ტანსაცმლის მაღაზიების ბრენდ "Mango"-ს აწ გარდაცვლილი დამფუძნებლის, ისაკ ანდიკის შვილი სამშაბათს ესპანეთში, კატალონიის პოლიციამ დააკავა. მისი დაპატიმრება მოდის მაგნატის ბურუსით მოცულ სიკვდილს უკავშირდება, რომელიც 2024 წელს მამა-შვილის მთაში სეირნობის დროს მოხდა.

როგორც ესპანური მედია წერს ის ბარსელონაში, საკუთარ სახლში დააკავეს.
მილიარდერის შვილი, 45 წლის ჯონათან ანდიკი, რომელმაც მამის გარდაცვალების შემდეგ, მოდის გლობალური იმპერია თავის დებთან ერთად ჩაიბარა, დაკითხვაზე გადაიყვანეს. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, გამოძიება შესაძლო მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ოჯახის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ უმცროსი ანდიკი გამომძიებლების კითხვებს უპასუხა თუმცა სხვა დეტალების გაჟღერებისგან თავი შეიკავა.

71 წლის ესპანელი მილიარდერი 2024 წლის დეკემბერში, ბარსელონას მახლობლად, ე.წ მონსერატის გამოქვაბულების მიმდებარე ტერიტორიაზე 100 მეტრზე მეტი სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა. ინციდენტის დროს იგი შვილთან ერთად ლაშქრობაში იმყოფებოდა.

ხელისუფლებამ მოდის მაგნატის სიკვდილი თავდაპირველად უბედურ შემთხვევად შეაფასა. თუმცა ტრაგედიიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანდიკის შვილზე, როგორც ეჭვმიტანილზე, ოფიციალური გამოძიება დაიწყო. ამის მიზეზი ის წინააღმდეგობრივი ჩვენებები გახდა, რაც მან ტრაგედიის დროს პოლიციას მისცა.
ჯონათანმა, რომელიც მომხდარის ერთადერთი მოწმე იყო, სამართალდამცველებს უთხრა, რომ “ლეს ფეიშადესის“ (Les Feixades) ვიწრო ბილიკზე მამაზე ოდნავ წინ მიდიოდა, როდესაც ქვების ცვენის ხმა გაიგო, უკან მიიხედა და დაინახა, თუ როგორ ვარდებოდა მამამისი ბილიკის კიდიდან. აღსანიშნავია, რომ ეს მარშრუტი ესპანეთში საოჯახო სეირნობის გასამართად დიდი პოპულარობით სარგებლობს და ხელისუფლების შეფასებით, “განსაკუთრებით საშიშ კატეგორიას არ მიეკუთვნება“.
როგორც პოლიციის წყაროებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, შვილის ვერსია, შესაძლოა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მტკიცებულებებს არ ემთხვეოდეს.

ისაკ ანდიკმა ბრენდი "Mango" 1984 წელს დააარსა. გარდაცვალების მომენტში მისი ქონება დაახლოებით 4.5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, რითაც იგი ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანადა ითვლებოდა. უფროსი ანდიკის სიკვდილის შემდეგ ბიზნესი მისმა შვილებმა გადაიბარეს.