მეცნიერების თქმით, ფუკუშიმას ბირთვული კატასტროფის ზონის მახლობლად მობინადრე რადიოაქტიური, მუტანტი ღორების პოპულაცია კონტროლიდან გამოვიდა და არაორდინალური თვისებები შეიძინა.

“სუპერ-ღორებმა“ უცნაური თვისებების გამოვლენა იაპონიაში, “ფუკუშიმა-დაიჩის“ ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს მდებარე მიტოვებულ ქალაქებში დაიწყეს.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის კატასტროფა მძლავრმა, 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ და მას შემდეგ წარმოქმნილმა ცუნამმა გამოიწვია, რის გამოც რადიაციისგან თავის დაღწევის მიზნით საცხოვრებელი სახლის დატოვება დაახლოებით 164 000 ადამიანს მოუწია. ამ ქაოსის დროს, ადგილობრივებმა შინაური ღორები მიატოვეს, რომლებმაც შემდეგ ველურ ტახებთან დაიწყეს შეჯვარება.


ფუკუშიმასა და ჰიროსიმას უნივერსიტეტების მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ჰიბრიდულმა შთამომავლობამ დედისგან (შინაური ღორისგან) რეპროდუქციის სწრაფი ციკლი მემკვიდრეობით მიიღო. სწორედ ამან მისცა პოპულაციას საშუალება, კატასტროფული სისწრაფით გამრავლებულიყო, რაც ჩვეულებრივი გარეული ტახებისთვის დამახასიათებელი არ არის.
გარეული ტახები, როგორც წესი, წელიწადში ერთხელ მრავლდებიან, ხოლო შინაურ ღორებს გამრავლების უწყვეტი, მთელ წელზე გადანაწილებული ციკლი აქვთ. ეს მუტანტური სახეობის თაობათა ცვლის პროცესს საგრძნობლად აჩქარებს.

ველური ღორები დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე მავნე ინვაზიურ სახეობად ითვლებიან. ისინი ანადგურებენ ნათესებს, საფრთხეს უქმნიან შინაურ პირუტყვს და აზიანებენ ფაქიზ ეკოსისტემებს. ფუკუშიმას მიტოვებულ ტერიტორიებზე, ადამიანის ჩარევის გარეშე, ტახების პოპულაცია ელვისებურად გაიზარდა. მკვლევრების თქმით, ამ ფაქტმა და ახალი ჰიბრიდული სახეობის სწრაფმა გამრავლებამ აქამდე უნახავი გენეტიკური ტრანსფორმაცია გამოიწვია.
ასობით გარეული ღორი, რომლებიც გაღიზიანების შემთხვევაში ადამიანებს ესხმიან თავს, მიმდებარე ბორცვებიდან და ტყეებიდან დაცარიელებულ ქალაქებში ჩამოვიდა და ფუკუშიმას საევაკუაციო ზონის რამდენიმე ქალაქი დაიკავა, რის გამოც ხელისუფლება იძულებული გახდა მონადირეთა სპეციალური ჯგუფების მობილიზება მოეხდინა.