ავტორი:

აშშ-მა კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს 1996 წლის ავიაკატასტროფის საქმეზე ბრალი წარუდგინა

აშშ-მა კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს 1996 წლის ავიაკატასტროფის საქმეზე ბრალი წარუდგინა

1996 წელს კუბის სამხედროების მიერ ამერიკული თვითმფრინავების ჩამოგდების საქმეზე, აშშ-მ კუბის ყოფილი ლიდერის, რაულ კასტროს წინააღმდეგ ოფიციალური ბრალდებები წარადგინა. საქმე ოთხი ადამიანის, მათ შორის ამერიკის სამი მოქალაქის მკვლელობას უკავშირდება.

  • აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, რაულ კასტრო და კიდევ ხუთი პირი მონაწილეობდნენ ოპერაციაში, რომლის დროსაც კუბის სამხედრო ავიაციამ ორგანიზაცია Brothers to the Rescue-ის კუთვნილი ორი თვითმფრინავი ჩამოაგდო. ორგანიზაცია კუბიდან გაქცეულ ადამიანებს ეხმარებოდა.

ტრაგედიის შედეგად დაიღუპნენ არმანდო ალეხანდრო უმცროსი, კარლოს ალბერტო კოსტა, მარიო მანუელ დე ლა პენია და პაბლო მორალესი. ამერიკული მხარე ამტკიცებს, რომ ოპერაცია წინასწარ იყო დაგეგმილი და მასზე პასუხისმგებლობა მაშინდელ სამხედრო ხელმძღვანელობას ეკისრება.

  • იმ პერიოდში რაულ კასტრო კუბის შეიარაღებული ძალების მინისტრი იყო და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა. დღეს 94 წლის კასტრო პოლიტიკიდან ოფიციალურად წასულია, თუმცა კუბაში კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ინარჩუნებს.

ბრალდებები მოიცავს შეთქმულებას, თვითმფრინავის განადგურებასა და მკვლელობას. ზოგიერთი მუხლი მაქსიმალურ სასჯელად სამუდამო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიაზ-კანელმა, ბრალდებებს "პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა. მისი განცხადებით, კუბა იმ დროს საკუთარი საჰაერო და საზღვაო სივრცის დაცვის ფარგლებში მოქმედებდა, ხოლო აშშ ფაქტებს ამახინჯებს.

პარალელურად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჰავანაზე ზეწოლას აძლიერებს და კუბის ხელისუფლებას დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს.

მიუხედავად იმისა, რომ რაულ კასტროს აშშ-ში ექსტრადირება ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევა, ამერიკულმა მხარემ დაადასტურა, რომ მისი დაკავების ორდერი უკვე გაცემულია.

წყარო