“არ მჭირდება ინტერესების დაცვა, მე მინდა მარტო ვიყო“, - ამის უპასუხა საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ როსტომ მაზმიშვილმა მოსამართლეს კითხვაზე, სურდა თუ არა მისი ინტერესები ადვოკატ ილია ნაცვლიშვილს დაეცვა.
“არ ვიცი, ადვოკატი სახაზინოა თუ კერძო. მე ასე მაქვს გადაწყვეტილი. იყოს სახაზინო, კერძოს მე ფულს ვერ გადავუხდი. თუ დედაჩემი ასე თვლის, იყოს ასე, მაგრამ მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა, მე მინდა მარტო ვიყო”, - განაცხადა ბრალდებულმა.
აღნიშნულის შემდეგ რამდენიმე წუთიანი შესვენება გამოცხადდა. შესვენების შემდეგ ბრალდებულმა თანხმობა განაცხადა, მისი უფლებები ადვოკატ ილია ნაცვლიშვილს დაეცვა.
„ვსვამ კითხვას, რატომ ჩავიდინე და პასუხს მე ვცემ.
დავიწყოთ იქიდან, 3 წლის განმავლობაში ვცდილობდი პატრიარქთან შეხვედრას, ხან ნომერი დავტოვე, ხან რა დავტოვე, სამებაში ვიყავი წყნარად, დაცვას ვთხოვე მოსაყდრე შიოსთვის გადაეცათ, რომ შეხვედრა მსურდა, საპატრიარქოში მივედი, გამომიშვეს",- განაცხადა ბრალდებულმა, რა დროსაც მას მოსამართლემ სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ გამოძიების ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებდა ის, შესაბამისად, მისი უფლება რომ არ დარღვეულიყო, პოზიცია ადვოკატთან შეეთანხმებინა.
როსტომ მაზმიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, როსტომ მაზმიშვილი 2026 წლის 20 მაისს, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ავტომანქანით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. „შლაგბაუმი“, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა.
შემდგომ კი ის ეზოში მყოფ პირებს ემუქრებოდა,
როსტომ მაზმიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვის ნივთის დაზიანება) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იხილეთ ასევე: