დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ პროტესტი განუცხადა რუსეთის საელჩოს დიდ ბრიტანეთში, შავ ზღვაზე მომხდარი ორი ინციდენტის გამო - ლონდონის მტკიცებით, ამ ინციდენტების დროს რუსული გამანადგურებლები ბრიტანულ სადაზვერვო თვითმფრინავს სახიფათოდ ახლო მანძილზე მიუახლოვდნენ.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარს უწოდა „ყველაზე სახიფათო ინციდენტი ბრიტანული Rivet Joint-ის მონაწილეობით 2022 წლის შემდეგ, როდესაც რუსულმა თვითმფრინავმა შავი ზღვის თავზე რაკეტა გაისროლა“.
როგორც უსაფრთხოების საკითხებში BBC-ის კორესპონდენტი ფრენკ გარდნერი აღნიშნავს, მსგავსი ინციდენტები მოწმობს, რომ რუსეთი აშკარად ცდილობს განდევნოს სადაზვერვო თვითმფრინავები იმ რაიონებიდან, საიდანაც მათ უკრაინაში მიმდინარე ომზე დაკვირვება შეუძლიათ.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ აპრილში რუსეთის სამხედრო-საჰაეროო ძალების გამანადგურებელი სუ-35 სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების სადაზვერვო თვითმფრინავს "კრიტიკულად მცირე მანძილზე მიუახლოვდა, რის გამოც Rivet Joint-ზე საბორტო ავარიული სისტემები ჩაირთო, ავტოპილოტის გათიშვის ჩათვლით“.
"მეორე ინციდენტისას, რუსულმა სუ-27-მა ექვსჯერ ჩაუფრინა ბრიტანულ თვითმფრინავს წინ და მის ცხვირთან დისტანცია სულ რაღაც ექვს მეტრამდე შეამცირა“, - ნათქვამია განცხადებაში.
"თვითმფრინავი Rivet Joint გეგმურ ფრენას ასრულებდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, შავი ზღვის თავზე და ის შეუიარაღებელი იყო, მსგავსი გაფრენები არის ნაწილი დიდი ბრიტანეთის მუშაობისა მოკავშირეებთან ერთად, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - წერს ბრიტანეთის სამხედრო უწყება.
ამასთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირაში ბრიტანეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა დემარში გაუგზავნეს რუსეთის საელჩოს, რათა "დაეგმოთ პილოტების სახიფათო და დაუშვებელი ქცევა“, - წერს თავდაცვის სამინისტრო.
"ასეთი ქმედებები ქმნის ინციდენტებისა და შემდგომი ესკალაციის სერიოზულ რისკს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ.