ირაკლი კობახიძემ ჯერ კვერცხის ფასი დაწიოს და მერე ბატონი [ანტონიო] კოშტა აუცილებლად უპასუხებს წერილით , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ანა ბუჩუკური გამოეხმაურა ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელების მიმართ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილს.
მისივე თქმით, ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რას აკეთებენ, თუმცა კობახიძის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა.
„ეს წერილი არის კობახიძის მიერ მორიგი თავდასხმა საერთაშორისო პარტნიორებზე. რა თქმა უნდა, პოლიცია ყველგან უშვებს შეცდომებს, კობახიძემ საოცრება კი არ აღმოაჩინა. სხვათა შორის, ირაკლი კობახიძე ჩემი ლექტორი იყო და ადამიანის უფლებებს მასწავლიდა. გადასარევი ლექტორი იყო, კონსტიტუცია ნამდვილად კარგად იცის. მისი პერსონალური ტრაგედია ის არის, რომ მის ცოდნას საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებს. ირაკლი კობახიძე არ არის ის ადამიანი, რომელმაც არ იცის რას აკეთებს. „ოცნებაში“ არიან ადამიანი, რომლებსაც არაფერი წაუკითხავთ და წარმოდგენა არ აქვთ რას აფუჭებენ. ირაკლი კობახიძემ ძალიან კარგად იცის რას აფუჭებს.
პოლიციას გადაცდომები ყველგან აქვს, მაგრამ ამ გადაცდომებზე როგორ რეაგირებს სახელმწიფო ეს განსაზღვრავს დემოკრატიის ხარისხს. არ იღელვოს კობახიძემ დანიაზე, მისი მართლმსაჯულების და დემოკრატიის ხარისხი როგორმე თავად მიხედავს.
ეს წერილი კლასიკური მაგალითია არა მხოლოდ არაკომპეტენტურობის, არამედ არანორმალურობისაც“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
ბუჩუკურმა გიორგი გახარიას პოლიტიკურ აქტიურობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პარტიის ლიდერი გიორგი გახარია აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას აგრძელებს, მათ შორის საერთაშორისო ღონისძიებებსა და ონლაინ პლატფორმებზე.
„გიორგი გახარია აქტიურ განცხადებებს აკეთებს პლატფორმა X-ზე. ის მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას, ოღონდ ამ ღონისძიებებში მონაწილეობა ნამდვილად არ არის PR. იცით, რომ მედია ტაქტიკა ჩვენ ყოველთვის განსხვავებული გვქონდა. გიორგი გახარია ყოველდღიურ რეჟიმში ისეა ჩართული პარტიის საქმიანობაში, როგორც დარწმუნებული ვარ აქ მყოფი ლიდერების 90% არ იქნება ჩართული. ეტყობა კიდევაც პარტიის აქტივობებს, მათ შორის, როგორ იბრძვის ჩვენი საპარლამენტო გუნდი“,- განაცხადა ბუჩუკურმა.
კითხვაზე, არის თუ არა გიორგი გახარიას საჯარო სივრცეში ნაკლებად გამოჩენა პირადი გადაწყვეტილება თუ პარტიასთან შეთანხმებული ტაქტიკა, ბუჩუკურმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმებული სტრატეგიაა.
„რა თქმა უნდა, გუნდთან არის შეჯერებული, ეს გუნდის ტაქტიკაა. ეს ტაქტიკა სხვადასხვა დროს გამოგვიყენებია. როდესაც დაბრუნდება ტრადიციულ მედია სივრცეში, თავად ისაუბრებს“,- აცხადებს ბუჩუკური.