ავტორი:

"მანგოს" დამფუძნებელი შვილმა კლდიდან გადააგდო? - მილიარდერის სიკვდილის იდუმალებით მოცულ ამბავში ახალი გარემოებები გამოიკვეთა

"მანგოს" დამფუძნებელი შვილმა კლდიდან გადააგდო? - მილიარდერის სიკვდილის იდუმალებით მოცულ ამბავში ახალი გარემოებები გამოიკვეთა

ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე მოდის ბრენდ Mango-ს დამფუძნებლის, ისაკ ანდიჩის გარდაცვალებაა. ბიზნესმენის სიკვდილი, რომელიც თავდაპირველად უბედურ შემთხვევად მიიჩნეოდა, ახლა მკვლელობის შესაძლო ვერსიად განიხილება, ხოლო მთავარი ეჭვმიტანილი მისი უფროსი ვაჟი, ჯონათან ანდიჩი გახდა.

71 წლის ისაკ ანდიჩი 2024 წლის 14 დეკემბერს დაიღუპა, როდესაც ბარსელონასთან ახლოს, ლაშქრობის დროს კლდიდან გადავარდა. იმ დროს მასთან ერთად მისი ვაჟი ჯონათანი იმყოფებოდა.

  • თავდაპირველად პოლიციამ მომხდარი ტრაგიკულ შემთხვევად შეაფასა, თუმცა გამოძიების გაგრძელებისას საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა. ამ კვირაში სასამართლომ განაცხადა, რომ გამოძიებაში აღმოჩენილი გარემოებები საკმარის ეჭვს აჩენს იმისთვის, რომ ისაკ ანდიჩის გარდაცვალება უბრალო უბედურ შემთხვევად აღარ ჩაითვალოს.

სასამართლო ექსპერტიზამაც აჩვენა, რომ მიღებული დაზიანებები უფრო იმაზე მიუთითებდა, თითქოს ისაკ ანდიჩი კლდიდან ძალით გადააგდეს და შემთხვევით არ გადავარდნილა.

გამომძიებლების ყურადღება მიიპყრო ჯონათან ანდიჩის ჩვენებებშიც აღმოჩენილმა წინააღმდეგობებმა. ერთ ვერსიაში ის ამბობდა, რომ მამა უკან მიჰყვებოდა, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ ერთმანეთთან ახლოს იდგნენ. ასევე, თავდაპირველად თქვა, რომ დაცემამდე მამამისი ტელეფონით ფოტოებს იღებდა, თუმცა მოგვიანებით ტელეფონი თავად ჯონათანის ჯიბეში იპოვეს.

ეჭვები გააძლიერა იმ ფაქტმაც, რომ ჯონათანი ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე იმავე ტერიტორიაზე სამჯერ იმყოფებოდა. მოსამართლის შეფასებით, ეს შესაძლოა "ადგილმდებარეობის წინასწარ შესწავლაზე“ მიუთითებდეს.

  • გამოძიება ასევე სწავლობს ოჯახურ და ფინანსურ ურთიერთობებს. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ მამა-შვილს შორის დაძაბულობა შესაძლოა ისაკ ანდიჩის ქონებასა და ბიზნესის მომავალს უკავშირდებოდა. გამოძიების მასალებში ნახსენებია შეტყობინებები, რომლებიც მამა-შვილს შორის კონფლიქტზე მიუთითებს.

ისაკ ანდიჩი ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი იყო. მის კომპანიას 16 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, ხოლო 2024 წელს ბრუნვა 3.3 მილიარდ ევროს აღემატებოდა.

წყარო