ბრიუსელისთვის და ზოგიერთი დედაქალაქისთვის მისაღებია მშვიდობიანი მიტინგების ხელკეტებით დარბევა და ადამიანებისთვის ძაღლების მიქსევა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
"ამ ძალადობაზე რეაგირების ნაცვლად ჩვენ გვესმის ცინიკური განცხადებები დანიის ხელისუფლების მხრიდან, რომ დიალოგი ვერ შედგა და ამიტომ ძაღლები უნდა მიექსიათ თურმე და ხელკეტები ერტყათ ადამიანებისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ დანიის ხელისუფლებამ გამოიძიოს ეს საქმე და დასჯილ იქნას ყველა, ვინც ამ ძალადობაში იყო ჩართული.
90-იანი წლების ჩათვლით, დანიაში იყო სისტემური პრაქტიკა გრენლანდიის ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითა და მოტყუებით სტერილიზებისა. ქალი მოსახლეობის ნახევარზე მეტის, მათ შორის, არასრულწლოვანების, 12 წლის გოგონების სტერილიზება მოტყუებით მოახდინეს და დღემდე არ არის გამოძიებული ეს საქმე და არ არიან დასჯილები ის ექიმები, ვინც ვინც ამ პრაქტიკაში ჩართულები იყვნენ და დღემდე საექიმო პრაქტიკას ეწევიან.
ეს პრაქტიკა გათანაბრებული არის გენოციდთან და, რა თქმა უნდა, როდესაც არის ასეთი შეფასებები ამ პრაქტიკის მიმართ, რომ ეს იყო გენოციდი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხრიდან და ამას დიდი ხანი ფარავდნენ და დღემდე არ იძიებენ ან არ სჯიან დამნაშავეებს, ეს არის აღმაშფოთებელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე შეაფასა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები, რომელიც დანიაში აქციის დაშლას უკავშირდება.
„ჩვენ მოვისმინეთ ასევე შეფასებები ქართული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომ კი, იქ იყო ძალადობა, თუმცა, სამაგიეროდ დანია არის მდიდარი ქვეყანა. ეს არის მათი წარმოდგენით ევროპული ღირებულება, რომ თუ ხარ მდიდარი ქვეყანა, თუ პენსია არის რაღაც ოდენობის, მაშინ თურმე მშვიდობიან ადამიანებზე ძალადობა შეიძლება. ასეთი ევროპა ესახება მათ წარმოდგენაში, რომ მთავარია იყო ეკონომიკურად კარგად და მერე შეიძლება ცემო მშვიდობიანი მომიტინგეები და ძაღლებით გაიწიო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.