ავტორი:

გაგრძელდება თუ არა ჩცდ? - ლევან ყოჩიაშვილი სერიალის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟსა და სიახლეებზე: "დასკვნითი სეზონი აუცილებელია"

გაგრძელდება თუ არა ჩცდ? - ლევან ყოჩიაშვილი სერიალის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟსა და სიახლეებზე: "დასკვნითი სეზონი აუცილებელია"

პოპულარული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" მეოცე სეზონის დაწყებას გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებიან. როდის განახლდება სერიალის გადაღებები, ეს არავინ იცის. ამიტომ „კავეა პლუსმა“ სერიალის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო. როგორც სერიალის გულშემატკივრებს, ასევე სერიალის მსახიობებს ძალიან უნდათ, რომ პროექტი ისევ დაიწყოს.

ანა ტყებუჩავას განცხადებით, პროექტი ახალ ეტაპზე გადადის: "ამიერიდან უყურეთ „ჩცდ-ს“ ცხრამეტივე სეზონს მხოლოდ „კავეა პლუსზე“, რა თქმა უნდა, უფასოდ, ხოლო ჩვენ შემოგვიერთდით ყოველ ხუთშაბათს. ჩვენ აქ ვისაუბრებთ ყველაფერ იმაზე, რაც კამერას არ დაუფიქსირებია, თუ როგორ შევიკრიბეთ, როგორ გავიარეთ კასტინგი და, ზოგადად, როგორ დაიწყო სერიალი. როგორ გავიარეთ ძალიან ბედნიერი და ამავდროულად ძალიან რთული დღეები, როგორ ვხალისობდით და როგორ დაგვზარდა სერიალმა. ამიტომ ეს ისტორია აქ არ დამთავრებულა და დღეიდან ყოველ ხუთშაბათს ჩვენ უკვე ახალ ფორმატში ვხვდებით ერთმანეთს, უფრო უშუალოდ და უფრო გულწრფელად“, - ამბობს ანა ტყებუჩავა

AMBEBI.GE ჩცდ-ს მსახიობს ლევან ყოჩიაშვილს ესაუბრა:

- ლევან, 21 მაისს "კავეაზე" პირველი გადაცემა გავიდა და ხმა გავრცელდა, თითქოს ჩცდ-ს გადაღება უნდა დაიწყოს და სერიალი გრძელდება...

- კი, ეს არის სერიალის გოგოების-დადაქალების პოდკასტი. მათ მიჰყავთ, ვინც ჩცდ-ში მონაწილეობდა და ვინც ამ სერიალს ქმნიდა, კი, ის ხალხია. პირველი სტუმარი მე ვიყავი. მოიყვანენ სხვა მსახიობებსაც, შემოქმედებით ჯგუფს, რომლებიც მოჰყვებიან იმ ამბებს, რაც კადრს მიღმა დარჩა: რა დროს რა ხდებოდა, რომელ სეზონსა თუ სერიაში იმას გაიხსენებენ. ალბათ, მართლაც ამან გამოიწვია ეს მითქმა-მოთქმა.

- საერთოდ არ არის საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა ეს სერიალი აღდგეს?

- არა, საერთოდ არ არის ჯერ არაფერზე ლაპარაკი - არც გაგრძელებაზე, არც სხვა რამეზე... რა თქმა უნდა, მეც მენატრება... ძალიან დიდი დრო გვაქვს იქ გატარებული. 19 სეზონი და 12 წელი... იმ საოცარი მუშაობის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვართ მდგომარეობიდან... იმდენად სახალხო გახდა ეს სერიალი და ისე შევიდა ოჯახებში, რომ ხალხი სერიოზულად გვეკითხებოდა, სადაური გოცირიძეები ხართო. ვეღარ არჩევდნენ პერსონაჟს და მსახიობს, სრული გაიგივება ხდებოდა. ასეთ დროს მეღიმებოდა, რა უნდა მეთქვა?! გულშემატკივრებისთვის გული არასდროს დამიწყვეტია, ვცდილობდი, ამ ადამიანებს არაფერი სწყენოდათ.

- ხშირად ვწერდი სერიალის მსახიობებს და ყოველთვის ყველა იმ დაძაბულ სამუშაო გრაფიკზე საუბრობდა...

- ძალიან დიდი ენერგია წაიღო, შეიძლება ითქვას, რომ იქ ვცხოვრობდით...

- ისე, დასკვნითი სეზონი, მაინც მგონია, რომ გადასაღებია, რომ სერიალს ლოგიკური ფინალი ჰქონოდა...

- კი, დასკვნითი სეზონი აუცილებელია.

- თქვენი გმირი სიურპრიზებით იყო სავსე: ვითომ ძალიან მშვიდი, მოწესრიგებული, მაგრამ უცებ ისეთ რამეს ჩაიდენდა, ყველას აოცებდა...

- ახერხებდა მაგას, დიახ. საერთოდ, სცენარი ყველა გმირს ბევრ ფერს მატებდა. ამიტომაც გაძლო სერიალმა ამდენ ხანს და ამიტომ უყურებდა მაყურებელიც. პერსონაჟები არ იყვნენ ერთფეროვნები. ყველას ძალიან კარგი მოგონება აქვს. ეპიზოდური როლის შემსრულებლებიც კი ძალიან ფერადები და დასამახსოვრებლები იყვნენ. ოჯახებზე რომ აღარაფერი ვთქვათ... მერე მუსიკალური ჯგუფიც შეიქმნა - „გამოუვალი მდგომარეობა“. ძალიან მოცულობითი და წარმატებული პროექტი იყო. ყველას, ვინც იქ იყავით, ძალიან გაგვიმართლა. დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს - მის უდიდებულესობას, იმიტომ რომ მის გარეშე არაფერი იქნებოდა. დიდი მხარდაჭერა, ინტერესი და მოლოდინი იყო სულ... ახლაც კი, როცა სერიალი აღარ გადის, მაინც უყურებენ ძველ სერიებს....

- ხარისხიანი პროდუქტია და ამიტომ...

- კი. მეც სულ ვცდილობდი, ტონუსი დამეჭირა, არ მოვდუნებულიყავი. მოდუნების საშუალებას არც სცენარი გვაძლევდა და არც მაყურებელი. ამიტომაც გამოვიდა ასეთი...

- თეატრთან თუ გაქვთ ახლა კონტაქტი?

- არა, თეატრში გარკვეული პერიოდი ვიყავი, მაგრამ სერიალი რომ დაიწყო, ვეღარ შევძელი შეთავსება. "სამეფო უბნის თეატრში“ ვიყავი. თეატრს სხვანაირი ერთგულება და დრო სჭირდება. თან სცენაზე ძალიან ვნერვიულობ. ამასთან ჩვენი ეკრანული შვილები - ჯეკო და ტასო - მაშინ პატარები იყვნენ... მათთან ბევრი სამუშაო იყო, უნდა შეგვეჩვია გადაღების პროცეს, რაღაცები გვესწავლებინა. სანამ პავილიონები იყო, თავიდან ცოტა პერსონაჟი ვიყავით და იქ ერთად ძალიან დიდხანს ვცხოვრობდით. პირველი ოთხი-ხუთი სეზონი იქიდან არ გამოვსულვართ. თან, ჩემს გმირზე ბევრი ხაზი იყო მობმული, თითქმის ყველა პერსონაჟთან მქონდა შეხება და პარტნიორობა, ამიტომ თეატრისთვის დრო აღარ მრჩებოდა. ბევრი რამ სჭირდება ამ ხელოვნებას... ძალიან პრეტენზიული, საპასუხისმგებლო პროცესია, ბევრი რამ უნდა დაგროვდეს შემოქმედში, რომ ეს შეძლოს. მე ეს ნერვიულობა და პასუხისმგებლობა სულ მქონდა და ალბათ სულ მექნება.

- ბევრ ადამიანს უყვარხართ... „თეატრალურში“ ვინ იყვნენ თქვენი პედაგოგები?

- ჩემი ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ანზორ ქუთათელაძე, მეორე პედაგოგი კი დიმიტრი ხვთისიაშვილი. მეტყველებას ქალბატონი ზინაიდა კვერენჩხილაძე და ციცინო კობიაშვილი გვასწავლიდნენ. ინსტიტუტში სტუდენტურ სპექტაკლებში შალვა გაწერილიასთან და ცოტა ხანი ლილი იოსელიანთანაც მომიწია მუშაობამ, ბატონმა დიმამ წაგვიყვანა დადგმაზე. მოკლედ, ამ ხალხთან მქონდა შეხება. ბოლოს კი „თემურ ჩხეიძის სახელოსნოში“ ვიყავი და იქ ვიყავი.

- ამ ეტაპზე რას საქმიანობთ, რას აკეთებთ? გვითხარით ჩვენ და უთხარით თქვენს გულშემატკივრებსა და თაყვანისმცემლებს, ვისაც ასე უყვარხართ..

- განსაკუთრებულს არაფერს. ტელევიზიისთვის ვახმოვანებ, ხან რეკლამაა, ხან - სხვა რამ. ხომ ვამბობ, ისეთი განსაკუთრებული, არაფერია. ფაქტობრივად, ამის გარდა სხვა საქმე არ მაქვს.