"დღემდე ადამიანები გვწერენ, რომ საქართველოში, სოფელში ცხოვრება არ გამოგვივა, რომ ყველა ქალაქში გარბის და ამ გადაწყვეტილებას ვინანებთ" - ამბობს ეკა ილურიძე... როდესაც უცხოვრებელ სახლში შევიდნენ, არაფერს ჰქონდა თავისი ადგილი. ერთი წუთით შეუძლებელი მოეჩვენა აქ ცხოვრება. დილით ადრე ადგა და ტირილი დაიწყო, ინანა რომ საერთოდ დაბრუნდა. მეუღლე ძალიან გაგებით მოეკიდა მოეკიდა ემოციურ მდგომარეობას და ყველანაირად ცდილობდა მისთვის კომფორტი შეექმნა...
თუ როგორია ახალგაზრდა წყვილის ახლო წარსული და დღევანდელობა, ამის შესახებ თავად გვესაუბრებიან...
- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ბავშვობაში სოფელში ზაფხულობით ჩავდიოდი. დიდ დროს არ ვატარებდი იქ, თუმცა ძალიან მიყვარდა იქ დროის გატარება. მახსოვს ერთხელ სოფლის მარშუტკით ვმგზავრობდით მე და დედა, როგორც კი გადავუხვიეთ ემოციებისგან სიმღერა დავიწყე: სოფელო, ჩემო ოკამო... დღემდე მახსენებენ ამ ამბავს სოფელში ქალები, ვინც ჩვენთან ერთად მგზავრობდა.პეტრე: დავიბადე და გავიზარდე ქობულეთში. ბავშვობაში მთელ ზაფხულს და შაბათ-კვირას გურიაში, ჩემს სოფელში ვატარებდი.
- ერთმანეთი სად და როდის გაიცანით?
- ერთმანეთს შევხვდით გურიაში. 2020 წელს, ახალი წლის შესახვედრად მე ჩემს ნათესავებთან ჩავედი სტუმრად, ამავე საღამოს პეტრეც ამ ოჯახში მოვიდა სტუმრად. ზუსტად აქ გაჩნდა ნაპერწკალი, მას შემდეგ ჯერ ვმეგობრობდით, 2023 წელს კი დავოჯახდით. დაოჯახების შემდეგ გადავწყვიტეთ თბილისში ცხოვრება. ორივე სიახლის მოყვარულები ვართ, რუტინული სამუშაო არცერთს არ მოგვწონდა, გვინდოდა რაღაც ჩვენი გაგვეკეთებინა. ასე გაჩნდა იდეა და გავხსენით დრაივ კაფე. თანამშრომლები არ გვყავდა, ყველაფერს ჩვენით ვაკეთებდით. პეტრეს დიდი გამოცდილება ჰქონდა ამ სფეროში, მე კი ყოველთვის ვოცნებობდი საკუთარ კაფეში ყავის ულიმიტოდ დალევაზე. დაახლოებით ორი წლის შემდეგ მივხვდით, რომ კიდევ უფრო მეტი გვინდოდა, კაფეს საქმეები არ გვაძლევდა საშუალებას გვქონოდა დრო საკუთარი თავისთვის და მეგობრებისთვის. ამ ყველაფერმა კი მიგვიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ წავსულიყავით საზღვარგარეთ და უკან გარკვეული კაპიტალით დავბრუნებულიყავით.

პეტრე
- პოლონეთში წავედით, სადაც ბიძაჩემი (პეტრეს ბიძა) დაგვხვდა. მე მასთან დავიწყე მუშაობა, ეკამ სხვა სამსახური მოიძია. ექვსი თვე ვაი ვაგლახით გავუძელით იქ ყოფნას. ყველაზე რთული მონატრება იყო, როგორც ოჯახის ისე საკუთარი ქვეყნისა და ენის. იქ უფრო მეტად დავაფასეთ და გავიაზრეთ როგორი ძვირფასია ოჯახი და სამშობლო.
ეკა
- პოლონეთში ქალაქგარეთ ვცხოვრობდით, პატარა ლამაზ სოფელში. სამსახურში მანქანით დავდიოდით, დაახლოებით 20 წუთის გზა იყო. ამ ყველაფერში ის გვხიბლავდა რომ სამსახურიდან დაბრუნებულებს შეგვეძლო სუფთა ჰაერზე ყოფნა და ბუნებით ტკბობა. ეს გვიმსუბუქებდა სტრესს. პატარა ეზო გვქონდა სადაც ცოტა ბოსტნეული მოვიყვანეთ, ყვავილები ჩავრგეთ. ეს პროცესი ჩემთვის თერაპია იყო. მივხვდით რომ საქართველოში ისევ თბილისში ცხოვრება აღარ გვინდოდა. ამ დროს შევთავაზე პეტრეს ჩემს სოფელში გადასვლა, სადაც მამაპაპისეული სახლი გვაქვს. ძალიან ბევრი საქმე გველოდა წინ, ვგულისხმობ რემონტს და მშენებლობას. ამ პერიოდში პეტრე საკუთარ ფერმაზე ოცნებობდა, არც კი დაფიქრდა, მაშინვე დამთანხმდა. ორივემ დავინახეთ პერსპექტივა. მე თავიდანვე დავგეგმე, რომ ყველაფერს გადავიღებდი და საკუთარ ბლოგს დავიწყებდი. დღემდე ადამიანები გვწერენ, რომ საქართველოში, სოფელში ცხოვრება არ გამოგვივა, რომ ყველა ქალაქში გარბის და ამ გადაწყვეტილებას ვინანებთ. მაგრამ ჩვენ ჯიუტად ვაგრძელებთ და ძალიან გვინდა ბევრისთვის გავხდეთ მოტივაცია, რომ დაუბრუნდნენ საკუთარ ფესვებს და ბევრ სახლს აჩუქონ ახალი სიცოცხლე.

- რა იყო სოფლად გადასვლის შემდეგ ყველაზე დიდი სირთულე?
- პოლონეთიდან დაბრუნებულები, პირველივე დღეს სოფელში ჩამოვედით და მას შემდეგ აქ ვართ. პირველი დღე ყველაზე რთული იყო. უცხოვრებელ სახლში შემოვედით და არაფერს ჰქონდა თავისი ადგილი. ერთი წუთით შეუძლებელი მომეჩვენა აქ ცხოვრება. დილით ადრე ავდექი და ტირილი დავიწყე. ვინანე რომ საერთოდ დავბრუნდი. პეტრე ძალიან გაგებით მოეკიდა ჩემს ემოციურ მდგომარეობას და ყველანაირად ცდილობდა ჩემთვის კომფორტი შეექმნა. პირველი ორი დღე იყო ასეთი, შემდეგ უკვე მივხვდი საიდან უნდა დაგვეწყო, გავწერეთ გეგმა და შევუდექით საქმეს. პირველ რიგში აბანო და სამზარეულო მოვაწესრიგეთ. სრულიად გამოუცდელებმა დავიწყეთ, პირველი კარადის აწყობა რომ შევძელით მას შემდეგ აღარ გავჩერებულვართ. ამასობაში შემოგვესწავლა მშენებლობაც, რემონტიც, ავეჯის რესტავრაციაც...

გაიზარდა ჩვენი ბლოგიც სოციალურ ქსელში და გამოჩნდნენ პატარა სპონსორებიც. ამ ყველაფრის გარდა დღეს უკვე სოფლის მეურნეობაც დაგვემატა. წელს უამრავი ხილი და ბოსტნეული უნდა მოვიყვანოთ. დავიწყეთ უკვე მიწის დამუშავება. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი მშობლების ჩართულობა ამ ყველაფერში. ძალიან გვეხმარებიან, გვერდში გვიდგანან და გვამხნევებენ. კასპის რ.ნ სოფელი ოკამი თბილისიდან 20-25 წუთის სავალზეა, ეს ერთ-ერთი მიზეზია რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ქალაქთან ახლოს ვართ და მარტივია. მამაჩემის სოფელია, როგორც უკვე, აღვნიშნე, მამაპაპისეული სახლი გვქონდა აქ და ნაკვეთებიც. არავინ ცხოვრობდა და ჩვენ გადმოვედით აქ. დღესდღეობით მაქსიმალურად ვცდილობთ მიწის ნაკვეთები ავითვისოთ და ვცადოთ სხვადასხვა კულტურის მოყვანა, რომ შემდგომში რომელიმე კონკრეტულს გავყვეთ. ასევე მიზნად გვაქვს სოფელში ტურისტული აქტივობების დანერგვა, ძალიან გვინდა რომ ბევრი სტუმარი გვყავდეს, როგორც უცხოელი ისე ადგილობრივი. ამ ეტაპზე მხოლოდ მიწათმოქმედებით ვართ დაკავებული. გავაშენეთ მარწყვი. ასევე ყველა სახის ბოსტნეული. მწვანილები. ჩავყარეთ ხეხილიც. შემოდგომისკენ გვინდა ვაზის გაშენებაც რადგან ოკამში ძალიან ცნობილი ვაზის ჯიშები მოჰყავთ და ერთ-ერთი საუკეთესო ღვინო გვაქვს.

რაც შეეხება ცხოველებს და ფრინველებს, წელს არ გამოგვივა რადგან ისედაც უამრავი საქმე გვაქვს და ვეღარ ვასწრებთ, მაგრამ ორივეს ძალიან გვინდა და იმედია მალე შევძლებთ მესაქონლეობა-მეფრინველეობას. ამ ყველაფრის პარალელურად ჩვენი სახლის მშენებლობაც მიმდინარეობს. როგორც ზემოთ აღვნიშნე ჩვენი ხელით ვაკეთებთ ყველაფერს და ნელი ტემპით მივიწევთ წინ. სოფელი ძალიან მჭიდროდაა დასახლებული, თუმცა ახალგაზრდები ძირითადად ქალაქში არიან ან იქ მუშაობენ. ჩვენი მშობლების თაობის ხალხს უფრო შეამჩნევთ, ვიდრე ახალგაზრდებს.