ავტორი:

უმძიმესი ავარია და გადარჩენილი ახალგაზრდები: "ამაღლება იყო და დაიცვა უფალმა ისინი" - რას ჰყვება ახაშენის სკოლის დირექტორი სოფელ ვაჩნაძიანთან მომხდარ ავარიაზე

უმძიმესი ავარია და გადარჩენილი ახალგაზრდები: "ამაღლება იყო და დაიცვა უფალმა ისინი" - რას ჰყვება ახაშენის სკოლის დირექტორი სოფელ ვაჩნაძიანთან მომხდარ ავარიაზე

გუშინ, სოფელ ვაჩნაძიანთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებულთა მდგომარეობა საბედნიეროდ სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ცნობილია, 21 მაისს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანთან ტრაილერს შეეჯახა ავტომობილი, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. გუშინვე ითქვა, რომ მათ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღიათ.

  • როგორც ირკვევა, მსუბუქი ავტომობილი ახაშენის სკოლა დამთავრებული ბავშვების კოლონას მიჰყვებოდა, თუმცა მასში მყოფი პირები მე-12 კლასელები არ ყოფილან. 4 ახალგაზრდა გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კლინიკის ხელმძღვანელის, გიორგი შათირიშვილის ინფორმაციით, სამ მათგანს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები არ აღენიშნება. ერთს კი ოპერაცია ჩაუტარდა. შსს-შიც განაცხადეს, რომ მანქანა, რომელიც ავარიაში მოჰყვა "ბოლო ზართან" კავშირში არ არის, უბრალოდ, ბავშვები, რომლებიც "ბოლო ზარს" აღნიშნავდნენ იქვე იყვნენ და ცნობისმოყვარეობის გამო გაჰყვნენ მათ.

AMBEBI.GE დეტალების გასარკვევად გურჯაანის სოფელ ახაშენის სკოლის დირექტორს დაუკავშირდა:

“გუშინ თავიდან არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს ბოლო ზარის მანქანა მოყვა ავარიაში. ავტომობილი, რომელშიც ხუთი ახალგაზრდა იჯდა ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლეები არიან, დაშავებულებს შორის მხოლოდ ერთია არასრულწლოვანი, ის ჩვენი მოსწავლეა, მეათე კლასელი. დანარჩენებმა შარშან დაამთავრეს სკოლა. მეც მივედი შემთხვევის ადგილზე, ოთხი დაშავებული ახალგაზრდა უკვე გადაყვანილი იყო საავადმყოფოში, ერთი, ჩემი მოსწავლე, გადასაყვანი იყო და ის თელავში გადაიყვანეს, შედარებით მსუბუქად იყო.

უბრალოდ ბოლო ზარი რომ იყო, ეს ახალგაზრდები გაჰყვნენ ბავშვების კოლონას, მიყვებოდნენ ცოტა მოშორებით და ამ დროს მოხდა ეს ავარია. გუშინ ამაღლება იყო და დაიცვა უფალმა ისინი. საბედნიეროდ მძიმე დაზიანებები არ აქვთ, ძირითადად ხელის მოტეხილობები და ერთს აქვს მენჯ-ბარძაყის ძვალი მოტეხილი, ყველა გადარჩა, მადლობა უფალს, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ. ყველას მდგომარეობა ვიცი, გვიანობამდე ვიყავი კლინიკაში და სტაბილურად არიან. ისე ძალიან განვიცადე, გუშინ რომ დაგერეკათ, ვერც გიპასუხებთ. ყველას მდგომარეობა სტაბილურია საბედნიეროდ. ერთია მოსწავლე, დანარჩენი ოთხი სკოლა დამთავრებულები არიან, ზოგი ჩვენი ყოფილი მოსწავლეა, ზოგი სხვა სკოლის.

ყველა ჩვენია, ყველა ჩვენი შვილია. ღმერთს მადლობა, რომ რამე ისეთი არ მოხდა. ჩვენი სკოლის მოსწავლეების კოლონა მაქსიმალურად იყო გაკონტროლებული, პატრულიც იყო, ყოველ წუთში დამრიგებელთან კონტაქტი მქონდა და პოლიცია წინ მიუძღოდათ. ეტყობა ესენი რომ დაინახეს, ესენი მანქანით გაჰყვნენ უკან, გზიდან გაყოლილები, სკოლის ტერიტორიაზეც ვერ დავინახე მე ისინი. ავარია მომხდარია ვაჩნაძიანში ხიდთან, ბენზინ გასამართი სადგური რომ არის და მძიმე სანახავი იყო ემოციურად ჩემთვის ის დამსხვრეული მანქანა, საბედნიეროდ გადარჩნენ. ყველას ვულოცავ" - ამბობს გურჯაანის სოფელ ახაშენის სკოლის დირექტორი, ქალბატონი ნონა კობიაშვილი- ლიპარტაშვილი.

წაიკითხეთ ასევე: