვრებას.

ვინი:
- მსოფლიოს რამდენ საოპერო სცენაზე გიმღერიათ და ყველაზე საპასუხისმგებლო თქვენთვის რომელი იყო და არის?
- საზოგადოდ, ნებისმიერი მომღერლისა თუ მსახიობისთვის ყველა ქვეყნის სცენა ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. არასოდეს დამითვლია და განმიხილავს თუ რამდენ თეატრში ან სად მიმღერია, თუმცა ერთს დანამდვილებით გეტყვით: მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან სცენებზე მაქვს ნამღერი. მათ შორის, რა თქმა უნდა, არის მილანის "ლა სკალა“, რომელიც ჩვენი "აკვანია“. იქ არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი მქონია.
მკითხველი:
- მუსიკის ნიჭი და განსაკუთრებული უნარი ვინ აღმოაჩინა თქვენში და რა მიმართულება მოგცათ?
- დედა ოჯახში ყველაფერია და ასე იყო ჩემ შემთხვევაშიც. ის იმდენად იყო ხელოვნებაზე შეყვარებული, რომ ყველა შვილი ამ გზაზე დაგვაყენა: ჩემი ძმა არქიტექტორია, უფროსი და - პიანისტი, უმცროსი და - ვოკალისტი და მეც ვოკალისტი, საოპერო მომღერალი ვარ.
კონსერვატორიასთან არსებულ ათწლედში ვსწავლობდი და არც ისე ადრე, სადღაც 18 წლის ვიქნებოდი, როდესაც დედამ შემთხვევით მომისმინა, თუ როგორ ვუკეთებდი იმიტაციას მის უახლოეს მეგობარს (დასავით ჰყავდა), ჩვენი უფროსი თაობის ცნობილ მომღერალს, ლამარა ჭყონიას და მითხრა: "შენ, მგონი, საოპერო მიმართულებით ძალიან დიდი მიდრეკილება გაქვს“ - და პირდაპირ მასთან მიმიყვანა. ჩემი პირველი ნაბიჯები ამ კუთხით სწორედ ლამარა ჭყონიას ეკუთვნის. იმ ენერგიამ და სტიმულმა, რომელიც მან ჩემში ჩადო, ჩემი საოპერო ცხოვრება განსაზღვრა და მნიშვნელოვანი იყო, ეს მუხტი არასოდეს განელებულა. ამისთვის მას ძალიან ვუმადლი.

დავითი:
- თავად იყავით დაინტერესებული, საოპერო ვოკალს გაჰყოლოდით?
- აბსოლუტურად არ ვიყავი დაინტერესებული ამ ხელოვნებით და არ მაინტერესებდა, ჩემგან ძალიან შორს იყო, რადგან თეორიულ-საკომპოზიციო განყოფილებით ვიყავი გატაცებული, რაც ძალიან მიყვარდა. კონსერვატორიის ექსპერიმენტულ სკოლაში სწორედ ამ დარგს ვსწავლობდი.
ლამარა ჭყონიამ იმხელა ენერგია და სტიმული მომცა, რომ საოპერო ხელოვნებისკენ გადამიბირა და რაღაცნაირად ამიყოლია, რომ ვოცნებობდი, მასავით ამ ლამაზ ცხოვრებას ვზიარებოდი. როდესაც მასთან გაკვეთილებზე მივედი, ის ჯერ კიდევ აქტიური მომღერალი იყო. ამ პროცესმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და განსაკუთრებული ხიბლი შეიძინა. ასე ნელ-ნელა შევედი ამ სამყაროში და დღემდე აქ ვარ.
თინა:
- როგორ გგონიათ, რამ განსაზღვრა ის, რომ გახდით მსოფლიო დონის საოპერო ვარსკვლავი - ანუ თქვენი წარმატების საიდუმლო რა არის?
- აქ საიდუმლო არაფერია: ყველაფერი ბედია. ნიჭი, ტალანტი და შრომისმოყვარეობა თუ იღბალთან არ არის შერწყმული, წარმატების მიღწევა რთულია. პირდაპირ გეტყვით - იღბლიანიც აღმოვჩნდი.

გიორგი:
- ყაზბეგში დაიბადეთ, მოხევე ხართ. მთის "ხასიათი მოგყვებათ“? რას ნიშნავს თქვენთვის ეს კუთხე და მისი ტრადიციები?
- ვფიქრობ, რომ არცერთი ადამიანი არ კარგავს თავისი კუთხის ხასიათს. ჩვენ ყოველთვის იმ ფესვებზე ვართ გამობმულები, სადაც დავიბადეთ. ამიტომ, იმის მტკიცება ზედმეტია, რომ მთის ხასიათი მაქვს, დიახ, ეს ხასიათი გამომყვა. რა თქმა უნდა, იტალიამ, სადაც უკვე 36 წელია ვცხოვრობ, სხვა გარკვეული თვისებებიც შემძინა. ასე რომ, ეს ყველაფერი დაბალანსებულია - იტალიამ შემძინა განსხვავებული ხედვა, ადამიანებთან ურთიერთობასა და ცხოვრებასთან მიმართებაში.
ჩვენ, ქართველები, ძალიან ემოციურები ვართ. იტალიელებიც ძალიან ემოციურები არიან, მაგრამ მათ საუკუნოვანი ტრადიციები აქვთ და სხვანაირად ცხოვრობენ, უფრო გათანამედროვებულები არიან. ეს ნათქვამი შეიძლება ცუდად გამომივიდეს, თითქოს ჩვენ ჩამორჩენილები ვიყოთ. არა, აქ ჩამორჩენაზე არ არის საუბარი. ერთ ამბავს მოგიყვებით: დედა რომ გარდამეცვალა, იტალიაში ვიყავი. იქ რომ ის ხალხი არ მყოლოდა გვერდით, ძალიან გამიჭირდებოდა. მათ გადამარჩინეს. ამ ამბავს მირჩიეს ძალიან რელიგიურად, მეტ-ნაკლებად მშვიდად შევხვედროდი - მიაჩნიათ, რომ ჩვენ ვიბადებით და მივდივართ, ეს ყოველთვის ასე ხდება, ადამიანი მეორე ცხოვრებას განაგრძობს და ყოველთვის შენთან იქნება. ძალიან დაბალანსებული მიდგომა ჰქონდათ და უდიდესი მხარდაჭერა მაგრძნობინეს. იტალია ჩემთვის მეორე სამშობლოა და ამ ქვეყნის ძალიან მადლიერი ვარ, რადგან საოპერო მომღერლად სწორედ იქ ჩამოვყალიბდი.
ნანიკო:
- ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ კონსერვატორიაში როდესაც მოგისმინეს, თქვეს, რომ "მოვიდა მოხევე გოგო, რომელიც საოცრად მღერის“. გაიხსენეთ ეს ამბავი და აქვე გაიხსენეთ თქვენი პირველი აღიარებაც...
- როდესაც ლამარა ჭყონიამ მომამზადა და დედამ იგრძნო, რომ კონსერვატორიაში ჩასაბარებლად მზად ვიყავი, ბოლო თვეებში მისაღები გამოცდებისთვის იულია ფალიაშვილთან ვემზადებოდი. რაც ლამარა ჭყონიამ ჩამინერგა, იგივე გააგრძელა იულია ფალიაშვილმაც - ეს იყო დისციპლინა. მე თავიდან უდისციპლინო ვიყავი. ლამარა ჭყონიამ ეს არ მაპატია და კლასიდან გამიშვა: "მე შენი ძიძა არ ვარ და ჩემს კლასში აღარ მიგიღებო,“ - მიუხედავად იმისა, რომ დედა და ის საოცრად მეგობრობდნენ. იქიდან ატირებული წამოვედი, რადგან უკვე აზარტში ვიყავი შესული. შემდეგ კი ნოდარ ანდღულაძემ იულია ფალიაშვილთან გაგვგზავნა და მასთან ასე მოვხვდი.
ახლა იმასაც მოგიყვებით, თუ რატომ იცოდნენ, რომ გამოცდებზე "მოხევე გოგო“ აბარებდა. დედა მაშინდელ კულტურის მინისტრთან, ბატონ ბადურაშვილთან შევიდა და უთხრა: "ჩემი გოგო წელს კონსერვატორიაში აბარებს“. მასთან შეხვედრა წინასწარ შეთანხმებულიც კი არ იყო, პირდაპირ მიადგა კაბინეტში (მაშინ უფრო "მოდიოდა“ ასეთი არაფორმალობა). ბადურაშვილმა უთხრა: "თუ ასეთი მაგარია თქვენი გოგო, ჩააბარებს, რაში გჭირდებათ კულტურის სამინისტროო?“. დედამ უპასუხა: "არა, თქვენ უნდა შეამოწმოთ, რომ იქ რაიმე უსამართლობა არ მოხდესო“. "ალბათ სოლფეჯიოსა და დანარჩენ საგნებში ძლიერი არ არისო,“ - მინისტრმა უთხრა. "როგორ არა!“ - უპასუხა დედამ, თეორიულ-საკომპოზიციო განყოფილებაზე, ექსპერიმენტული სკოლა დაამთავრაო. მინისტრმა "აბა, მოგვიყვანეო“.
მინისტრის კაბინეტში როიალი იდგა. იქ ბადურაშვილმა სოსო კეჭაყმაძესთან - ამ უდიდეს ადამიანსა და კომპოზიტორთან ერთად მომისმინა. სახეზე ვატყობდი, რომ ძალიან მოვეწონე. შემდეგ სოსო კეჭაყმაძემ სოლფეჯიოში საკმაოდ რთული გამოცდა ჩამიტარა. ბოლოს თქვეს, ამას დახმარება არ სჭირდება, განსაკუთრებული გოგოაო. იქ დედასა და მინისტრს შორის პატარა სახუმარო დიალოგიც შედგა, სადაც დედამ უთხრა, რომ მოხევე იყო. აი, აქედან გაჩნდა ლეგენდა, რომ გამოცდებზე მაგარი ხმის მოხევე გოგო აბარებდა. გამოცდებზე წარმომადგენელი გამოაგზავნეს, რათა ობიექტურობა ყოფილიყო დაცული. ეს ყველაფერი დედაჩემის დაჟინებული მოთხოვნის წყალობით მოხდა.

ზურაბი:
- მოგვიყევით მშობლებზე და ოჯახზე, სადაც იზრდებოდით და დედის ღვაწლზე, ასევე მისი ცხოვრებიდან უდროოდ წასვლასა და თქვენს ემოციებზე...
- ბრწყინვალე ოჯახში დავიბადე, სადაც საუკეთესო ადამიანური თვისებები სუფევდა. მამაჩემი ყაზბეგის რაიონში რაიკავშირის გამგეობის თავმჯდომარე იყო. მახსოვს, ყოველთვის ამბობდა: "ჯერ გაჭირვებულ ოჯახებს უნდა მივხედო და დანარჩენებს - მერეო“. ყოველთვის გაჭირვებულებს ეხმარებოდა.
დედამ "ნიჭიერთა ათწლედი“ საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტით დაამთავრა. ძალიან ნიჭიერი იყო, მაგრამ პროფესიის გაგრძელება ვეღარ შეძლო, რადგან გათხოვდა, შვილები გააჩინა და ჩვენს გაზრდას მიუძღვნა თავი. დედა ხელოვნებაში, მის ყველა დეტალსა და წახნაგში ძალიან კარგად იყო გათვითცნობიერებული. მან იცოდა, რომ ხელოვნებაშიც შეიძლება არსებობდეს უსამართლობა (ისევე როგორც ყველგან) და სწორედ ამიტომ სთხოვა მინისტრს ობიექტურობის გაკონტროლება - თუ ღირსია, ჩააბაროს, თუ არადა, ჩვენც გვეცოდინებაო.
მამა ძალიან ადრე გარდაგვეცვალა - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ავტოავარიაში დაიღუპა. მე მაშინ ოთხი წლის ვიყავი, ჩემი უმცროსი და - ერთი წლის, ხოლო უფროსები - ათის და თორმეტის. დედამ მარტომ გაგვზარდა. როდესაც თითქმის ყველა ფეხზე დაგვაყენა, თავადაც ახალგაზრდა გარდაიცვალა. მე ამ დროს იტალიაში ვიყავი. ჩემებს კი დაუბარა, არავითარ შემთხვევაში არ გააგებინოთ, ხმა არ დაკარგოსო. რა თქმა უნდა, ეს მოგვიანებით შევიტყვე.
აკადემიის დირექტორი, სადაც ვსწავლობდი, ჩვენთან ძალიან ახლოს იყო და დედასაც იცნობდა... როდესაც ოზიმოს აკადემიაში ჩავედი (რომელიც დღეს ძალიან ცნობილია და ბევრი ქართველი სწავლობს იქ), მე ამ აკადემიის აბსოლუტურად პირველი ქართველი სტუდენტი გახლდით. დირექტორმა რომ მომისმინა, მითხრა: "შენნაირი ხმები არიან სხვებიცო“ (თავის ქებაში ნუ ჩამომართვათ, უბრალოდ, აინტერესებდა, რადგან თითქმის გამზადებული მომღერალი ჩავედი). მე ვუპასუხე, რომ საქართველოში ჩემზე უკეთესებიც იყვნენ. ის იმდენად დაინტერესდა, რომ საქართველოში ჩამოვიდა. ოპერის თეატრში ბავშვების მოსმენა იყო. დედა მივიდა მასთან და უთხრა: "მე იანოს დედა ვარ, ძალიან გთხოვთ, ჩემთან ვახშამზე წამოხვიდეთო“. ჩემს დირექტორს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გადაუდია იმის გამო, რომ იანოს დედის ოჯახში წასულიყო... აი, ასე დაუკავშირდა ყველაფერი ერთმანეთს "ჯაჭვით“ ჩემს ცხოვრებაში - იღბალი, ბედი და ადამიანები.

ქართველი:
- რომ არა ევროპაში წასვლა, საქართველოში დარჩენისას, რა იქნებოდა?
- არაფერი სასიკეთო არ მოხდებოდა, რადგან საქართველოდან 1990 წლის 2 იანვარს გავემგზავრე. ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა - ყველაფერი ჩაბნელდა. ეს იყო ყველაზე ბნელი და შავი ფურცლები საქართველოს კულტურულ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში. ჩვენ, ვინც ყველაზე განვითარებულ ქვეყნად მივიჩნეოდით, უცებ სრულ სიდუხჭირეში აღმოვჩნდით. არ ვიცი, როგორ გაუძლო ამ ხალხმა ამხელა ტკივილსა და სიმძიმეს. ჩვენი თაობისთვის, ვისაც სიტყვა ჯერ კიდევ არ გვქონდა ნათქვამი, ეს ნამდვილი საშინელება იყო. უფროსმა თაობამ კი თავისი სიტყვა უკვე თქვა, გაუძლო ამ ყველაფერს და განაგრძო მოღვაწეობა, მაგრამ ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის ეს მძიმე დარტყმა იყო.
ჩემი იტალიაში მოხვედრაც ბედისწერაა, რადგან 1989 წელს ვინიასის კონკურსში მივიღე მონაწილეობა, სადაც არაერთმა ქართველმა აიღო გრან-პრი. ჩემგანაც გრან-პრის ელოდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. ჟიურიში ლეგენდარული იტალიელი მომღერალი, მაგდა ოლივიერო იყო, რომელმაც დაჟინებით თქვა: "მე ამ გოგოს პრემიას არ მივცემ, მივცემ სტიპენდიას ორ აკადემიაში, რათა წავიდეს იტალიაში, ისწავლოს და იქ დახელოვნდესო“. მითხარით, თუ ეს ბედი არ არის?! აი, ასე და ამგვარად მოვხვდი იტალიაში.
მკითხველი:
- გული რაზე გწყდებათ?
- გულისწყვეტა მეტ-ნაკლებად ყველას გვაქვს და არის სერიოზული გულისწყვეტები. ჩემი პირველი ფიქრი ყოველთვის ისევ დედასთან მიდის, ვისი წყალობითაც ვარ, მოვედი ამ ცხოვრებაში და ვისი წყალობითაც დღეს მე ვარ იანო. მას ძალიან უნდოდა, დიდ სცენებზე ვენახე, მაგრამ მხოლოდ ის შეძლო, რომ 1989 წელს თბილისის ოპერის თეატრში ჩემს სპექტაკლს - "ბალ-მასკარადს“ დაესწრო. მახსოვს, რამხელა ბედნიერება იყო ეს მისთვის. ჩემი უდიდესი სურვილი იყო, უცხოეთში ჩემთან ყოფილიყო და ის სიამოვნება განეცადა, რისთვისაც იბრძოლა. ამაზე ძალიან მწყდება გული, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილია.

ჯული:
- ოპერაშიც იციან ალბათ ინტრიგები და თუ ყოფილხართ ამის ობიექტი?
- ხელოვნებაში ინტრიგები ყოველთვის არის და ეს განსაკუთრებით ჩანს, რადგან ჩვენ საზოგადოებრივი ასპარეზის ხალხი ვართ, მუდამ პუბლიკის წინაშე ვდგავართ. მთავარია, მე არავისთვის არაფერი დამიშავებია, არანაირ ინტრიგაში არ ვმონაწილეობდი. სხვებმა დამიშავონ, პირიქით, ეს ყველაფერი მე ძალას მმატებს.
ნატა:
- თქვენს პირად ოჯახზე მოგვიყევით და გაგვაცანით ოჯახის წევრები, მეუღლე, შვილი. აქვე გვითხარით, როგორი დედა ხართ?
- ჩემი ოჯახი ძალიან თბილი და მეგობრულია, მინდვრის ყვავილს შევადარებდი. სამნი ვართ, მეოთხე კი ჩვენი ძაღლია - იტალიური ნაგაზი, რომელსაც "იტალიურ მგელს“ ვეძახი. ძალიან ლამაზი ოჯახი მაქვს. ჩემი მეუღლე ვიტორიო ვიტელი ასევე ცნობილი ბარიტონია.
მიუხედავად საერთო პროფესიისა, საოპერო ხელოვნებას ოჯახურ ცხოვრებაში არ ვრევდით. სახლში არასოდეს ვმღეროდი, რათა ჩემს შვილს არ ეგრძნო, რომ სახლში "მომღერალი დედაა“ - მე მისთვის ყოველთვის უბრალოდ დედა ვიყავი და დედის როლი მქონდ. ჩემი ქმარი მღეროდა ხოლმე სახლში, მე კი - არასოდეს. ყოველთვის რეპეტიციებზე ან თეატრში მივდიოდი და მხოლოდ იქ ვიყავი პროფესიონალი.
ჩვენი მოგზაურობიდან გამომდინარე, შვილსაც ბევრს ვამოგზაურებდით. ძალიან გახსნილი და დამოუკიდებელი გაიზარდა. 24 წლისაა. იაპონიაშიც მყავდა და ძალიან შეუყვარდა ეს ქვეყანა. 11 წლის იყო, როდესაც კოლეჯში გავაგზავნეთ ინგლისსა და ირლანდიაში, თითქმის ყველა ინგლისური ქვეყანა მოიარა, ამიტომ მოგზაურობას ჩვენსავით მიეჩვია. დღეს ფლორენციის უნივერსიტეტში ინგლისურ და იაპონურ ენებს, მათ ლიტერატურასა და ისტორიას სწავლობს.

ზურა:
- რას ურჩევთ დამწყებ მუსიკოსებს?
- რომელ სპეციალობასაც ირჩევ, შესაბამისი ხასიათი უნდა გქონდეს. პირველ რიგში, ძალიან ძლიერი უნდა იყო, რადგან ცხოვრებაში დაბრკოლებები არასოდეს მთავრდება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე გარკვეულ საფეხურზე ვარ, სირთულეები მაინც არსებობს და ამისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო. ამას სჭირდება მტკიცე ხასიათი.
უღრმესი მადლობა, რომ დრო გამოყავით და ეს ინტერვიუ მოისმინეთ და წაიკითხავთ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ საქართველო ყოველთვის ძლიერი იყოს.