მდინარაძეს გადაეცით, ვნანობ, უფრო კარგად რომ არ შემოვარტყი და კობახიძე არ დავაყოლე ზედ, პარლამენტში სანამ ვიყავი, - ამის შესახებ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა პოლიტიკოსმა, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან შესაბამისი სიტყვები მაშინ თქვა, როცა ის ესკორტის სამსახურის თანამშრომლებს სხდომათა დარბაზიდან გაჰყავდათ.
"სინანული არ მაძინებს ისე ვნანობ, მაგრამ გამოვასწორებ აუცილებლად. ბატონო გიორგი[მოსამართლე], რამ შეგაშინათ ისე, რომ მეოთხე სხდომაა, სიტყვას არ მაძლევთ, მაგრამ ჩემს სიტყვას აუცილებლად ვიტყვი.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილი ბრალდებულია კიდევ ერთ საქმეზე - პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზე.ის პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. ამ საქმეზე ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.