თავისი პირველი პატიმრობის დროს, როდესაც არასრულწლოვანის პროსტიტუციაში ჩართვისთვის გამო 13 თვე მიესაჯა, ჯეფრი ეპშტეინმა, ციხის ჩანაწერების მიხედვით, მინიმუმ 67-ჯერ ერთი და იგივე სტუმარი მიიღო.
ეს ქალი ნადია მარცინკო იყო. 7 წლის განმავლობაში იგი ეპშტეინის “მთავარ გოგონად“, გისლეინ მაქსველის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად ითვლებოდა, მოგვიანებით კი მისი კერძო თვითმფრინავის მეორე პილოტიც გახდა.
სწორედ მარცინკო იყო ერთ-ერთი იმ ოთხ ქალს შორის, რომლებიც 2008 წლის ეპშტეინის “პოტენციურ თანამზრახველებად“ დასახელდნენ, თუმცა მოგვიანებით, საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, სისხლის სამართლებრივი დევნისაგან იმუნიტეტი მიიღეს.
ამჟამად ამ ქალებიდან ორის - ეპშტეინის ასისტენტების, სარა კელენისა და ლესლი გროფის დაკითხვას ამერიკელი კანონმდებლები გეგმავენ. ერთ-ერთი კონგრესმენი კი მოითხოვს, რომ მიუხედავად პროკურატურასთან წარსულში დადებული გარიგებისა, გამოძიება ოთხივე მათგანის, მათ შორის კიდევ ერთი ასისტენტის, ადრიანა როსისა და თავად მარცინკოს წინააღმდეგაც დაიწყოს.

მარცინკოსთვის ოფიციალურად ბრალი არასოდეს წარუდგენიათ და არც პასუხისგებაში არ მიუციათ. მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ის თავად იყო ეპშტეინის მსხვერპლი.
თუმცა, გოგონები ფლორიდის შტატიდან, რომელთა ჩვენებებმაც 2008 წელს არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის შესახებ ეპშტეინის მსჯავრდადება განაპირობა, სამართალდამცველებს მოუყვნენ, რომ ამ “ყველაფერში მარცინკოც მონაწილეობდა“.
BBC თვეების განმავლობაში სწავლობდა მარცინკოს ისტორიას: ჟურნალისტები ესაუბრნენ ადამიანებს, რომლებიც მას იცნობდნენ, ასევე გააანალიზეს ნადიასა და ეპშტეინს შორის არსებული მიმოწერა, რომლიდანაც ირკვევა, რომ ეპშტეინსა და მარცინკოს ოჯახის შექმნა სურდათ.
მოგვიანებით მარცინკომ გამომძიებლებს განუცხადა, რომ ეპშტეინი მასზე ფიზიკურად ძალადობდა, იყო ინციდენტი, როდესაც დახრჩობა დაუპირა, ერთხელ კი კიბიდანაც გადმოაგდო.
BBC-ის ჟურნალისტებმა მარცინკოს კომენტარისთვის მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.
2019 წელს ციხეში ეპშტეინის სიკვდილის შემდეგ, სადაც იგი სექსუალური დანაშაულების ბრალდებით ახალ სასამართლო პროცესს ელოდებოდა, მარცინკო საჯარო სივრციდან, პრაქტიკულად, გაქრა.
ნადია მარცინკო (დაბადებით ნადია მარცინკოვა) სლოვაკეთში, შეძლებულ და პატივსაცემ ოჯახში დაიბადა.
ეპშტეინის სიკვდილის შემდეგ მან ფედერალურ გამომძიებლებს განუცხადა, რომ ფინანსისტი პირველად 2003 წელს ნიუ-იორკში, ჟან-ლუკ ბრუნელის დაბადების დღის წვეულებაზე შეხვდა, როდესაც თავად 18 წლის იყო.
ეპშტეინის ახლო მეგობარი, ბრუნელი სამოდელო სააგენტო “Karin Models“ -ის ნიუ-იორკის ფილიალს ხელმძღვანელობდა. მარცინკოს თქმით, ამ დროისთვის იგი უკვე მუშაობდა ამ სააგენტოში, პარიზში, ხოლო აშშ-ში ბრუნელმა წვეულებამდე რამდენიმე კვირით ადრე ჩაიყვანა და ვიზა გაუფორმა. მომდევნო წლების განმავლობაში მარცინკო და ეპშტეინი ერთსა და იმავე თარიღს 17 სექტემბერს თავიანთ “წლისთავს“ უწოდებდნენ და ყოველთვის აღნიშნავდნენ.
ნადიას ერთ-ერთი ყოფილი კლასელი, რომელსაც BBC იოზეფს უწოდებს, იხსენებს, რომ ნადია საერთაშორისო სამოდელო კარიერისთვის საკმაოდ მოულოდნელი კანდიდატურა იყო.

“ლამაზი იყო, მაგრამ ძალიან მორცხვი ჩვენთან ასეთებს “ნაცრისფერ თაგუნიას“ ეძახიან“, - თქვა მან.
სამოდელო ბიზნესში მარცინკომ საქმიანობა ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკიდან დაიწყო, მალე მას სამსახურის გამო იაპონიასა და ტაივანში მოუწია წასვლა. ბრუნელის წვეულებაზე ნაცნობობიდან რამდენიმე დღეში, ეპშტეინმა იგი პალმ-ბიჩში, თავის ვილაში მიიწვია, საიდანაც ფინანსისტის კუთვნილ კარიბის ზღვის კუნძულზე, “ლიტლ-სენტ-ჯეიმსზე“ გაემგზავრა. რასაც ფრენების ჟურნალებიც ადასტურებს.

ფორმალურად მარცინკო უკვე სრულწლოვანი იყო, თუმცა სტატუსში, ასაკსა და გავლენაში სხვაობა მასსა და ეპშტეინს შორის კოლოსალური იყო. ჯეფრი მაშინ 50 წლის იყო - გოგონაზე 32 წლით უფროსი.
ნადიას თქმით, ის ეპშტეინთან ერთად მუდმივად მოგზაურობდა. მათ შორის არსებული მიმოწერა, როგორც ტონით, ისე შინაარსით აჩვენებს, რომ ისინი ძალიან სწრაფად დაახლოვდნენ.
გისლეინ მაქსველი იმ პერიოდში კვლავ რჩებოდა ეპშტეინის ახლო მეგობრად და აგრძელებდა მისთვის სხვა ქალების მოძებნას, თუმცა BBC - ის გამოძიების მიხედვით, მათი ინტიმური ურთიერთობა, უკვე დასასრულს უახლოვდებოდა.
სწორედ მარცინკო გახდა იმ დროისთვის ეპშტეინის მთავარი პარტნიორი. 2009 წლის ერთ-ერთ მიმოწერაში იგი აცხადებს რომ “ნადია უყვარს“.
“მინდა, ისწავლო კვერცხის მომზადება ომლეტი, პაშოტი, მინდა, ისწავლო სახლის გაძღოლა. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით არანაირი კამათი არ მინდა. მინდა, ყოველ თვე წაიკითხო ასი უდიდესი წიგნიდან ერთ-ერთი. სახლში მხოლოდ ლამაზი ნივთები უნდა იყოს. ახალს ვერაფერს შემოიტან, თუ ჯერ მე არ მაჩვენებ“, - წერდა ნადიას ეპშტეინი.
ეპშტეინის სიკვდილის შემდეგ მარცინკომ გამომძიებლებს განუცხადა, რომ ჯეფრი მისი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს აკონტროლებდა, წონისა და ტანსაცმლის ჩათვლით.
მისი თქმით, ეპშტეინი მრავალჯერადი პლასტიკური ოპერაციების გაკეთებას აიძულებდა და მასზე ფიზიკურად ძალადობდა.
ამ ეპიზოდების პირდაპირი ხსენება იმ მიმოწერაში, რომელიც BBC - მ შეისწავლა, ჟურნალისტებმა ვერ იპოვეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მსგავსი მასალები არქივის სხვა ნაწილებში არ არსებობს.
ერთ-ერთ ნაპოვნ წერილში მარცინკო ეპშტეინს "მოძალადე პარტნიორის ქცევაში“ ადანაშაულებს.
მიმოწერაში ასევე რეგულარულად გვხვდება მინიშნებები იმის შესახებ, რომ ეპშტეინი მისგან სხვა ქალებისა და გოგონების მოძებნას ელოდა.
2006 წელს მარცინკო მას სწერდა:
“საერთოდ რას მიიჩნევ მხიარულ, სექსუალურ ისტორიად'? ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, თუმცა თუ საუბარი უბრალოდ იმაზეა, რომ შენ სხვასთან გქონდეს სექსი, ვერ ვხვდები, ეს ჩვენს ურთიერთობას როგორ აუმჯობესებს. ვეცდები, გოგონები მოვძებნო ყოველ ჯერზე, როცა ნიუ-იორკში ვიქნებით“.
ზოგიერთი შეტყობინება იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მარცინკომ იცოდა ეპშტეინის ძალიან ახალგაზრდა გოგონების მიმართ ლტოლვის შესახებ, თუცა BBC ხაზგასმით აღნიშნავს, ჟურნალისტებმა ვერ იპოვეს იმის მტკიცებულება, რომ ნადიას მასთან ოდესმე არასრულწლოვანი მიეყვანოს.
იმავე 2006 წელს ეპშტეინმა ჟან-ლუკ ბრუნელს გაუგზავნა წერილი თხოვნით, რომ მარცინკო ახალი სამოდელო სააგენტოს, “MC2“ - ის შტატში გაეფორმებინათ და მისთვის წელიწადში 50 ათასი დოლარი გადაეხადათ.
კონკრეტულად რისთვის იყო განკუთვნილი ეს ხელფასი, გაურკვეველია: იმ მომენტისთვის მარცინკო, ფაქტობრივად, აღარ მუშაობდა მოდელად. თუმცა მიმოწერიდან ჩანს, რომ მას ეპშტეინზე დამოკიდებულება, სულ უფრო მეტად აშფოთებდა...
ერთ-ერთ იმდროინდელ წერილში იგი აღიარებს: “მას შემდეგ, რაც შეგხვდი, ჩემი მთელი ცხოვრება შენს გარშემო ტრიალებს. სხვა არაფერი გამაჩნია და ეს დიდ შფოთვას მიჩენს“.
2009 წლისთვის, სწორედ მაშინ, როდესაც იგი რეგულარულად აკითხავდა ციხეში ეპშტეინს, მარცინკომ, როგორც ჩანს, ავიაციაში წასვლით მასზე ფინანსური დამოკიდებულების შესუსტება სცადა.
როგორც მათ შორის არსებული წერილები აჩვენებს, ეპშტეინმა ნადიასთვის პილოტირების შესასწავლ კურსებზე ათობით ათასი დოლარი დახარჯა.
თავად მარცინკო ამ საქმეს, როგორც ჩანს, დიდი ენთუზიაზმით მოეკიდა და სოციალურ ქსელებში საკუთარ თავის “Global Girl“ ფსევდონიმით გაპიარება დაიწყო.

“ეს მისთვის ეს ფულის გამომუშავების გზად იქცა, ხშირად იწვევდნენ თვითმფრინავების სამართავად და ვიდეოგადაღებებში მონაწილეობის მისაღებად, ნადია ძალიან სასიამოვნო ადამიანი და მომხიბვლელი მოსაუბრე იყო. ის მართლაც ბევრს შრომობდა, გადიოდა ერთ საფრენოსნო სკოლას მეორის მიყოლებით და იღებდა სერტიფიკატებს. ეს კი სულაც არ არის მარტივი მიღწევა“, - ამბობს საავიაციო სფეროს ჟურნალისტი კრისტინ ნეგრონი, რომელიც მარცინკოს 2013 წელს შეხვდა.
მიუხედავად გაჩენილი დამოუკიდებლობისა, მარცინკოს ეპშტეინთან ურთიერთობა მისი ციხიდან გათავისუფლების შემდეგაც (2009 წლის ივლისში), გაგრძელდა, მიმოწერის მიხედვით ისინი კიდევ უფრო დაახლოვდნენ და წერილებიდან გამომდინარე, უკვე ბავშვის გაჩენასაც ცდილობდნენ.
ამასთანავე, საქმის მასალების მიხედვით, მარცინკო კვლავ აგრძელებდა ეპშტეინისთვის “ქალების მომძიებლის“ როლის შესრულებას. 2009 წლის ერთ-ერთ წერილში იგი კითხვებს სვამს კონკრეტულ გოგონაზე, რომელიც, მისი თქმით, მზად არის აღმოსავლეთ ევროპიდან ჩამოვიდეს.
თუმცა 2010 წელს ისინი საბოლოოდ დაშორდნენ. როგორც მოგვიანებით მარცინკომ გამომძიებლებს უთხრა, ეს ეპშტეინის მხრიდან განსაკუთრებით სასტიკი ძალადობის ეპიზოდის შემდეგ მოხდა.
ამასთანავე, ეპშტეინთან ურთიერთობა სრულად არ შეწყვეტილა, 2012 წლიდან კუნძულ ლიტლ-სენტ-ჯეიმსზე ფრენების დროს მარცინკო პერიოდულად მისი კერძო თვითმფრინავის მეორე პილოტი იყო, ხოლო 2013 წელს ეპშტეინი ქალს დაეხმარა, რომ მეწარმე დინ კეიმენის კომპანია “DEKA“ -ში პილოტირების ინსტრუქტორად მოწყობილიყო. 2015 წლის მიმოწერა ჩვენების კიდევ ერთ დეტალს ადასტურებს: მაშინ ეპშტეინი ნადიას დაჰპირდა, რომ ნებისმიერ შემოსავალს გაუორმაგებდა, რომელსაც სხვა წყაროებიდან მიიღებდა.
მიუხედავად ეპშტეინისადმი მრავალწლიანი ერთგულებისა, 2018 წელს მარცინკო საბოლოოდ მაინც გამოძიების მხარეს გადავიდა. საქმის მასალებში არსებული ერთ-ერთი დოკუმენტი აღწერს, თუ როგორ დაიწყო მან ეპშტეინის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში FBI-სთან თანამშრომლობა. ერთი წლის შემდეგ ფინანსისტი კვლავ დააპატიმრეს, ამჯერად სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებით.
სანაცვლოდ, ოთხი წლის შემდეგ, როდესაც მარცენკოს ვიზას ვადა ამოწურა FBI-მ მის განცხადებას დაუჭირა მხარი, რომელიც აშშ-ში ყოფნის ვადის გაგრძელების ითვალისწინებდა.
სააგენტოს დოკუმენტებში ნათქვამია, რომ მარცინკო “გადაბირებული, გადამალული და გამოყენებული იქნა ჯეფრი ეპშტეინისა და სხვა პირების მიერ იძულებითი სექსუალური ურთიერთობების გამოაშკარავების მიზნით“.
მას შემდეგ მარცინკო, პრაქტიკულად, გაქრა საჯარო სივრციდან. სულ მცირე გასულ წლამდე სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების მიხედვით, იგი აქტიურად სტუმრობდა ნიუ-იორკში მდებარე ძენ-ბუდისტურ ცენტრს.
მანამდე ქალის ადვოკატმა განაცხადა, რომ “მარცინკოს სურდა, ერთ დღეს საჯაროდ ესაუბრა ძალადობის საკუთარ გამოცდილებაზე და სხვა მსხვერპლებს დაეხმარებოდა, თუმცა იმჟამად იგი საკუთარი თავის რეაბილიტაციით იყო დაკავებული“.
ამავდროულად, 2008 წლის გარიგების ფარგლებში მარცინკოსა და კიდევ სამი ქალისთვის მინიჭებული იმუნიტეტი სულ უფრო ხშირად დგება ეჭვქვეშ.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის წევრია, სავარაუდოდ, ეპშტეინის საქმის დაურედაქტირებელი მასალების გაცნობის შემდეგ, თებერვალში განაცხადა: “ყველა ეს ქალი, უკვე ზრდასრულ ასაკში ყოფნისას, მონაწილეობდა არასრულწლოვნებით ვაჭრობაში. ისინი მუშაობდნენ ჯეფრი ეპშტეინთან ერთად და იყვნენ მისი საქმეების თანამონაწილეები“.
მიუხედავად იმისა, რომ სარა კელენი და ლესლი გროფი მალე მისცემენ ჩვენებას, კომიტეტს, როგორც ჩანს, ჯერ არ გადაუწყვეტია, გამოიძახოს თუ არა ადრიანა როსი და ნადია მარცინკო.
“საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად შეიძლება მსხვერპლი ამავდროულად თანამზრახველად ჩაითვალოს, უკიდურესად არაერთგვაროვანია. მთავარია გავიგოთ, აგრძელებდა თუ არა ადამიანი დანაშაულებში მონაწილეობას მას შემდეგ, რაც დამნაშავის კონტროლიდან გამოვიდა. ამასთანავე, კონტროლი შესაძლოა შენარჩუნდეს მაშინაც კი, როდესაც თავად დამნაშავე ფიზიკურად აღარ არსებობს მსხვერპლის ცხოვრებაში", - ამბობს ბრიჯიტ კარი, მიჩიგანის უნივერსიტეტის კლინიკური სამართლის პროფესორი. წყარო
იხილეთ ასევე: