ჩინეთის დედაქალაქ პეკინში რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა გაიმართა.
მედიის ინფორმაციით, ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობების სრული სპექტრი, ასევე რეგიონული და საერთაშორისო საკითხები განიხილეს. პუტინი ჩინეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
რუსეთის მხრიდან დელეგაციის შემადგენლობაში არიან : საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე დენის მანტუროვი, ვიცე-პრემიერები ტატიანა გოლიკოვა, ალექსანდრე ნოვაკი, იური ტრუტნევი, დიმიტრი ჩერნიშენკო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მაქსიმ ორეშკინი, პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, ჩინეთში რუსეთის ელჩი იგორ მორგულოვი და სხვა პირები.
მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს და კონფლიქტის განახლება მიუღებელია.
"საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის დაყოვნება არ შეიძლება. კონფლიქტის განახლება კიდევ უფრო მიუღებელია და მოლაპარაკებებისადმი ერთგულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სი ძინპინმა.

"საომარი მოქმედებების სწრაფი შეწყვეტა ხელს შეუწყობს ენერგომომარაგების სტაბილურობის, წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვების შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და საერთაშორისო ვაჭრობის დაბრკოლებების შემცირებას“, - აღნიშნა სი ძინპინმა.
მედიის ინფორმაციით, განცხადება შეეხება რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების შემდგომი გაძლიერების, ასევე კეთილმეზობლური, მეგობრული და თანამშრომლობის ურთიერთობების გაღრმავებას.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადებით, ეს არის მასშტაბური პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც 47 გვერდისგან შედგება. ერთობლივი განცხადება ასახავს რუსეთსა და ჩინეთს შორის მრავალმხრივი კავშირების მთელი კომპლექსის განვითარების ძირითად გზებს, საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების საერთო ხედვას და განსაზღვრავს მოსკოვისა და პეკინის ურთიერთობების ძირითად ფორმატებს გლობალურ საკითხებში.
პუტინმა სის "ძვირფასი მეგობარი" უწოდა" და თქვა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ელოდა ამ შეხვედრას.
სი ძინპინის თქმით კი, მსოფლიოში "ცალმხრივი ჰეგემონია" მძვინვარებს, ხოლო "პეკინმა და მოსკოვმა სამართლიანი და თანასწორი გლობალური მმართველობის სისტემა უნდა შექმნან".
რუსეთში ცდილობენ, ისე წარმოაჩენინონ, რომ რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობები უფრო განსაკუთრებულია, ვიდრე ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების.
რუსული მედია ხაზს უსვამს, რომ პუტინამდე ჩინეთში ტრამპის ვიზიტი წარუმატებელი იყო.

"კონკრეტული მიღწევების თვალსაზრისით, ეს იყო წარუმატებლობა... მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები საპირისპიროს ამტკიცებენ“, - წერს ყოველდღიური გაზეთი "იზვესტია“.
"ვლადიმერ პუტინის თანმხლებმა რუსმა დიპლომატებმა ამერიკელებისგან განსხვავებით იციან ჩინური ეტიკეტის ნიუანსები. ტრამპს არ ესმის ჩინური კულტურა და არც სურს მისი გაგება“, - ვარაუდობს გაზეთი "კომსომოლსკაია პრავდა“.
"პეკინმა რუსეთის ლიდერი მიიღო, როგორც მოკავშირე და საიმედო პარტნიორი, ხოლო ამერიკის ლიდერი, როგორც მეტოქე, რომლისგანაც არ იცი, რას უნდა ელოდე", - წერს რუსული გაზეთი "არგუმენტი".