პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით - იმედს ვიტოვებთ, რომ საპატრიარქოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება და გადაწყვეტილებები მაქსიმალურად უმოკლეს დროში იქნება მიღებული, - ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა, ზაქრო გვიშიანმა პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ის ასევე აღნიშნავს, რომ საპატრიარქოში ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა.
"ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა იყო. ვფიქრობ, შედეგიანი. პატრიარქს, მეუფეებს მივაწოდეთ ყველა ის ინფორმაცია, რასაც ჩვენ აქამდე ვაჟღერებდით, მთელი ამ ხნის განმავლობაში და განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში ამ უწყვეტი აქციების დროს. დაისახა გეგმები, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ძალიან ძნელია წინსწრებით რაიმეს გადაჭრით თქმა, მაგრამ ყველა მიმართულებით დაისახა გეგმები, რომ ისინი ჩართულები იქნებიან ამ პროცესში - კომუნიკაციის პროცესში, შესაძლოა, ფონდის შექმნის პროცესში. მათ მოისმინეს, გაიგეს ამ დაავადების შესახებ. გაიგეს ის, რომ ამ დაავადებასთან მიმართებაში არაერთი მედიკამენტია, რომელიც უსაფრთხოა და ინფორმაცია, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირად ვრცელდება ცალკეული პირების მხრიდან, წარმოადგენს არასწორ და არასრულყოფილ ინფორმაციას.
შესაბამისად, ეს შეხვედრა იყო აუცილებელი, რადგან საპატრიარქოს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, სწორი ინფორმაცია, როგორც მედიკამენტებთან მიმართებაში, ასევე დაავადებასთან დაკავშირებით. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება საპატრიარქოს მხრიდან და მაქსიმალურად უმოკლეს დროში იქნება მიღწეული ის გადაწყვეტილებები, რაზეც ჩვენ მთელი ამ მხნის განმავლობაში ვაკეთებთ აპელირებას და ვაცხადებთ, რომ შესაძლებელია უმოკლეს დროში ამ პრობლემის გადაწყვეტა - ვგულისხმობ, მედიკამენტის მიღებას. პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით. აბსოლუტურად ყველა საკითხზე ექნება კომუნიკაცია ყველა იმ თანამდებობის პირთან, ადამიანთან, მათ შორის ექიმებთან ამ საკითხის უფრო ეფექტურად მოგვარების მიზნით,“ - განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა, კახა წიქარიშვილმა პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საპატრიარქო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეპირდა, რომ მოახდენს პირდაპირ კომუნიკაციას ხელისუფლებასთან, რათა ეს “ჩატეხილი ხიდი”, რაც არის მშობლებსა და ხელისუფლებას შორის, აღდგეს.
“საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც წარმოდგენილი ვიქნებით მშობლები, სპეციალისტები და საპატრიარქოს წარმომადგენლები. ეს იქნება სამმხრივი შეხვედრა მშობლებს, საპატრიარქოს წარმომადგენლებსა და სპეციალისტებს შორის, სადაც შევჯერდებით შემდგომ ნაბიჯებზე, შემდეგ მოხდება ხელისუფლებასთან კომუნიკაცია. საპატრიარქო შეგვპირდა, რომ მოახდენს პირდაპირ კომუნიკაციას ხელისუფლებასთან, რათა ეს “ჩატეხილი ხიდი”, რაც არის მშობლებსა და ხელისუფლებას შორის, აღდგეს. პირდაპირი დიალოგი გვქონდეს ხელისუფლებასთან, არ მოგვიწიოს ცალმხრივ რეჟიმში განცხადებების გაკეთება. ასევე, გავაცანით პრობლემური შემთხვევები, სადაც დახმარება გვჭირდება. კერძოდ, არიან პაციენტები, რომლებიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან და ვერც სახელმწიფო და სამედიცინო სექტორი ვერ ეხმარება. რაც შეეხება კვლევების უფასო პროგრამას, რაც ამოქმედდა, დაგვირეკეს კლინიკებიდან, ეს ძალიან კარგია, მაგრამ დიდი პრობლემაა ის, რომ მოზარდები 18 წლის მიღწევის შემდეგ ვერ იღებენ მხარდაჭერას”, - განაცხადა მშობელმა.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პირველ ეტაპზე გაიმართება სამუშაო ფორმატის შეხვედრები სპეციალისტების მონაწილეობით.
მუშაობაში ჩაერთვებიან საქართველოს საპატრიარქო, საპატრიარქოს საუნივერსიტეტო კლინიკა, შესაბამისი სფეროს ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ეფექტიან კომუნიკაციასა და თანამშრომლობას.
„დღეს, 2026 წლის 19 მაისს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი ვეფხვია ოდიშარია და სხვ.
უწმინდესმა და უნეტარესმა მოისმინა მშობლების მიერ გაზიარებული ის პრობლემები, რომელთა წინაშეც დგანან დიუშენის დაავადების მქონე ბავშვები და მათი ოჯახები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საკითხი საქართველოში ნაკლებად არის შესწავლილი და საჭიროებს როგორც სამედიცინო, ისე სოციალურ და ინსტიტუციურ დონეზე მეტ ყურადღებასა და კოორდინირებულ მუშაობას.
ამ მიზნით გადაწყდა, რომ პირველ ეტაპზე გაიმართება სამუშაო ფორმატის შეხვედრები სპეციალისტების მონაწილეობით. მუშაობაში ჩაერთვებიან საქართველოს საპატრიარქო, საპატრიარქოს საუნივერსიტეტო კლინიკა, შესაბამისი სფეროს ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები. ასევე აღინიშნა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ეფექტიან კომუნიკაციასა და თანამშრომლობას.
მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლასა და იმ შესაძლო გზების მოძიებას, რომლებიც მომავალში ხელს შეუწყობს მათ მხარდაჭერასა და საჭიროებების უზრუნველყოფას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
წაიკითხეთ ასევე: