პორტუგალიაში შოკისმომგვრელი შემთხვევა მოხდა. ორი მცირეწლოვანი ძმა დედამ და მამინაცვალმა ტყეში მიატოვეს, მათ თვალები ახვეული ჰქონდათ.
5 და 3 წლის ბიჭები ადგილობრივმა ცოლ-ქმარმა - ევგენია და არტურ კვინტასებმა სამშაბათს საღამოს, დაახლოებით 19:00 საათზე, ალკასერ-დუ-სალსა და კომპორტას შორის მდებარე სოფლის გზაზე მარტო მოხეტიალეები იპოვეს.
ბავშვებს თან ჰქონდათ ჩანთაში ჩალაგებული გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ორი ვაშლი და ორი ბოთლი წყალი.


„ტიროდნენ, ძალიან შეშინებულები იყვნენ. მამას ეძახდნენ,“ — თქვა არტურ კვინტასმა.
ცოლ-ქმარმა ბავშვები სახლში წაიყვანა და პოლიციას დაუკავშირდა. სამართალდამცავებმა ისინი სეტუბალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სრულ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ. ექიმების განცხადებით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.

ტოქსიკოლოგიურმა კვლევამ დაადგინა, რომ მშობლებს ბავშვებისთვის ნარკოტიკული ნივთიერებები არ მიუციათ.
ბავშვებთან საუბრის შემდეგ პოლიციამ დაადგინა, რომ ისინი საფრანგეთიდან იყვნენ ჩაყვანილები.

ბიჭების მონაყოლით, მშობლებმა უთხრეს, თითქოს თამაშს თამაშობდნენ, რომლის მიზანიც „ეშმაკის განდევნა“ იყო.
ბავშვები რამდენიმე წუთის განმავლობაში მიწას თხრიდნენ, სანამ უფროსმა ძმამ თვალსახვევი თავად არ მოიხსნა. ამის შემდეგ მიხვდნენ, რომ სრულიად მარტოები იყვნენ. ორივე მცირეწლოვანი დროებით მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. მოგვიანებით მათი საფრანგეთის საელჩოში გადაყვანა იგეგმება.
პორტუგალიისა და საფრანგეთის პოლიციის გამოძიებით დადგინდა, რომ დედა — რომელიც საფრანგეთის აღმოსავლეთ ქალაქ კოლმარიდან არის — დაახლოებით ორი კვირის წინ ბავშვებთან ერთად გაუჩინარდა და შემდეგ პორტუგალიისკენ გაემგზავრა.
ბავშვების ბებიამ, ანუ დედის დედამ, პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ შვილიშვილები დედამ გაიტაცა.
ოჯახი პორტუგალიაში 11 მაისს, ესპანეთის საზღვართან მდებარე ბრაგანსას გავლით შევიდა.
ფრანგი სამართალდამცავების ინფორმაციით, მამინაცვალს ფსიქიკური აშლილობა აქვს. პორტუგალიის პოლიცია ამ დრომდე აგრძელებს წყვილის ძებნას.