ინტერვიუ ბესო სოლომონაშვილთან
არსებობს ამბები, რომლებიც წლების განმავლობაში კინოკადრებივით ტრიალებს ადამიანის მეხსიერებაში - ხანდახან მძიმე, ხანდახან მტკივნეული, მაგრამ ყოველთვის ჩუმი. ყველაზე დიდი სიმამაცე სწორედ ამ შინაგანი კინოარქივის გახსნა და მისი სხვებისთვის გაზიარებაა. გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ახალი, მასშტაბური პროექტი „ამბიდან - წიგნამდე“ ზუსტად ამ მიზნით შეიქმნა: მისცეს ქალებს სივრცე და ძალა, რომ საკუთარი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდები მაღალმხატვრულ ღირებულებად აქციონ.
ეს არ არის სტანდარტული სასწავლო კურსი, სადაც წერის მშრალ წესებს ასწავლიან. ეს არის 5-თვიანი ლიტერატურული და ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციის გზა, სადაც ამბის სტრუქტურა და ადამიანის სულის თერაპია ერთმანეთს ერწყმის. პროექტის ლიტერატურული კოორდინატორი, მწერალი და რეჟისორი ბესო სოლომონაშვილი, ფსიქოთერაპევტ რუსიკო თელიასთან ერთად, მონაწილეებს დაეხმარება, კერძო, სუბიექტური ტკივილი დიდ, უნივერსალურ ლიტერატურად აქციონ.
ბესო სოლომონაშვილი თავის შემოქმედებაში, როგორც ფურცელზე, ისე ეკრანზე, მუდმივად იკვლევს ადამიანისა და სოციუმის რთულ კავშირებს. ჩვენ მასთან სწორედ იმაზე ვისაუბრეთ, როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა საკუთარი ხმა იქ, სადაც მანამდე მხოლოდ უთქმელობა იყო.
— ბესო, თქვენს შემოქმედებაში ხშირად ჩანს ადამიანზე სოციუმის გავლენა. როგორ ფიქრობთ, რა აქცევს ჩვეულებრივ პირად ისტორიას ლიტერატურულ ნაწარმოებად?
— იმის გააზრება, რომ ადამიანებივე ქმნიან ამ სოციუმს, ადამიანებივე ქმნიან დიდ გლობალურ და ლოკალურ მოვლენებს, რაც ერთი ადამიანის გარშემო ხდება. ადამიანი ხომ თვით არის შემოქმედიც, თანამონაწილეც და მსხვერპლიც. ეს ერთგვარი პეპლის ეფექტივით არის - და ყველაფერი ადამიანთა, ინდივიდთა ქმედების პასუხისმგებლობაზეა.
ეს თუ გავიაზრეთ, უცებ ვხვდებით, როგორ ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული დროში და სივრცეში, და როგორ არის ყველა მოვლენა დაკავშირებული. როგორ განვიპირობებთ საკუთარ და სხვების ბედს. ისტორია ხომ ფაქტების გროვა არ არის, ისტორია და ადამიანის ურთიერთობები მიზეზ-შედეგობრიობით ვითარდება, ანუ ისე არაფერი ხდება სამყაროში, რომ ის წინამორბედი მოვლენით გამოწვეული არ იყოს, და არ იწვევდეს რაიმეს მოვლენას მომავალში.
ეს არის ერთი ადამიანის ცხოვრებაშიც - როგორ გადაწყვეტილებებსაც იღებ ცხოვრებაში, ისე ვითარდება შენი ცხოვრებაც და მოვლენებიც შენს გარშემო, და ასე განსაჯეთ, სხვის ცხოვრებაშიც კი… და ჩემთვის ზუსტად იგივე კანონია კაცობრიობის განვითარების სრულ სურათშიც.
რეჟისორული მზერა ამბავს მთლიანობაში ხედავს, მწერლის ოსტატობა კი მას სიტყვებად შლის. „ამბიდან - წიგნამდე“ სწორედ ამ ხედვის გაზიარებას ცდილობს იმ ქალებისთვის, ვისაც ხელში კალამი შესაძლოა პირველად უჭირავს, მაგრამ სათქმელი დაუგროვდა.
— ხშირად ამბობენ, რომ წერა ხედვაა. როგორ აპირებთ დაეხმაროთ ქალებს, რომლებმაც შესაძლოა პირველად მოჰკიდეს ხელი კალამს, დაინახონ თავიანთი ცხოვრება, როგორც ლიტერატურული ტექსტი?
— მე და ფსიქოთერაპევტი რუსიკო თელია და ჩემი მეგობარი მწერალი ქალები მონაწილეებს უბრალოდ გავუზიარებთ რჩევებს, როგორ მოიყვანონ ორგანიზებაში ამბავი, რომლის მოყოლაც უნდათ. პროზა ხანგრძლივი და რუტინული სამუშაოა. უბრალოდ გავუზიარებთ გამოცდილებას, როგორ უნდა გადაიტანონ ფურცელზე თავისი ემოცია ისე, რომ მკითხველმა გაიგოს და ის ემოცია განიცადოს, რასაც თვითონ განიცდიდნენ.
ჩვენ გავუზიარებთ ხელობის პატარა დეტალებს და ხერხებს, ავუხსნით, რომ ამბავი, რომელიც ფურცელზე გადადის, ის უკვე ხასიათს იცვლის და კერძო ამბავი აღარ არის, რისიც ხშირად ეშინიათ. ჩვენ მონაწილეებთან ერთად ვეცდებით მათი ხედვის რეალიზებას ფურცელზე ტექსტად. ორგანიზებაში მოყვანილი კარგი ხედვა და კარგი ამბავი ერთად კი უკვე კარგი წიგნია.
როდესაც პროექტი ლიტერატურასა და ფსიქოთერაპიას აერთიანებს, ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობის მოპოვება და უსაფრთხო სივრცის შექმნა ხდება, სადაც ტკივილის ხმამაღლა თქმის აღარავის შეეშინდება.
— რა იქნება თქვენთვის, როგორც ლიტერატურული კოორდინატორისთვის, ყველაზე დიდი გამოწვევა ამ 5 თვის განმავლობაში?
— რომ მონაწილეებმა მაქსიმალურად ირწმუნონ ამ პროექტის და თავისი ძალების, განიმსჭვალონ ნდობით, თავი იგრძნონ უსაფრთხო გარემოში. არ შეშინდნენ, მოყვნენ ამბავი გულწრფელად და მოვნახოთ ის ფორმა, რომელშიც ეს ამბავი ყველაზე ემოციური იქნება… და რა თქმა უნდა გამომცემლობამ, ჩემმა მეგობარმა მაია ალუდაურმა და ყველამ, ვინც ამ პროექტზე იმუშავებს, თქვან, რომ პროექტმა გაუმართლა.
რომ ჩემმა მეგობარმა და ფსიქოთერაპევტმა, ჩემმა პარტნიორმა ამ პროექტში, რუსიკო თელიამ თქვას, რომ ბედნიერია ამ პროექტში ჩვენი თანამშრომლობით. მე რუსიკოს გარეშე ამ პროექტს ვერ გავბედავდი. ეს ხომ უფრო სოციალური პროექტია ლიტერატურის და ფსიქოთერაპიის დახმარებით.
— რას ეტყოდით იმ მონაწილეებს, რომლებსაც ეშინიათ, რომ „საკმარისად კარგად“ ვერ წერენ?
— უბრალოდ გადაწყვიტონ, თქვან თავისი უთქმელი ამბები. ამბების თქმის სურვილი და გულწრფელობა უკვე საკმარისია „საკმარისად კარგად“ წერისთვის, დანარჩენი ემოციის, ტექნიკის, გემოვნების და შრომის საქმეა.
და კიდევ, მათი განზოგადებული და მხატვრულ ლიტერატურად ნაქცევი ამბები სხვა ადამიანებს - ყველა სქესს, დიდებს და პატარებს დაეხმარება, დაინახონ და საღად შეაფასონ საკუთარი და სხვისი ცხოვრება. ლიტერატურა ხომ საშუალებაა უთხრა ადამიანს ის, რასაც ცხოვრებაში ვერ უბედავდი; უთხრა საზოგადოებას, მეგობრებს, ოჯახის წევრებს ის, რასაც ღიად ვერ გაბედავდი გეთქვა. არა და, განადგურებს უთქმელობა. ლიტერატურა ხომ თავისთავად მართლა თერაპიაა.
ბესო სოლომონაშვილის საუბრიდან ერთი მთავარი ჭეშმარიტება ჩანს: უთქმელობა ანადგურებს, ხოლო ხელოვნებას და ლიტერატურას ადამიანის განკურნება შეუძლია. „ამბიდან - წიგნამდე“ არ ეძებს მზა ხელოვანებს, ის ეძებს გულწრფელ ემოციას. 5 თვის შემდეგ, მონაწილეების მიერ შექმნილი კრებული იქნება არა უბრალოდ წიგნი, არამედ იმ უთქმელი კადრებისა და ისტორიების გაცოცხლება, რომლებიც სხვებსაც დაეხმარება საკუთარი ცხოვრების საღად შეფასებაში.
R