ნიუ-იორკს უეცრად ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი დაატყდა თავს, რის გამოც გზებზე ჩარჩენილი მძღოლები იძულებულნი გახდნენ, მოვარდნილი წყლის ნაკადებისგან თავის დასაღწევად საკუთარი მანქანების სახურავებზე ასულიყვნენ.


გავრცელებულ კადრებში წყალში მთლიანად ჩაძირული ავტომობილები და მგზავრები ჩანს , რომლებიც ძლიერ წყლის ნაკადებს მიაქვთ . ძლიერმა თავსხმამ და დაახლოებით 96 კმ/სთ სიჩქარის მქონე ქარმა ქალაქს გასულ ოთხშაბათს, გვიან ღამით გადაუარა.
შტორმის შესახებ გაფრთხილება მთელ ნიუ-იორკში გამოცხადდა, თუმცა სტიქიამ ყველაზე დიდი დარტყმა ქუინსს მიაყენა, სადაც, მეტეოროლოგის თქმით, დაახლოებით 65 მმ ნალექი დაფიქსირდა.


შეფერხდა მეტროს რამდენიმე ხაზის მუშაობაც, რამაც მგზავრების მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. სახლში მიმავალი ადამიანების მგზავრობა ქაოსად იქცა. ნიუიორკელები ავტობუსის გაჩერების სკამებზე დგებოდნენ, რათა შტორმისგან თავი დაეცვათ. CBS -ის ცნობით, პოლიცია იძულებული გახდა გადაეკეტა მიწისქვეშა გასასვლელი 78-ე ქუჩასთან, სადაც ორი ავტომობილი რამდენიმე ფუტის სიღრმის წყალში აღმოჩნდა, "ჯეკი რობინსონის“ პარკვეიზე ჩარჩენილი მძღოლები კი იძულებულნი გახდნენ, გადასარჩენად მანქანების სახურავებზე ამძვრალიყვნენ.

თავსხმა წვიმამ ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. “Fox Weather“- ის ცნობით, “ქალაქში ტემპერატურა სულ რაღაც 35 წუთში 19 გრადუსით დაეცა.