ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრები ნათელა მაისურაძე ყოველ ღამით იმის შიშით იძინებს, რომ მარტო მცხოვრებ ქალს თავს ვინმე არ დაესხას და არ დააყაჩაღოს. მასზე თავდასხმა ერთხელ უკვე სცადეს, მაშინ არ დაბნეულა, მის სახლში დასაყაჩაღებლად შესულ დამნაშავეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგ დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ნათელა მაისურაძემ მომხდარი მაშინვე აცნობა პოლიციას და დამნაშავის დასჯა მოითხოვა, თუმცა ამ დრომდე - უშედეგოდ. ამბობს, რომ პოლიცია არაფერს აკეთებს ყაჩაღობის მცდელობის ფაქტის გამოსაძიებლად. უკვე ორი წელია, საწოლში თოფით შეიარაღებული წევს, რადგან დაყაჩაღების ისევ ეშინია და ფიქრობს, რომ მოძალადეებისგან თავი თავად უნდა დაიცვას.
- ღამით, თოფი მიდევს საწოლში და ასე მძინავს, რადგან ძალიან მეშინია. დამნაშავე ჩვეულებრივ გადაადგილდება ქუჩაში. ორი წელია, ვითხოვ საქმის გამოძიებას. დავრეკე თბილისშიც, თელავშიც, ვიყავი საოლქო პროკურატურაშიც, მაგრამ არავინ დასჯილა. ასე მგონია, ხელს აფარებენ დამნაშავეს. ძალიან მძიმე სტრესი მივიღე, ფიზიკური დაზიანებაც მქონდა, მაგრამ ვერ მივაღწიე, რომ დამნაშავემ აგოს პასუხი.
- გვიამბეთ, რა მოხდა?
- 2023 წლის 17 სექტემბერი იყო. მარტო ვცხოვრობ და სახლის კარებს ვკეტავ ხოლმე. იმ ღამით დასაძინებლად დავწექი და უკანა კარიდან ჯაჯგურის ხმა გავიგე. ვიცოდი, კარი დაკეტილი მქონდა, არ შემშინებია, დავიყვირე, არ გაბედო შემოსვლა-მეთქი. ამ დროს, უცბად, ვიღაც დამახტა თავზე, ყელზე ძალიან ძლიერად მომიჭირა და მახრჩობდა. სიმწრით მოვახერხე და ყელში რომ მიჭერდა, თითზე ისე ძლიერად ვუკბინე, წამოხტა და გავარდა გარეთ. როგორც კი გავთავისუფლდი, ყვირილი დავიწყე, შველას ვითხოვდი. ღამის 2 საათზე ხდებოდა ეს ყველაფერი...
ჩემს ქმართან 25 წელი ვიცხოვრე ბედნიერად. შვილებმა უმაღლესი განათლება მიიღეს. მეუღლე დამეღუპა, 40 წლის ასაკში დავქვრივდი, მას შემდეგ ჩემს თავზე წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, დანარჩენი ყველაფერი გამოვლილი მაქვს. მერე იყო ემიგრაციის წლები, ჩამოვედი ემიგრაციიდან, სოფელში სახლი მოვაწყვე, ჩემი შვილები ქალაქში ცხოვრობენ, მარტო ვცხოვრობ ჩემთვის. მინდოდა, მშვიდად მეცხოვრა. თხილის ბაღი და ვენახი გავაშენე. მთას მოვგლიჯავდი, ფიზიკურად ისეთი ძლიერი ვიყავი, მაგრამ ამ ამბის მერე, სულ სხვანაირი გავხდი. დაღამების მეშინია. ახლა თოფთან ჩახუტებული ვწევარ. ეს გამომძიებელმაც კარგად იცის, ვაჩვენე კიდეც, რომ მოვიდა დასათვალიერებლად. იარაღი სულ მქონდა სახლში, ახალგაზრდა დავქვრივდი და შევიწროებას ადრეც ვგრძნობდი ხოლმე, ამიტომ თავის დასაცავად მამაჩემის ნაქონი იარაღი სახლში მაქვს. მხოლოდ ერთხელ გავისროლე, თავდაცვის მიზნით, იმ დღეს, როცა თავს დამესხნენ.
- და თავდამსხმელი გაიქცა?
- რომ ვყვიროდი, მეუბნებოდა ნუ ყვირიხარო და გავარდა გარეთ. როგორც გითხარით, მოვახერხე და თითზე ვუკბინე ისე მწარედ, რომ გადახტა და გავარდა გარეთ. გასვლის დროს დავინახე რომ ჩემს მობილურ ტელეფონს გლეჯდა, რომელიც დასატენად მქონდა შეერთებული. არ შემშინებია, გავიქეცი გარეთ, ყველგან შუქები ავანთე, თან ვყვიროდი, შველას ვითხოვდი, მერე ისევ შემოვბრუნდი ოთახში, ავიღე ჩემი იარაღი და გავისროლე ჰაერში.