ირანის ხელისუფლებამ წყვილებისთვის, რომლებმაც აშშ - სა და ისრაელთან ომში მოხალისედ წასვლისა და სიცოცხლის გასაწირად მზადყოფნა გამოთქვეს, თეირანში მასობრივი საჯარო ქორწინებების ცერემონია გამართა.

ირანული მედიის ცნობით, ორშაბათს, გვიან საღამოს დედაქალაქის რამდენიმე მთავარ მოედანზე გამართულ საქორწინო ცერემონიებში ასობით წყვილმა მიიღო მონაწილეობა. კადრები სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა, რაც ირანის ხელისუფლების ჩანაფიქრით, მიზნად ომის პერიოდში მორალური სულისკვეთების ამაღლებას ისახავდა.

ირანული სახელმწიფო მედიის თანახმად, მასობრივი ქორწინების მონაწილეები ე.წ. თავგანწირვის“ პროგრამაში დარეგისტრირდნენ, რომლის ფარგლებშიც ადამიანები ვალდებულებას იღებენ ომის დროს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდონ, მაგალითად, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვების შექმნით.
ირანის ხელისუფლების განცხადებით, პროგრამაში მონაწილეობის სურვილი მილიონობით ადამიანმა გამოთქვა, მათ შორის ისეთი მაღალჩინოსნებიც არიან, როგორიც, მაგალითად, პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაღერ გალიბაფი და პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანია.
აღნიშნული ქმედებები რეჟიმის უფრო ფართო კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანსაც ეროვნული ერთიანობისა და მზადყოფნის დემონსტრირება წარმოადგენს. გასულ ორშაბათს თეირანის სხვადასხვა მოედანზე კარვებიც გაიშალა, სადაც სამხედროები მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების საბაზისო კურსებს უტარებდნენ.

სააგენტო AFP-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ წყვილები იმამ ჰოსეინის მოედანზე სამხედრო ჯიპებით მივიდნენ, რომლებზეც ტყვიამფრქვევები იყო დამონტაჟებული. სცენა კი სადაც ქორწინების ცერემონია ჩატარდა, საჰაერო ბუშტებითა და უზენაესი ლიდერის, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის გიგანტური პორტრეტით იყო მორთული. სააგენტო “მეჰრის“ ცნობით, მხოლოდ იმამ ჰოსეინის მოედანზე გამართულ ცერემონიაში 110-მა წყვილმა მიიღო მონაწილეობა.
ომის დაწყების დღიდან, ირანის ხელისუფლება თითქმის ყოველდღიურად მართავს მთავრობის მხარდასაჭერ მასშტაბურ შეკრებებს, რათა კონფლიქტის ფონზე მოსახლეობის საყოველთაო მობილიზაციას გაუსვას ხაზი.