მსახიობ ვახო ჩაჩანიძეს ნიკოლოზ ხომასურიძის ახალ ფილმში "გააზიარე სიყვარული" შოთა რუსთაველის როლი ერგო. ფილმის ჟანრი ისტორიულ-რომანტიკულია და „ვეფხისტყაოსნის“ მიჯნურობის ათ თვისებაზეა. ეს ყველაფერი სხვადასხვა ისტორიულ გმირშია გაცოცხლებული, მათი ცხოვრების ეპიზოდებია მოთხრობილი. ეს არის სხვადასხვა ეპოქის წარმომადგენლის ერთი იდეით გადაჯაჭვული ამბები, რომლებიც ერთად იკვრება საქართველოს ისტორიას გვიყვება.
ფილმში შოთა რუსთაველის შემსრულებელ მსახიობს ვახო ჩაჩანიძეს ვესაუბრეთ.
- რის თქმა შეგიძლიათ ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმზე "გააზიარე სიყვარული", რომელშიც ითამაშეთ?
- ფილმის „გააზიარე სიყვარული“ პრემიერა ცოტა ხნის წინ იყო, მაგრამ ჯერ არ მინახავს. პირადად მე გადაღება ორი დღე მქონდა. შოთა რუსთველის როლი ვითამაშე. ფილმის უმთავრეს ტექსტს ვკითხულობ, „რომელმან შექმნა სამყარო“... ანუ ბრმა, უსინათლო შოთა რუსთველს ვასახიერებ...
- რატომ?
- არსებობს ვერსია, რომ დემნა უფლისწულია „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი, რომელიც უსინათლო იყო. დემნა უფლისწული გიორგის III-ის (თამარ მეფის მამის) ძმისშვილია... ვინაიდან რეჟისორი ამ ვერსიას არ გამორიცხავს, სწორედ ამაზე დაყრდნობით შეიქმნა ჩემი პერსონაჟი - ამიტომაც ფილმში რუსთველი უსინათლოა. პერსონაჟის გარეგნული სახის შესაქმნელად გრიმიორებს სერიოზული მუშაობა დასჭირდათ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თავიდანვე ძალიან გამიხარდა ამ როლის შემოთავაზება, თუმცა პასუხისმგებლობა მაშინ გავაცნობიერე, როცა უკვე როლზე დამამტკიცეს. მოკლედ, მერე დავფიქრდი, თუ რა მასშტაბის საქმეს შევეჭიდე. შოთა რუსთველის განსახიერება უდიდესი ტვირთია, მანამდე ასეთი საპასუხისმგებლო როლი არ მითამაშია. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, ეს როლი როგორ შევასრულე. ამ სცენის მხოლოდ პირველადი, ე.წ. „შავი მონტაჟი“ მაქვს მხოლოდ ნანახი, რაღაც ეპიზოდები... გადაღებები ხვამლის მთაზე გვქონდა და ეს იყო რაღაც საოცარი ემოცია.

- როგორც რეჟისორისგან ვიცი, ვახო ჩაჩანიძემ როლი ძალიან კარგად შეასრულაო. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც მსახიობს, როლისთვის თქვენი მხრიდან არაფერი დაგიკლიათ, დანარჩენი კი, რა თქმა უნდა, მაყურებელმა უნდა შეაფასოს...
- თუმცა, როგორც შემოქმედი, სულ ვფიქრობ, რომ რაღაც სხვაგვარად უნდა გამეკეთებინა ან სხვანაირად მემოქმედა, იქებ მეტი შეიძლებოდა?!. ვერ ვიტყვი, რომ ამ როლისთვის, მთლად ბოლომდე მზად ვიყავი მიუხედავად იმისა, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ფაქტობრივად, ჩვენი მოსახლეობის უმეტესობის მსგავსად, ზეპირად მაქვს ნასწავლი. ამაზეც არ იყო საქმე. უბრალოდ აქ შოთა რუსთველის განსახიერება იყო მნიშვნელოვანი, რაც რაღაც სხვა მგონია და ამიტომ არ ვიცოდი, ზუსტად რა როგორ უნდა გამეკეთებინა. ამის გამო ვამბობ, რომ არ ვიცი, რა გავაკეთე. არა უშავს, შეცდომებზე ვსწავლობთ... ამ შემთხვევაში გამორჩეული მომენტი ის არის, რომ საქმე შოთა რუსთველს ეხება. მოკლედ, გავრისკე, თუმცა ჩემი პროფესიაც სწორედ ესაა - რისკზე უნდა წახვიდე. მოგზაურობა დროში და შეხვედრები დიდ ადამიანებთან - შოთა რუსთველი, დავით აღმაშენებელი, დავით სარაჯიშვილი, ნიკო ფიროსმანი, გალაკტიონი და სხვ.
- მთავარ როლს გიორგი გილიგაშვილი ასრულებს, რომელიც სხვადასხვა დროში მოგზაურობს. ერთ-ერთი სცენა სწორედ მისი და რუსთაველის შეხვედრაა და ფილმში აქ ჩნდებით თქვენ...
- ფილმში ნამდვილად არის შეხვედრები რამდენიმე სასიქადულო, ღვაწლმოსილ და დიდ ადამიანთან, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ რუსთაველია…
- თავად "ვეფხისტყაოსანზე" უფრო მეტი თუ გიფიქრიათ? მაგალითად, გქონიათ სურვილი, მისი რომელიმე პერსონაჟი განგესახიერებინათ?
- პერსონაჟების განსახიერებაზე ნაკლებად, თან იმ ასაკში არ ვარ, რომ ეს როლები შევასრულო. ერთადერთი შეიძლება მეფე როსტევანი მეთამაშა... უფრო მეტად ამ ნაწარმოების ადაპტაციაზე მიფიქრია. როგორც მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, ვფიქრობ, ბავშვებისთვის განკუთვნილი სპექტაკლის, პერფორმანსის ან წარმოდგენის გაკეთებაზე, სადაც გამოყენებული იქნება მათთვის მისაღები, გასაგები და საინტერესო ფორმები. არ ვიცი, ეს იდეა როდის განხორციელდება, მაგრამ სურვილი მაქვს, რომ ამაზე ვიმუშაო... არსებობს მოსაზრება, რომ ამ გენიალურ ნაწარმოებს არ უნდა შევეხოთ, რასაც მე ვერ დავეთანხმები. „ვეფხისტყაოსანი“ არ არის ისეთი საგანძური, რომელიც გამოკეტილი უნდა გვქონდეს და მხოლოდ ჩვენ ვიცოდეთ.

ეს შედევრი მაქსიმალურად უნდა გავაცნოთ კაცობრიობას, რადგან ის უდიდესი მორალის მატარებელი საჩუქარია მსოფლიოსთვის.რა თქმა უნდა, მიდგომა და დამოკიდებულება შესაბამისი უნდა იყოს - ზუსტად ისეთი, როგორსაც ეს ნაწარმოები იმსახურებს. შეიძლება პირველივე მცდელობაზე კარგი ფილმი ან სპექტაკლი ვერ შეიქმნას, მით უმეტეს, რომ ყოველ ქართველს „ვეფხისტყაოსნის“ საკუთარი აღქმა და თავისი გმირები ჰყავს. ყველას გემოვნების დაკმაყოფილება ძალიან რთულია, მაგრამ ნელ-ნელა ეს შიში უნდა გადავლახოთ და გავბედოთ. კლიშეების მსხვრევის გარეშე, პირდაპირ უნდა ვაჩვენოთ ის სათქმელი, რაც ავტორმა ჩვენამდე მოიტანა და არა ჩვენი ზედმეტი ინტერპრეტაციები. თეატრალური კრიტიკა და სკანდალური კოსტიუმები

- რადგან ამ თემაზე ვსაუბრობთ, შევეხოთ იმ გახმაურებულ, სკანდალურ სპექტაკლს „ვეფხისტყაოსანი,“ რომელიც ცოტა ხნის წინ რუსთაველის თეატრში დაიდგა...
- ეს სპექტაკლი თავად არ მინახავს, მაგრამ ვნახე ფოტოები და ძალიან გამიკვირდა. რუსთველის თეატრი ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული მხატვრობითა და სრულიად სხვაგვარი, დახვეწილი კოსტიუმებით. ჩემთვის ეს კოსტიუმირება ძალიან გასაკვირი და მიუღებელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მხატვრის რეგალიებს პატივს ვცემ, ჩემი აზრით, ეს ნამუშევარი წარმატებული არ იყო.ვენდობი ასევე იმ ადამიანების აზრს, ვისაც პროფესიული გემოვნება აქვს ამ სფეროში, სპექტაკლი ნახა და ამ ყველაფერმა ჩემი აზრი ჩამომიყალიბა. მიუხედავად ამისა, 100%-ით მაინც ვერაფერს ვიტყვი, სანამ სპექტაკლს თავად არ ვნახავ...

- თქვენს რუსთაველზე რას იტყვიან, ხომ არ გააკრიტიკებენ? როცა ნახავენ, შესაძლოა იკითხონ: რატომ გამოაჩინეს შოთა ამ ამპლუაშიო?
- არ ვიცი, ბევრს ჯერ არ უნახავთ. მე თავად ძალიან კრიტიკულად რომ ვუყურებ საკუთარ შესრულებას, ამაზე ვისაუბრე. ზოგადად, საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ვარ, თუმცა პათოლოგიურად არა. ამ შემთხვევაშიც, დიდი სიამოვნებით მოვისმენ ნებისმიერ პროფესიულ და სწორ აზრს. ახალი პროექტი: კინოსკოლა
- სად და რა სკოლა გახსენით, რომ გვითხრათ?
- აქვე ორ სიტყვას ჩემს კინოსკოლაზეც გეტყვით. "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან“ ერთად, ჩვენმა კომპანიამ „შუქი პროდაქშენმა“ შექმნა კინოსკოლა. ამჟამად მიმდინარეობს კინომსახიობის კურსი, რომელიც ერთ თვეში დასრულდება. ასევე იწყება ახალი კურსი - „კინოს სამზარეულო“, რომელიც მსურველებს კინოსფეროს გააცნობს და დაეხმარება იმის გარკვევაში, თუ რომელი მიმართულება ურჩევნიათ: მსახიობობა, რეჟისურა, ოპერატორობა თუ სხვა. გარდა ამისა, გვაქვს სამსახიობო კურსი მოზარდებისთვის, შემოდგომიდან კი უფრო მასშტაბურ და სერიოზულ კურსებს ვგეგმავთ. ასე რომ, საინტერესო სამუშაო წამოვიწყეთ.