ბრიტანული გაზეთის, ფაინენშელ ტაიმსის“ (Financial Times) 20 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით: "ვლადიმერ პუტინის შენობაში ბზარები გაჩნდა“, რომელშიც, ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტის ფონზე, რუსეთის რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა განხილული: წარმოების ზრდა ნელდება, პრობლემები მრავლდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის არმია ბრძოლისუნარიანობას კარგავს. კრემლს რეზერვები აქვს. ამასთან, პუბლიკაციაში გამოხატულია ოპტიმიზმი, რომ უკრაინა, ევროპელი მოკავშირეების დახმარებით, სიტუაციას გაიუმჯობესებს და ომში გარდატეხას მიაღწევს.გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა, თავმჯდომარე სი ძინპინთან შესახვედრად, რომელთანაც რუს ლიდერს, დონალდ ტრამპისაგან განსხვავებით, ბევრად უფრო ახლო ურთიერთობა აკავშირებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი ჩინეთის თუნდაც უმცროს პარტნიორად დარჩება, ეს ვიზიტი რუსეთის ხელმძღვანელისთვის მნიშვნელოვანია. ვიზიტი დემონსტრირებს ვლადიმერ პუტინის გავლენას და მნიშვნელობას: იგი დგას ძლიერი ადამიანის გვერდით, რომელიც, თავის მხრივ, მას ანგარიშს უწევს. ბუნებრივია, ვლადიმერ პუტინი პეკინში ყოფნით და სი ძინპინთან შეხვედრებით შეეცდება, მსოფლიო საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს იმ ბზარებიდან, რომლებიც უკრაინასთან ომის გამო მისი ხელისუფლების შენობაშია გაჩენილი.
აშშ-ისრაელის ირანზე თავდასხმამ რუსეთს ამოსუნთქვის ერთგვარი დროებითი შესაძლებლობა მისცა: გარდა იმისა, რომ მოსკოვისათვის ნავთობით მიღებული შემოსავლები გაიზარდა, აშშ-მა უკრაინას იარაღის მიწოდებაც შეუმცირა. მაგრამ ბოლო კვირებში რუსეთს სისუსტის ნიშნები გამოუვლინდა: რეპორტაჟებში რუსი ლიდერი წარმოჩენილია იზოლირებულ ადამიანად, რომელზეც უკრაინის ომი სულ უფრო მეტ ნეგატიურ გავლენას ახდენს. რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვის ზომები, მასზე თავდასხმის დიდი შიშით, ძალიან გამკაცრებულია. იმასაც ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინი სულ უფრო მეტ დროს ატარებს მიწისქვეშა ბუნკერებში, ასევე, შემცირებულია მისი შეხვედრები და გამოსვლების რაოდენობა.
ბოლო დროს კრემლის ბინადარი რამდენჯერმე გამოჩნდა საზოგადოების წინაშე, რაც შეიძლება იმის მცდელობა იყოს, რომ სიტუაცია ნორმალურია და მას არაფრის შიში არ აქვს. და მაინც, მოსკოვის შეშფოთება უკრაინული დრონების კრემლზე სავარაუდო შეტევის მიმართ ცხადი გახდა გამარჯვების დღესასწაულის დღეებში, როცა მიღებული იქნა გადაწყვეტილება, სამხედრო აღლუმზე ტექნიკა არ გამოეყვანათ. თვითონ მოსკოვის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვაც უპრეცედენტოდ იქნა გაძლიერებული.
კრემლის შიში კიევის მზარდი უნარის მიმართ, რომ მოწინააღმდეგეს შეუძლია მეტი დამანგრეველი დარტყმები მიაყენოს რუსეთის ზურგში მდებარე ენერგეტიკულ და სამხედრო ობიექტებს, სრულიად საფუძვლიანია. უკრაინა ბომბავს და ანადგურებს ფრონტის ხაზიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით არსებულ ფაბრიკა-ქარხნებს, რაც ადრე, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო და რუსული გენერალიტეტისათვის ერთობ მტკივნეული მომენტია. თავის მხრივ, გენშტაბი პრეზიდენტს არწმუნებს, რომ რუსეთის არმიას დონბასის დაკავება მიმდინარე წლის შემოდგომამდე შეუძლია - მიუხედავად იმისა, რომ რუსული ჯარი უდიდეს დანაკარგს განიცდის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსები ყოველთვიურად, მოკლულების სახით, 15-20 ათას ჯარისკაცს კარგავენ. გააგრძელეთ კითხვა