ავტორი:

რა არის ის, რასაც ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს შეძლებს? - ასტროფიზიკოსის პასუხი

რა არის ის, რასაც ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს შეძლებს? - ასტროფიზიკოსის პასუხი

დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი (AI) მალე ადამიანს თითქმის ყველა სფეროში ჩაანაცვლებს, თუმცა სამეცნიერო წრეებში ამგვარ პროგნოზებს საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ.

  • როჩესტერის უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის პროფესორი, ადამ ფრანკი Forbes-ისთვის დაწერილ სვეტში აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებით აღფრთოვანებულია, თუმცა ხაზგასმით ამბობს - ეს მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტია ადამიანის ხელში.

"ტექნოლოგიას არ აქვს "სული“ და შინაგანი აღქმა, რათა ადამიანის უნიკალური ბუნების თუნდაც მცირე ნაწილი გადმოსცეს“, - აღნიშნავს მეცნიერი.

"ადამიანური კრეატიულობის საზღვრები“

თავისი პოზიციის საილუსტრაციოდ მეცნიერს მაგალითად პოპულარული იაპონური ჯგუფი Atarashii Gakko! მოჰყავს. ჯგუფი ოთხი გოგონასგან შედგება, რომლებიც სასკოლო ფორმებში პანკ-როკიდან დაწყებული, ჰიპ-ჰოპითა და ჯაზით დამთავრებული, ყველაფერს ასრულებენ და ამავდროულად, საოცარ თანამედროვე ქორეოგრაფიას აჩვენებენ.

პროფესორის თქმით, აქ მთავარი მათი უნიკალური კრეატიულობაა - ის, რის შექმნასაც ხელოვნური ინტელექტი დამოუკიდებლად ვერასდროს შეძლებდა.

"რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თქვენს საყვარელ AI პროგრამას მისცეთ დავალება: “შექმენი ვიდეო, სადაც იაპონურ ფორმებში გამოწყობილი ოთხი გოგონა პანკ-როკს მღერის, თანამედროვე ქორეოგრაფიას ასრულებს და ეს ყველაფერი ერთდროულად საშიშადაც გამოიყურება და საყვარლადაც“. მაგრამ საქმეც ამაშია - ეს უცნაური იდეა ჯერ თქვენ, ადამიანს, უნდა მოგივიდეთ თავში. გარდა ამისა, ეჭვი მეპარება, ხელოვნურმა ინტელექტმა ორიგინალთან შედარებით ნახევრად სანახაობრივი რამ მაინც შექმნას“, - ამბობს ასტროფიზიკოსი.

სიხარულისა და შეშფოთების მიზეზები

ადამ ფრანკი აღნიშნავს, რომ AI ადამიანისთვის საოცარ ჰორიზონტებს ხსნის და ეს სიხარულის მიზეზია, თუმცა არსებობს შეშფოთების საფუძველიც, რადგან ტექნოლოგიას ყველას თავს ახვევენ "პროდუქტიულობის გაზრდის“ სახელით.

"ერთი რამ ცხადია: ადამიანის კრეატიულობა ყოველგვარ საზღვრებს სცილდება და ხელოვნური ინტელექტი ამის დამოუკიდებლად რეპროდუცირებას ვერასდროს შეძლებს“, - ასკვნის მეცნიერი.