არაოფიციალური სტატისტიკით, თურქეთში დაახლოებით 100 000 ქართველი ემიგრანტია, უმეტესობა დასავლეთ საქართველოდან. იმ იმედით, რომ მოსაზღვრე სახელმწიფო სახლთან ახლოა, ოჯახის მონახულებაც მარტივია. თურქეთში ემიგრანტების ცხოვრება დასავლეთის ემიგრანტების ცხოვრებისაგან ხელფასის სიმცირით განსხვავდება. აქ საშუალოდ ნახევარ ხელფასს იღებენ. იმავდროულად, თურქეთის ემიგრაციაში უფროსი თაობის წილი გაცილებით მაღალია. უმეტესობა მუშაობს მომვლელად, ნაწილი კი ძიძად ან საწარმოებში. თურქეთში თითქმის ვერ შეხვდები ემიგრანტებს კარიერული წინსვლითა და წარმატებით. რაც შეეხება კიდევ ერთ ნიშანს, ეს არის თანადგომა, განსაკუთრებით დაავადებულებისა და მათ შორის ფსიქიკურად დაავადებულების მიმართ... მათ შორის არის ემიგრანტი ნინო პაიჭაძე, რომელსაც ბოლო დღეებში ხშირად ხედავდნენ სტამბოლის ქუჩებში, ავტომანქანების ნაკადში აკივლებულსა და ხმამაღლა მოლაპარაკეს... რატომ ვერ ხერხდება ემიგრაციაში ფსიქიკურად დაავადებულის კლინიკაში გადაყვანა ან დროულად სამშობლოში დაბრუნება და როგორ ზრუნავენ მასზე ემიგრანტები, ამის შესახებ ნინო პაიჭაძის ძმისშვილი, ანუკა პაიჭაძე გვესაუბრება.
- სტამბოლის ქუჩებში, ალბათ, ბევრი ცნობდა თქვენს მამიდას, რომელზეც მიაჩნდათ, რომ გულშემატკივარი არ ჰყავდა...
- დიახ, ნინო პაიჭაძე ჩემი მამიდაა. ის ემიგრაციაში ჩვენი, ნათესავების გამო დასახმარებლად არ წასულა. საკუთარი ოჯახიც არა აქვს, რომ შვილების გამო წასულიყო. თუმცა ყველას აქვს პრობლემები და მანაც, ალბათ, ამის გამო გადაწყვიტა წასვლა ბინის გაყიდვის შემდეგ. ჩვენ ბათუმელები ვართ, მამიდა კი თბილისში ცხოვრობდა და სამწუხაროდ, ჩვენთან იშვიათად ურთიერთობდა. ბებიაჩემი ამის მიზეზად ბაბუაჩემის გარდაცვალებას ასახელებდა. როგორც ბებომ მითხრა, მამა მამიდაჩემს განსაკუთრებულად უყვარდა და მისმა გარდაცვალებამ იმხელა სტრესი მიაყენა, რომ არავის დანახვა აღარ სურდა... მერე ისე გაუმწვავდა მდგომარეობა, მკურნალობა დასჭირდა, რამაც ძალიან დადებითად იმოქმედა. თურქეთში სწორედ იმ პერიოდში წავიდა, ისე, რომ ჩვენთვის არაფერი უთქვამს. რომ ვეძებდით, მისი თურქეთში ყოფნა მხოლოდ მოგვიანებით, მეზობლებისაგან შევიტყვეთ, რომლებიც ასევე თურქეთში იყვნენ სამუშაოდ. ნინო ყოველთვის მუშაობდა, თუმცა მედიკამენტებს ალბათ აღარ იღებდა, რამაც დაავადება გაუმწვავა. ამას ახლა ვფიქრობთ, თორემ თვითონ არ გვეკონტაქტებოდა. თუმცა ჩვენც მხედველობიდან არ ვკარგავდით, ისე, რომ მას არ გაეგო, არ სურდა და იმიტომ.
- ბევრი ემიგრანტი გაურბის საკუთარ წარსულსა და ტკივილს, რომელიც ემიგრაციაში მძიმედ იჩენს თავს.
- გეთანხმებით, მაგრამ ჩვენ არასოდეს შეგვიწყვეტია იმ ადამიანებთან კონტაქტი, ვინც მის გვერდით იყო და ვისი სიკეთითაც გაოცებული ვართ. ბოლოს შვიდი წელიწადი ცხოვრობდა სამეგრელოდან წასულ ოჯახთან, რომელიც ნინოს ბინის ქირის გარეშე იფარებდა. წარმოიდგინეთ, ემიგრანტებმა, რომლებიც თავად ქირაობდნენ ბინას, მას ფართობი გამოუყვეს და ყურადღებას აქცევდნენ. გააგრძელეთ კითხვა