ავტორი:

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ტკიპამ გიკბინათ და რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ბუნებაში გასვლა კლინიკაში არ დაასრულოთ?

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ტკიპამ გიკბინათ და რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ბუნებაში გასვლა კლინიკაში არ დაასრულოთ?

გაზაფხულსა და ზაფხულში ბუნებაში გასეირნება, პიკნიკი ყველას გვიყვარს. თუმცა, სითბოსთან ერთად იღვიძებენ ისინიც, ვისი დანახვაც ყველაზე ნაკლებად გვიხარია - ტკიპები. ამ პატარა არსებებს ისეთი საშიში ინფექციების გადატანა შეუძლიათ, როგორიცაა ლაიმის დაავადება და ტკიპისგან გამოწვეული ენცეფალიტი.

  • ბევრმა არ იცის, მაგრამ ტკიპებს თავისი "გემოვნება“ აქვთ - ექსპერტების თქმით, მათ განსაკუთრებით ღია ფერის ტანსაცმელი იზიდავთ.

იმისთვის, რომ სეირნობიდან მხოლოდ კარგი მოგონებები დაგვრჩეს, დაიცავით ეს 5 მარტივი წესი:

თავდაცვა აეროზოლით: ტყეში ან პარკში გასვლამდე ტანსაცმელსა და კანზე აუცილებლად მიისხურეთ ტკიპებისა და კოღოების საწინააღმდეგო სპრეი.

სპეციალური დრეს-კოდი: დაივიწყეთ მოდა - შარვლის ბოლოები წინდებში ჩაიტანეთ, ფეხზე კი მთლიანად დახურული ფეხსაცმელი ჩაიცვით. ეს ტკიპასთვის გადაულახავი ბარიერი იქნება.

მიჰყევით ბილიკს: იარეთ შუა ბილიკზე. ნუ შეხვალთ მაღალ ბალახსა და ბუჩქებში - ტკიპები ჩასაფრებას სწორედ იქ აწყობენ.

რეგულარული შემოწმება: სეირნობისას, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ, გადაამოწმეთ საკუთარი თავი, ბავშვები და შინაური ცხოველები.

ფინალური კონტროლი: სახლში დაბრუნებისთანავე გაიხადეთ ტანსაცმელი და კიდევ ერთხელ კარგად დაათვალიერეთ მთელი სხეული. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კანის ნაოჭებსა და თმიან ნაწილებს.

რა ვქნათ, თუ ტკიპამ მაინც გვიკბინა?

მთავარი წესი - იმოქმედეთ სწრაფად და პანიკის გარეშე!

დაივიწყეთ ხალხური მეთოდები! არავითარ შემთხვევაში არ დაასხათ ტკიპას ზეთი, სპირტი, ფრჩხილის ლაქი ან ბენზინი. შიშისა და ჰაერის უკმარისობისგან ის უფრო მეტ მომწამვლელ ნერწყვს გამოყოფს სისხლში, რაც ინფიცირების რისკს ერთიორად ზრდის.

როგორ მოვაშოროთ: არ მოუჭიროთ თითები ან ჩვეულებრივი პინცეტი ტკიპას მუცელზე. საუკეთესო ვარიანტია სპეციალური, აფთიაქში შეძენილი "ტკიპას ამოსაღები“ მარყუჟი ან ინსტრუმენტი. ფრთხილად ამოიღეთ ის ან მიაკითხეთ უახლოეს კლინიკას.

მოცილების შემდეგ: ნაკბენი ადგილი ანტისეპტიკით დაიმუშავეთ, ხელები კი საპნითა და გამდინარე წყლით კარგად დაიბანეთ. თავად ტკიპას ლაბორატორიაში წაღება საჭირო არ არის - თანამედროვე სამედიცინო პროტოკოლები ამას აღარ მოითხოვს.

როდის მივმართოთ ექიმს?

მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყურადღებით დააკვირდით ჯანმრთელობას. ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, თუ:

ტკიპა კანში 36 საათზე (დღე-ნახევარზე) მეტხანს იყო დარჩენილი.

ნაკბენ ადგილას ან სხეულის სხვა ნაწილზე გაჩნდა მზარდი წითელი ლაქა (წრის ფორმის).

მოულოდნელად აგიწიათ სიცხემ ან გაგიჩნდათ გრიპის მსგავსი სიმპტომები.

წინასწარ ჩადეთ სალაშქრო აფთიაქში ტკიპას მოსაცილებელი პატარა ხელსაწყო, დამცავი სპრეი და დაისვენეთ ბუნებაში მშვიდად!