პარიზის სააპელაციო სასამართლომ ავიაკომპანია Air France და ავიაგიგანტი Airbus - ი გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობაში ცნო დამნაშავედ.
საქმე 2009 წელს რიო-პარიზის რეისის კატასტროფას - საფრანგეთის ავიაციის ისტორიაში უდიდეს ტრაგედიას შეეხება, რომელსაც 228 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფრანგული ავიაგადამზიდი და ევროპის წამყვანი აეროკოსმოსური მწარმოებელი მომხდარზე “ერთპიროვნულად და სრულად არიან პასუხისმგებელნი“ . სასამართლომ თითოეულ კომპანიას მაქსიმალური ჯარიმა 225 000 ევრო დააკისრა. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური სანქცია, ფაქტობრივად, სიმბოლურ ხასიათს ატარებს, ეს გადაწყვეტილება ორივე კომპანიის რეპუტაციისთვის სერიოზული დარტყმას წარმოადგენს.
“Airbus-მა“ უკვე განაცხადა, რომ განაჩენს საფრანგეთის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებს, რადგან, მათი თქმით, “გადაწყვეტილება პროკურატურის პოზიციასა და წინა სასამართლო დასკვნებს, მათ შორის 2023 წლის გამამართლებელ განაჩენს ეწინააღმდეგება“.
2009 წლის 1-ელი ივნისს, “Air France“-ის რეისი AF447, რომელიც რიო-დე-ჟანეიროდან პარიზისკენ მიფრინავდა, ატლანტის ოკეანის თავზე იმყოფებოდა, როდესაც პილოტებმა ავიალაინერზე კონტროლი დაკარგეს და თვითმფრინავი ოკეანეში ჩავარდა. “Airbus A330“-ის ბორტზე მყოფი 216 მგზავრიდან და ეკიპაჟის 12 წევრიდან ვერავინ გადარჩა.

კომპანიები ბრალეულობას უარყოფდნენ და მომხდარს პილოტების შეცდომას მიაწერდნენ, რის გამოც 2023 წელს პირველი ინსტანციის სასამართლომ ისინი გაამართლა. თუმცა მოგვიანებით საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შევიდა.
ნოემბერში გამართულ სხდომაზე პროკურორმა როდოლფ ჟუი-ბირმანმა Air France -ისა და Airbus-ის პოზიცია მკაცრად გააკრიტიკა.
"მათგან არაფერი გვსმენია, გულწრფელი ნუგეშის არცერთი სიტყვა. ეს არის ქვისგან ნაშენი თავდაცვის ხაზი. მთელ ამ ცირკს მხოლოდ ერთი სიტყვა შეესაბამება უზნეობა“, - განაცხადა ფრანგმა პროკურორმა.

დაღუპულთა ოჯახების ადვოკატებს მტკიცებით, ორივე გიგანტმა კარგად იცოდა ე.წ. “პიტოს მილების“ (Pitot tubes - სიჩქარის საზომი ხელსაწყოები) გაუმართაობის შესახებ, პილოტები კი მაღალ სიმაღლეზე მსგავსი კრიტიკული სიტუაციების სამართავად არ იყვნენ გადამზადებულნი. სასამართლო განხილვისას გაირკვა, რომ ატლანტის ოკეანის თავზე, შტორმის დროს, აღნიშნული მილები ყინულის კრისტალებით დაიბლოკა, რამაც კაბინაში განგაშის სიგნალები ჩართვა და ავტოპილოტის გამორთვა გამოიწვია. ექსპერტების დასკვნით, ხელსაწყოების მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ, პილოტებმა თვითმფრინავი მკვეთრად ასწიეს ზემოთ, რამაც ლაინერის სიჩქარის კარგვა და ოკეანეში ვარდნა გამოიწვია.
სასამართლომ კომპანიები ყველა წარდგენილ ბრალდებაში ცნო დამნაშავედ.