ავსტრალიელმა პოპ-ვარსკვლავმა კაილი მინოუგმა პირველად გაამხილა, რომ 2021 წელს ცხოვრებაში უკვე მეორედ, სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ მომღერალმა Netflix-ის ახალ დოკუმენტურ ფილმში ისაუბრა.
"მეორედ სიმსივნის დიაგნოზი 2021 წლის დასაწყისში დაისვა. პირველი შემთხვევისგან განსხვავებით, ამჯერად ამის საიდუმლოდ შენახვა შევძელი. მადლობა ღმერთს, ეს კიდევ ერთხელ გადავლახე და ახლა ყველაფერი რიგზეა", - ამბობს მინოუგი დოკუმენტურ ფილმში.

მისი თქმით, იმ პერიოდში შინაგანად განადგურებული იყო და სახლიდან გამოსვლაც კი არ უნდოდა. მიუხედავად იმისა, რომ მედიასთან დუმდა, კაილიმ მინიშნება თავის 2023 წლის ალბომში Tension დატოვა. სიმღერაში "Story“ არის ფრაზა: "მქონდა საიდუმლო, რომელსაც ჩემთვის ვინახავდი... გადაფურცლე გვერდი, ძვირფასო, გადი სცენაზე“.
მინოუგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიმსივნე გეგმური შემოწმების დროს აღმოაჩინეს და ამ ისტორიას ახლა მხოლოდ იმიტომ ჰყვება, რომ სხვებსაც შეახსენოს პროფილაქტიკური შემოწმების აუცილებლობა: "ადრეულმა დიაგნოსტიკამ გადამარჩინა“, - ამბობს მომღერალი.
როდესაც მას 2005 წელს, 36 წლის ასაკში, პირველად დაუსვეს მკერდის კიბოს დიაგნოზი, მომღერალმა ტურნე გააუქმა და გლასტონბერის ფესტივალზე გამოსვლაზეც უარი თქვა. მაშინ მისმა ღიაობამ უამრავ ქალს მოუწოდა შემოწმებისკენ, რასაც ავსტრალიაში "კაილის ეფექტიც“ კი უწოდეს.
დოკუმენტურ ფილმში ვარსკვლავი ასევე ჰყვება, რომ მაშინ ქიმიოთერაპიის დაწყება რამდენჯერმე გადადო, რათა IVF (ინ ვიტრო განაყოფიერება) პროცედურები ჩაეტარებინა და შვილის გაჩენის შანსი ჰქონოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
ახალი დოკუმენტური სერიალი
Netflix-ის სამნაწილიანი დოკუმენტური პროექტი, რომლის რეჟისორიც მაიკლ ჰარტია (დევიდ ბექჰემის ფილმის ავტორი), კაილი მინოუგის მთელ კარიერას მიმოიხილავს - ავსტრალიური საპნის ოპერა "მეზობლებიდან“ (Neighbours) მსოფლიო პოპ-სცენის მწვერვალამდე. ფილმში გამოყენებულია საარქივო კადრები და ინტერვიუები მის ოჯახის წევრებთან, დასთან - დანი მინოუგთან და ყოფილ პარტნიორთან, ჯეისონ დონოვანთან.