უფალი დღესაც ჩვენთან არის, იგი ასრულებს თავის აღთქმას, დანაპირებს. თავისი მადლით, თავისი სიტყვით, თავისი სიყვარულით ის არის ჩვენში და ჩვენ შორის იმყოფება და მოქმედებს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებაზე განაცხადა.
"დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მოვლენას, როდესაც უფალი იესო ქრისტე ბოლოჯერ ესაუბრება თავის მოციქულებს, უკანასკნელად ეცხადება და უბრძანებს მათ, რომ იერუსალიმში დაელოდონ სულიწმინდის გარდამოსვლას. შემდეგ მიჰყავს ისინი ელეონის მთაზე, აკურთხებს და მათ თვალწინ იწყებს ზეცად ამაღლებას. ისინი, ამის მხედვარნი, გაოგნებულნი არიან. მათ გამოეცხადათ ორი ანგელოზი და უთხრა: „კაცნო გალილეველნო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას, იესო, რომელიც თქვენგან ზეცად ამაღლდა, ასევე მოვა, როგორც ამაღლდა ზეცად“ (საქმ. 1, 11). სახარება მოგვითხრობს, რომ ისინი ბრუნდებიან იერუსალიმში ძალიან დიდი სიხარულით.
თითქოს განშორება მოხდა უფალთან, დამთავრდა ის მათი ყოველდღიური ბედნიერება იესო ქრისტესთან საუბრების და ურთიერთობის. მაშ, რა ახარებდა მათ? რატომ ჰქონდათ ასეთი დიდი სიხარული? ჩვენც რატომ ვზეიმობთ ამ დიდ მოვლენას?
პირველ რიგში, უფალი იესო ქრისტე დაჰპირდა მათ სულიწმინდის მოვლინებას, სულიწმინდის მიცემას. შემდეგ, განსაკუთრებით ამ მოვლენის მერე, მათ განუმტკიცდათ, გაუმყარდათ რწმენა იმისა, რომ იესო ქრისტე არის ნამდვილად ძე ღვთისა და გამოჩნდა, რომ მასში ორი ბუნებაა: საღვთო და კაცობრივი. ასევე, უფალმა აღუთქვა მათ, რომ მუდამ მათთან ერთად იქნება: „მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა“ (მთ. 28, 20), - ხომ გახსოვთ ეს სიტყვები? მაგრამ ეს სიტყვები არ იყო განკუთვნილი მხოლოდ მოციქულებისთვის, იმიტომ, რომ ისინი გარდაიცვალნენ, მაგრამ სოფლის აღსასრული ჯერ არ დამდგარა, ხომ სწორია? მაშასადამე, ეს სიტყვები განკუთვნილია ყველა დროის ქრისტიანისთვის, ყველასთვის არის!
მართლაც, ჩვენ ვხედავთ, რომ უფალი დღესაც ჩვენთან არის, იგი ასრულებს თავის აღთქმას, დანაპირებს. თავისი მადლით, თავისი სიტყვით, თავისი სიყვარულით ის არის ჩვენში და ჩვენ შორის იმყოფება და მოქმედებს. თუ ზოგიერთი ჩვენგანი მის მყოფობას ვერ ამჩნევს, ვერ გრძნობს, ეს ნიშნავს, რომ რაღაც მიზეზი არის ჩვენში: ან საკმარისად არ გვიყვარს იგი, ან არ ვფიქრობთ მასზე და ამიტომ ეს მადლიც გვაკლია, ამიტომ ვერ ვგრძნობთ მის მყოფობას, მის სიახლოვეს. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ, რა არის ჩემში ეს მიზეზი. ამას უფალს რომ ვკითხავთ, აუცილებლად დაგვანახებს, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ უფრო მეტად და მეტად ვიგრძნოთ უფლის სიახლოვე და მისი სიყვარული.
ასე რომ, ეს დიდი მოვლენა შთაგვაგონებს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ როგორც ამბობს მოციქული პავლე, ჩვენი მოქალაქობა ზეცაშია, საიდანაც მოველით ჩვენს მაცხოვარს, იესო ქრისტეს (ფილ 3, 20); და რომ გვმართებს, ვფიქრობდეთ ზეცისას და არა მიწისას, და მივისწრაფოდეთ ზეციურისკენ, სადაც მარჯვენით ღვთისა ბრძანდება უფალი ჩვენი იესო ქრისტე (კოლ 3, 2-1). როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიწიური ცხოვრება - ეს არის დროებითი მგზავრობა. წმინდა იოანე ოქროპირი ძალიან ხშირად ამბობს ამას და რომ ჩვენი ნამდვილი და მარადიული სამშობლო არის ზეცაში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. უფალმა ინებოს თქვენი სულიერი ამაღლება, ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება, საქართველოს სულიერი ამაღლება, გამთლიანება, გაძლიერება და გადარჩენა, ამინ!“- აღნიშნა პატრიარქმა.