ავტორი:

რატომ იძირება ქალაქები - "მძიმე მეგაპოლისებს" გაქრობა ემუქრებათ: ახალი კვლევის საგანგაშო შედეგები

რატომ იძირება ქალაქები - "მძიმე მეგაპოლისებს" გაქრობა ემუქრებათ: ახალი კვლევის საგანგაშო შედეგები

ზღვის დონის მატება უკვე უქმნის წყალდიდობის საფრთხეს მილიონობით ადამიანს, თუმცა ახალი კვლევები გვაფრთხილებს, რომ გრუნტის დაწევის პროცესები ამ რისკებს კიდევ უფრო ზრდის. მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ექსპერტების განცხადებით, ქალაქები რომლებსაც ჩაძირვა ემუქრებათ საგანგაშო ტემპით უახლოვდებიან ზღვის დონეს.

  • კვლევამ აჩვენა, რომ ნიადაგის დაწევა სანაპირო ზოლის ზოგიერთ რაიონში ზღვის დონის მატების ტემპს ორჯერ და უფრო მეტადაც კი აჩქარებს. მეცნიერების თქმით ვითარებას ისიც აუარესებს რომ, ეს პროცესი ყველაზე მეტად სწორედ უდიდეს და მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებს აზარალებს.

ზღვის დონის მატებისა და ხმელეთის დაწევის გამო, სანაპირო ზოლის ძლიერ ურბანიზებულ რეგიონებში ზღვის ფარდობითი დონე წელიწადში საშუალოდ 6 მილიმეტრით იზრდება. ეს მონაცემი სამჯერ აღემატება ზღვის ფარდობითი დონის მატების გლობალურ მაჩვენებელს, რომელიც წელიწადში 2.1 მილიმეტრს შეადგენს.

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის წამყვანი მკვლევარი, დოქტორი იულიუს ოლსმანი ამბობს, რომ ამ მოვლენას “კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზღვის დონის მატების ეფექტის მნიშვნელოვნად გაძლიერება შეუძლია“.

რატომ იძირებიან ქალაქები?

კლიმატის დათბობასთან ერთად, მყინვარების დნობა და თბილი წყლის რაოდენობის ზრდა მსოფლიო ოკეანის დონეს თანდათან მაღლა წევს. თუმცა, დოქტორი ოლსმანი და მისი თანაავტორები გვაფრთხილებენ, რომ მხოლოდ ზღვის ზედაპირზე დაკვირვება პრობლემის სრულ სურათს არ იძლევა.

“თუ გვსურს, სანაპირო ზოლზე ზღვის დონის მატების პროცესი გავიგოთ და მას ეფექტურად ვუპასუხოთ, მხოლოდ ოკეანეს კი არა, თავად ხმელეთსაც უნდა დავაკვირდეთ“ - აცხადებს დოქტორი ოლსმანი.

ნიადაგის დაწევის მთავარი გამომწვევი მიზეზებად გრუნტის წყლებისა და ნავთობის ჭარბი მოპოვება მიიჩნევა, ეს იმ ბუნებრივ მიწისქვეშა რეზერვუარებს აცარიელებს, რომლებიც მანამდე ზედაპირის სტაბილურობას უზრუნველყოფდა.

გარდა ამისა ქალაქების ჩაძირვას მათი “კოლოსალური წონაც“ იწვევს. ქალაქების ზრდასთან და ცათამბჯენების მშენებლობასთან ერთად, მძიმე შენობები მათ ქვეშ არსებულ ნიადაგს ტკეპნის, რაც მიმდებარე ტერიტორიებთან შედარებით ქალაქის ნელ დაწევას იწვევს.

ყველაზე კრიტიკული წერტილები

კლიმატური ცვლილებისა და ნიადაგის დაწევის ერთდროული ფაქტორების გამო, ურბანულ ზონებში წყლის დონე გაცილებით სწრაფად იწევს, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში.

ქვეყნებს შორის, სადაც ზღვის ფარდობითი დონე ყველაზე სწრაფად იზრდება ტაილანდი, ბანგლადეში, ნიგერია, ეგვიპტე, ჩინეთი და ინდონეზია ლიდერობენ, აქ ოკეანის დონე ყოველწლიურად 7-დან 10 მილიმეტრამდე იმატებს. მათ აშშ, ნიდერლანდები და იტალია მოჰყვება, სადაც ზღვის ფარდობითი დონე წელიწადში დაახლოებით 4-5 მილიმეტრით იზრდება.

ქალაქების მასშტაბებიდან გამომდინარე, ბევრ ქვეყანაში ნიადაგის დაწევის უკიდურესად აქტიური “ცხელი წერტილები“ გამოიკვეთა.

ჯაკარტა (ინდონეზია): მსოფლიოს ეს მჭიდროდ დასახლებული მეგაპოლისი და მისი 42 მილიონი მცხოვრები განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგანან, ქალაქი ოკეანისკენ წელიწადში 13.7 მილიმეტრის სიჩქარით მიექანება.

ტიანძინი (ჩინეთი): 13.8 მილიონიანი ქალაქი წელიწადში 13.5 მილიმეტრით იძირება.

ბანგკოკი, ლაგოსი და ალექსანდრია: აქაც საშუალოზე ბევრად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება, 8.5, 6.7 და 4 მილიმეტრი წელიწადში შესაბამისად.

გრუნტის დაწევის პროცესი თვით ქალაქების შიგნითაც კი არ მიმდინარობს თანაბარად, მაგალითად, ჯაკარტაში ზოგიერთი უბანი კატასტროფული ტემპით, წელიწადში 42 მილიმეტრით იძირება, მაშინ როდესაც სხვა ნაწილებში მიწის დონე, პირიქით, მაღლა იწევს.

მზარდი რისკები და სკანდინავიური პარადოქსი

უკვე ცნობილი ფაქტია , რომ მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში მილიონობით ადამიანს ძლიერი წყალდიდობის საფრთხე ემუქრება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სახლები მთლიანად არ მოექცევა წყალქვეშ, ზღვის ფარდობითი დონის ყოველი მილიმეტრით მომატება ზრდის იმის რისკს, რომ შტორმები და ექსტრემალური ამინდი კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა ჯაკარტასთვის, რომლის 40% უკვე ფაქტობრივად ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს. კვლევების მიხედვით, თუ აღნიშნული ტემპი შენარჩუნდა , 2050 წლისთვის ქალაქის თითქმის ნახევარი შესაძლოა დაიტბოროს და საცხოვრებლად უვარგისი გახდეს.

ამ მჭიდროდ დასახლებულ ურბანული რეგიონებში მიმდინარე მოვლენები მკვეთრ კონტრასტშია სკანდინავიასთან, სადაც ბუნებრივი გეოლოგიური პროცესები პირიქით ხმელეთს ზღვიდან ზემოთ სწევს. ბოლო გამყინვარების პერიოდში, ეს ჩრდილოეთ განედები ყინულის უზარმაზარი მასების სიმძიმის ქვეშ იყო მოქცეული, რაც ხმელეთს ოკეანეში ძირავდა (ისევე, როგორც დღეს სანაპირო მეგაპოლისების შემთხვევაში ხდება ) მყინვარების უკან დახევასთან ერთად ეს სიმძიმე გაქრა და ხმელეთის მასებმა სტაბილური პოზიციის აღსადგენად “უკუქმედება დაიწყეს“. ეს ნიშნავს, რომ ზღვის აბსოლუტური დონის მატების მიუხედავად, ფინეთსა და შვედეთში ზღვის ფარდობითი დონე ყოველწლიურად პირიქით იკლებს.

სამწუხაროდ, მსოფლიოს დანარჩენი ნაწილისთვის, არ არსებობს გეოლოგიური პროცესები, რომლებიც ქალაქებს ზღვის დონიდან “მაღლა აწევაში“ დაეხმარება.

თუმცა, როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ქალაქის სათანადო დაგეგმარებას ჩაძირვის ტემპი შეუძლია მკვეთრად შეანელოს.

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის თანაავტორი, პროფესორი ფლორიან ზეიცი ამბობს რომ „ბევრ დიდ სანაპირო ქალაქში გრუნტიდან მიწისქვეშა წყლების ამოღება ნიადაგის დაწევის მთავარ მაპროვოცირებელ ფაქტორს წარმოადგენს, შესაბამისად წყლების განაწილების და გამოყენების გონივრულ პოლიტიკას ამ პროცესებში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა შეუძლია

მაგალითად, იაპონიის ქალაქ ტოკიოში ჩაძირვის მაჩვენებელი გარკვეულ პერიოდში წელიწადში 10 სმ-ს აღემატებოდა, ხოლო ყველაზე სახიფათო რაიონებში წელიწადში 24 სმ-საც კი აღწევდა, თუმცა მთავრობის ჩარევისა და ახალი წყლის წყაროების მოძიების შედეგად, ეს მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა.

წყარო