სოციალურ ქსელში ყოფილი პოლიტიკოსის, გია ყრუაშვილის სულისშემძვრელი სტატუსი გავრცელდა, რომელშიც მისი 22 წლის შვილიშვილის დათო ბლიაძის გარდაცვალების მიზეზებზე წერს.
“გუშინ მიწას მივაბარე ჩემი სიმწრით გაზრდილი 22 წლის შვილიშვილი - ჩემი დათუჩა… დედა ემიგრაციაში ჰყავდა და 5 წელი ნანახი არ ჰყავდა. მონატრებაში, ტკივილში და უსამართლობაში დალია სული…
პარასკევს შესაბამის სამსახურში ოფიციალურად შევიტანე მოთხოვნა სტატისტიკური ინფორმაციის გამოთხოვაზე, რადგან სწორედ მისი გარდაცვალების ღამეს კიდევ 5 ახალგაზრდა - 5 ანგელოზი, იმავე მიზეზით გარდაიცვალა.
ველოდები ოფიციალურ ცნობას… და დღეს, ჩემი დათუჩას საფლავთან დადებული ფიცით ვამბობ:მთელ ჩემს ენერგიას, გამოცდილებას, ძალას და სიცოცხლეს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ჩემი დათუჩა იყოს ბოლო მსხვერპლი…
ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, მე ვერაფერი გამაჩერებს.
ვერ გამაჩერებენ ვერც ის ადამიანები, ვინც ახალგაზრდების დაღუპვაზე ხუჭავენ თვალს, ვერც ისინი, ვინც ამ უბედურებას ხელს აფარებენ.
მე დავიწყებ ბრძოლას…ბრძოლას იმ სიმართლისთვის, რომელსაც წლებია ფარდა ადევს. თუ რას და როგორ ვიწყებ - ამას ჩემი დათუჩას საფლავიდან მოგახსენებთ…იქ, სადაც ფიცი დავდე ჩემს ანგელოზთან,“ - წერს ყრუაშვილი.
- დათუჩა ჩემი ქალიშვილის შვილია, დედამისი ნატო 5 წელია ემიგრაციაშია, გერმანიაში. დათო უწესიერესი ბავშვი იყო, ჩემთან, რკინიგზაში მუშაობდა. ნატოს ოჯახი დაენგრა და მას შემდეგ ჩემთან ცხოვრობდნენ. მამა რომ მომიკვდა, დათომ მითხრა, ბაბუ, ცხენი მიყიდე და სოფელში გადავალ ბებოსთან და იქ ვისწავლი სკოლაშიო. მართლაც, გადავიდა ხარაგაულში და დედაც რომ მომიკვდა, ბავშვს იქ ხომ არ დავტოვებდი მარტოს, ჩემთან წამოვიყვანე თბილისში, მერე რკინიგზაში დავაწყებინე მუშაობა - ჯერ ცეხში მუშაობდა, მერე თანაშემწის პოზიციაზე. ნატოს მალე ბინა უნდა ეყიდა შვილისთვის და კუბოს ყიდვა მოუწია, დავიღუპეთ...
ვიცით, რა მდგომარეობაა ქვეყანაში და ძალიან მეშინოდა, დათო ცუდ წრეში არ მოხვედრილიყო, გზას არ ასცდენოდა, ამიტომ გვერდიდან არ ვიშორებდი. ერთ დღეს მეუბნება, პროგრამისტობა მინდა, წერეთელზეა ოფისი და მეორე ადგილზე უნდა დავიწყო მუშაობაო. ვუთხარი, რა ძალა გადგას, მუშაობ, 1500 ლარს იღებ, თუ რამე დაგჭირდა, დედა არ მოგაკლებს, აქ არაფრის ფულს შენ არ იხდი და არ გინდა-მეთქი. არაო, დაიჟინა. დათო და მარიამი (ჩემი შვილი), ფაქტობრივად, ერთად არიან გაზრდილები. გუშინ ტირილით მიყვებოდა, მე და ჩემმა სადაქალომ იმდენი ვიწვალეთ, ვერაფერი მოვუხერხეთ დათოსო. მარიამს ყველაფერი სცოდნია, ნეტა ჩემთვისაც ეთქვათ...
6-8 თვის წინ დათო წავიდა პროგრამისტის კურსებზე და მას მერე აურია და აურია. მერე დედისთვის მიუწერია, ბაბუსთან ვეღარ ვჩერდები, ვიწროდ ვართ და დეიდასთან (კერძო სახლში) გადავალ აფრიკის დასახლებაშიო. დედამისს ვუთხარი, 5-6 წელი არ იყო სივიწროვე და ახლა შევიწროვდა ოთახები, ეგ თავისუფლებას ეძებს-მეთქი და თუ დაგირეკა, უთხარი, ბაბუას დაუჯერე-თქო. მოვედი და წასული დამხვდა სახლიდან...
როცა დათო დაიღუპა, იმ ღამით ნარკოტიკით კიდევ 5 ბიჭი დაღუპულა თბილისში, პროზექტურაში 6 ადამიანი ვიდექით რიგში. მერე კახა კახიშვილი და კახა კუკავა (დათოს ნათლიაა) მოვიდნენ... პოლიციელებმა გვითხრა, ვიღუპებით, სტატისტიკა გამოითხოვეთ, ბავშვი აღარ დარჩა, ყოველ ღამით სულ მცირე 4 ახალგაზრდა კვდება, გუშინწინ 15 მოკვდა კახეთშიო. ახლა თუ რამეზე ხმა ამოიღე, გაკივიან, "ნაცი" ხარ, "ქოცი" ხარ, ამის ძახილს გადააყოლეს ქვეყანა, არადა, მომავალი გვეღუპება, მინდა, პატრიარქიც ჩავაყენო საქმის კურსში... გამოვიდეს ყველა, ხმა ამოიღონ, იღუპება გენოფონდი, ახალგაზრდობა.
ექსპერტიზის პასუხს ველოდებით... როგორც გავარკვიე, დათოს ანგარიშიდან გადარიცხულია 80 ათას ლარზე მეტი. ფულს სადღაც რიცხავ თურმე და გიგზავნიან ამ საწამლავს, ეტყობა იწერენ. ნარკობარიგები სპეციალურად ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს და შემოსავალი აქვს, ვისი დედაც ემიგრაციაშია, ასეთ ობიექტებს ირჩევენ და ითრევენ ამ ჭაობში.
დათომ "მეფედრონი“ თუ რაღაც რომ შეიყნოსა, ცუდად გამხდარა, "ბირჟაზე“ გასულა და ბიჭებს უთქვამს, სასწრაფოში დავრეკოთო. ამას უთქვამს, სასწრაფოს პოლიცია მოჰყვება და დამიჭერენო, სახლში წასულა, დაწოლილა... გული გაუსკდა. რომ არ დაწოლილიყო იქნებ რაღაც შველებოდა. ზოგმა მითხრა, მეტროსთან ვიღაცას ელოდაო. ეტყობა იქ მისცეს ნარკოტიკი. დეტალები ზუსტად ჯერ არ ვიცი...
გამომძიებელმა შავ ცელოფანში გახვეული ნივთიერება მიჩვენა, მისთვის ხელი არ მომიკიდია და კარგად არ მინახავს, მაგის თავი არ მქონდა, ბავშვს დავემხე და ვღრიალებდი.
დათუჩა ყოვლად უბოროტო, უეშმაკო იყო. ესენიც ხომ ასეთებს არჩევენ, თორემ ვისაც ძლიერი ნებისყოფა აქვს, ისინი საწამლავს არ ეკარებიან. როგორც ჩემს ახალგაზრდობაში იცოდნენ ამ გახრწნილმა ნარკომანებმა, ფულიან კაცს რომ შესვამდნენ ნარკოტიკზე, ასეა ახლაც, მაგრამ ახლა ღიად ხდება და პოლიციაც საქმის კურსშია. მე ჩამსვან კომისიაში, მომცენ უფლება და დღეში მინიმუმ 100 ბარიგას გამოვავლენ, საქართველოში ცხოვრების უფლება არ უნდა მისცენ ამ ადამიანის მკვლელებს.
ვინც არ მიმიღებს და თუ რეაგირება არ ექნებათ, მერე საზოგადოების გვერდში დგომა დამჭირდება, ვფიქრობ, ბევრი შემომიერთდება. როცა მდინარაძე გვეუბნება, ჩვენ ომი არ გვინდა, მშვიდობა გვინდაო, განა ეს ომი არაა? გამცეს პასუხი ამაზე. რა ხდება ამ ქვეყანაზე, ვერაფერი გავიგე. ერთი შვილი შშმ პირი მყავს და მასზე ვარ სულ გადართული, არ ვიყავი კარგად ჩახედული ამ საქმეში, ბავშვები კვდებიან, ხალხო. ერთმა პოლიციელმა ისიც მითხრა, მიშას დროს ხალხმა წამალი გადააგდოო (თქვენ მაინც იცით, მიშას მიმართ ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება), ამათ კიდევ, ეს ნარკომანები სხვადასხვა საქმისთვის სჭირდებათ და ხელს უწყობენ. უბედურება გვჭირს, უბედურება.
უნდა დავიწყო ბრძოლა, ვისაც უნდა ამყვეს, თუ არა და ყოველ დღე გავაკეთებ განცხადებას, მოვიკვლევ ყველაფერს, ჯერ სტატისტიკა მივიღო. თუ მართლა ასეა, როგორც პოლიციელმა თქვა (მინიმუმ 4 ახალგაზრდა კვდება დღე-ღამეში, დღეს 5-იაო), ეს არის საგანგაშო მდგომარეობა. ანდრია პირველწოდებულის ხსენების ღამით 5 ცელოფნით გამოვასვენეთ 19-20-21 და 22 წლის ბავშვები მარტო თბილისში. რა ოჯახის სიწმინდე, ბავშვი აღარ დარჩა სოფელში, ან კვერცხის ფასი ვის აინტერესებს, ანგელოზივით ბავშვები გვეხოცება, ეს ომია, აბა, რა არის? დიდი ხნის სიცოცხლე მაინც არ დამრჩენია და ამ პრობლემას შევაკლავ თავს...
იხილეთ ასევე: