ავტორი:

როგორ აახალგაზრდავებს წიგნის კითხვა და ხატვა ჩვენს დნმ-ს - ბრიტანელი მეცნიერების მოულოდნელი აღმოჩენა

როგორ აახალგაზრდავებს წიგნის კითხვა და ხატვა ჩვენს დნმ-ს - ბრიტანელი მეცნიერების მოულოდნელი აღმოჩენა

ხშირად, როდესაც ხელში საინტერესო წიგნს ვიღებთ, მუზეუმში მივდივართ ან საღამოს კონცერტზე ვატარებთ, მხოლოდ დასვენებასა და სიამოვნებაზე ვფიქრობთ, თუმცა ბრიტანელი მეცნიერების უახლესი აღმოჩენა ამტკიცებს, რომ ასეთი კულტურული აქტივობები ჩვენს ორგანიზმზე გაცილებით ღრმა, მოლეკულურ კვალს ტოვებს და რეალურად აფერხებს დაბერების პროცესს.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) ეპიდემიოლოგების მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ კულტურული ცხოვრება და შემოქმედება ორგანიზმის ბიოლოგიურ დაბერებას ზუსტად ისევე ეფექტურად ანელებს, როგორც ყოველკვირეული სპორტული ვარჯიში.

  • ბიოლოგიური საათი: როგორ მართავს ხელოვნება უჯრედებს

პროფესორ დეიზი ფანკორტის ხელმძღვანელობით, მეცნიერებმა 3500-ზე მეტი ბრიტანელის სისხლის ანალიზი შეისწავლეს. ისინი აკვირდებოდნენ დნმ-ის მეთილირების პროცესს - ეს არის ორგანიზმის ერთგვარი "ქიმიური დღიური“, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად არის გაცვეთილი ჩვენი სხეული. სწორედ ამ მონაცემებით ითვლიან ადამიანის "ეპიგენეტიკურ“, ანუ რეალურ ბიოლოგიურ ასაკს, რომელიც შეიძლება საერთოდ არ ემთხვეოდეს პასპორტის მონაცემებს.

თანამედროვე ბიოლოგიური საათის მეშვეობით მკვლევრებმა საოცარი კანონზომიერება აღმოაჩინეს:

კვირაში ერთხელ მაინც კულტურული აქტივობა (კითხვა, ხატვა, თეატრი) - ბიოლოგიურ დაბერებას 4%-ით ანელებს.

თვეში ერთხელ აქტივობა - დაბერების ტემპს 3%-ით აქვეითებს. წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე მუზეუმში ან კონცერტზე წასვლა - დაბერებას 2%-ით აფერხებს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ სპორტ დარბაზში ყოველკვირეულმა ვარჯიშმა ზუსტად იგივე - 4%-იანი შედეგი აჩვენა. ანუ, წიგნის კითხვა ან გამოფენაზე სიარული უჯრედების დონეზე ისევე გვაახალგაზრდავებს, როგორც ფიტნესი.

კვლევამ კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გამოავლინა: მარტო სიხშირეს არა აქვს მნიშვნელობა, მთავარი მრავალფეროვნებაა. ადამიანები, რომლებიც აქტივობებს ცვლიდნენ, მაგალითად, ერთ თვეს ხატავდნენ, მეორე თვეს გამოფენაზე მიდიოდნენ, შემდეგ კი ისტორიულ ადგილებს ათვალიერებდნენ, გაცილებით ნელა ბერდებოდნენ.

მეცნიერები ამას იმით ახსნიან, რომ ყოველ აქტივობას თავისი "სამკურნალო ინგრედიენტი“ აქვს: ერთი ხელს უწყობს სტრესის მოხსნას, მეორე ტვინისთვის კოგნიტური გამოწვევაა, მესამე კი ემოციურ და სოციალურ სტიმულაციას გვაძლევს. ამ დადებითი ეფექტების კომპლექსი კი ორგანიზმისთვის საუკეთესო წამალია.

"ჩვენი კვლევა პირველი რეალური მტკიცებულებაა იმისა, რომ ხელოვნებასა და კულტურასთან მჭიდრო კავშირი პირდაპირ აისახება ბიოლოგიური დაბერების ტემპის შემცირებაზე“, - აღნიშნავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, დოქტორი ფეიფეი ბუ.

  • 40 წლის შემდეგ ეფექტი კიდევ უფრო ძლიერდება

როდესაც მეცნიერებმა 40 წელს გადაცილებული ადამიანების მონაცემები ცალკე შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ მათში ხელოვნების დადებითი გავლენა კიდევ უფრო თვალსაჩინოა. ეს სავსებით ლოგიკურია, რადგან სწორედ 40 წლის შემდეგ იწყებს ადამიანის ორგანიზმი დაბერების პირველ მკვეთრ ნახტომებს, კულტურული ცხოვრება კი ამ პროცესს ფარად უდგება.

აქამდე ხელოვნება მხოლოდ გუნება-განწყობის ასამაღლებლად ან მარტოობის დასაძლევად მიიჩნეოდა. თუმცა, ახალი მონაცემები ექიმებს აიძულებს, გადახედონ თავიანთ რეკომენდაციებს: ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად, მუზეუმში წასვლა ან საღამოს წიგნით ხელში გატარება ისეთივე აუცილებელი წესი უნდა გახდეს, როგორებიცაა სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა.