ჩრდილოეთ ჩინეთში, შანქსის პროვინციაში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა. აფეთქება პარასკევს, ადგილობრივი დროით 19:29 საათზე (11:29 GMT) შანქსიში მდებარე ქვანახშირის მაღაროში მოხდა.
ადგილზე ასობით მაშველი გაიგზავნა. ამბობენ, რომ 100-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ტერიტორიაზე კი სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

აფეთქების მომენტში მაღაროში 247 ადამიანი მუშაობდა. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დაშავებულთა მკურნალობა, გადარჩენილების მოძიება და ინციდენტის მიზეზების გამოძიება მოითხოვა. სახელმწიფოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვანახშირის მაღაროს მმართველები დააკავეს. როგორც გაირკვა, მაღაროში ნახშირჟანგის დონე დადგენილ ზღვარს აღემატებოდა.
შანქსი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი პროვინციაა და ცნობილია, როგორც ქვეყნის ქვანახშირის მოპოვების ცენტრი. 2000-იანი წლების დასაწყისში მაღაროებში სასიკვდილო შემთხვევები ხშირი იყო, თუმცა ბოლო წლებში უსაფრთხოების სტანდარტები გამკაცრდა. მიუხედავად ამისა, უბედური შემთხვევები ჯერ კიდევ ხდება.