"დღემდე ვერაფრით გავბედე, ვყოფილიყავი ისეთი თავხედი, რომ მომეწყო ჩემი ცხოვრება. საკუთარ პრინციპებზე მეთქვა უარი და მხოლოდ კეთილდღეობაზე მეფიქრა", - ამბობს მსახიობი რამაზ იოსელიანი. რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რის ეშინია და რის გამო იღებს საყვედურებს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- მსახიობი. ეს პროფესია გაძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვაგვარ სიტუაციაში აღმოჩნდე, სხვადასხვა ადამიანი გახდე.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ისევ მსახიობი ვიქნებოდი. სხვა დეტალებსაც არ შევცვლიდი, ვერ შევცვლიდი, ყველაფერი განგების ნებაა, ზემოდანაა დაწერილი.
- ბედისწერის გჯერათ?
- მჯერა, რაც გიწერია, მაინც არ აგცდება. როგორც საკუთარი, ისე სხვების გამოცდილებიდან ბევრმა მაგალითმა დამაჯერა, ბედისწერა მაინც გადამწყვეტია.
- ჩემი პირველი წარმატება...
- იყო პიონერთა სასახლეში, როცა ვთამაშობდი სპექტაკლში "რობინ ჰუდი". მაქებდნენ და ამაზე ვგიჟდებოდი. იმ პერიოდის სასახლის ბავშვებში პოპულარული ვიყავი და ესეც მომწონდა.
- დღეს ჩემთვის პოპულარობა...
- ადამიანების სიყვარულია, სხვას არაფერს გძენს. როცა იცი, მაყურებელს უყვარხარ, პატივს გცემს, ეს უდიდესი ენერგიის მომცემია. პოპულარობა პასუხისმგებლობაცაა, სულ ფორმაში უნდა იყო, ადამიანების შენდამი სიყვარული უნდა გაამართლო.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- მიხეილ თუმანიშვილს. ეს ადამიანი რომ არ ყოფილიყო, ალბათ არ ვიქნებოდი ისეთი მსახიობი, როგორიც დღეს ვარ.
- ბედნიერი ვარ...
- რომ ეს პროფესია ავირჩიე და სამუშაო მაქვს. მსახიობს უნდა ჰქონდეს ყოველთვის თავის სათქმელი, მოქალაქეობრივი პოზიცია და ა.შ.
- ჩემი სავიზიტო ბარათი...
- ჩემი როლებია.
- მათგან გამორჩეული რომელია?
- ბოლოს ქუთაისის თეატრში სპექტაკლი "ჰელვერის ღამე" (რეჟისორი გიორგი თავაძე) დაიდგა, ჩემი პერსონაჟი ძალიან მიყვარს. ბოლომდე ვიხარჯები, დარბაზიდან უსაზღვრო ენერგია, სიყვარული და ბევრი ცრემლი მოდის, პიესა სენტიმენტალურია. ადამიანები თეატრიდან მიდიან ემოციებით ავსებული, აფორიაქებული.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ვიდგე სცენაზე. პროფესიული წყვეტის პერიოდი მქონდა, სოფელში ცხოველებს ვუვლიდი, კერამიკით ვიყავი დაინტერესებული, ახლაც მაქვს პატარა სახელოსნო, თიხაზე ვმუშაობ. როცა საქმე არ მაქვს, ამით ნერვებს ვიწყნარებ.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ერთგულებაა. ღალატი არ შემიძლია.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ და ბევრჯერ წავაგე. არა უშავს, მირჩევნია, ჩემს თავთან მართალი ვიყო. ვერაფრით ვითვალთმაქცებ...