თეონა გაბადაძე (მუშკუდიანი), რომელიც წლებია ბიოლოგიურ შვილებს ეძებს, ბავშვების აღმზრდელ მშობლებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ აყვანილ შვილებს უთხრან სიმართლე და ასე დუმილით ცხოვრებას ნუ გააგრძელებენ. მიიჩნევს, რომ ყველამ უნდა იცოდეს სიმართლე. თავად თეონა 2022 წლიდან ეძებს საკუთარ ტყუპ ქალ-ვაჟს, რომლებიც 20 წელზე მეტხანს მკვდარი ეგონა, რადგან სამშობიაროში უთხრეს, რომ ახალშობილები გარდაიცვალნენ.
წლების შემდეგ მან დაიწყო ძებნა და დღეს მისი მიმართვის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმეც აღძრულია, თვითონაც არ ჩერდება, დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებს. იბრძვის იმ იმედით, რომ შვილებს იპოვის. იგი სოციალურ ქსელშიც ძალიან აქტიურია, სამშობიაროში მკვდრად გამოცხადებული ჩვილების დედების ჯგუფის „ ჩვენ გეძებთ” ადმინისტრატორია და თავად შვილების მაძიებელმა დედამ, ახლა საქველმოქმედო ფონდი „ჩვენ გეძებთ" Мы Ищем Вас/ We Are Searching for You“ დააარსა.
თეონა გაბადაძე:
- მინდა თქვენთან საუბარი მიმართვით დავიწყო და მოვუწოდო ყველა აღმზრდელ დედას, სიმართლე უთხრან ბავშვებს, ნუ გაიმეტებენ აღზრდილი შვილის მომავალს უდიდესი ცოდვისთვის, რასაც სისხლის აღრევა ჰქვია. შესაძლოა, თქვენც მოტყუებული ხართ და არ იცით, რომ ბავშვი მოპარულია, სხვა მონაცემები გითხრეს კვალის ასარევად. უთხარით და აუცილებლად დატესტეთ თქვენი შვილი... დღეს, როდესაც ჩემნაირი მოტყუებული დედების ისტორიებმა და ცრემლებმა ცა ახადა დედამიწას, როგორ შეიძლება ვინმემ იცოდეთ სიმართლე, გვიყუროთ შორიდან და იყოთ ჩუმად? უშუალოდ ჩემი შვილების აღმზრდელ დედებსაც მივმართავ, მე ვიქნები თქვენი და თქვენი ოჯახის სიმშვიდის გარანტი, ოღონდაც გამოჩნდით, ჩემამდე მოიყვანეთ ჩემი შვილები და საჯაროდ გპირდებით, რომ შევძლებთ ერთად, ერთ დიდ ოჯახად ვიცხოვროთ.
- თეონა, თქვენ ხართ ადმინისტრატორი ფეისბუქ ჯგუფის ჩვენ გეძებთ, რამდენად აქტიურობენ ადამიანები?
- ეს ჯგუფი დიდი ხანია დაარსებულია, 2019 წლის 9 დეკემბერს ქალბატონ ნანა ინალიშვილმა დააარსა, რომელიც ასევე ეძებს 1978-79 წლებში დაბადებულ დისშვილს. ჯგუფმა იმთავითვე, დაარსებიდან დაიწყო საქველმოქმედო საქმიანობა, მას ჰყავს ძალიან ბევრი დატესტილი მაძიებელი, მაგრამ მომართვიანობის გაზრდიდან გამომდინარე გადაწყდა კანონის ფარგლებში გვემოქმედა და დავრეგისტრირდით ორგანიზაციად - საქველმოქმედო ფონდი „ჩვენ გეძებთ/ Мы Ищем Вас/ We Are Searching for You" ჩვენს რიგებში უმეტესად არიან ის დედები, რომლებსაც სხვადასხვა წელს შვილები მკვდრად გამოუცხადეს. ჩვენს საძიებო გზაზე ვეხმარებით ყველა გაშვილებულ ადამიანს ბიოლოგიური ოჯახების პოვნაში. თან ვიმედოვნებ, რომ მალე ჩემებსაც გადავეყრები ან თუნდაც მათ კვალს. მე თითოეულ მოტყუებულ დედასა და ოჯახის მაძიებელ ადამიანს მხარში ვუდგავარ და ვაკვალიანებ.
ვიდრე ჩემს შვილებს არ ვიპოვი, ვიქნები მებრძოლი დედა, რომელიც ყველა საფეხურს და ინსტანციას გაივლის სიმართლის საძებნელად. მყავს ექსპერტების ჯგუფი, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ ეხმარება ადამიანებს ინფორმაციის მოძიებაში; გაჭირვებულებს ვასაჩუქრებთ ტესტებით, ვეხმარებით ბაზებში გადატვირთვაში, ნათესაური კავშირების დადგენაში და რასაც ჰქვია, მივყვებით ბიოლოგიური ოჯახის კარამდე. საზოგადოებამ იცის, რომ 2022 წლიდან ვეძებ საკუთარ ტყუპ ქალ-ვაჟს, რომლებიც მკვდრად გამომიცხადეს 2000 წელს ქუთაისის ძველი მეორე, ახლანდელი ხონელიძის კლინიკაში. აღძრულია ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც და ასევე დამოუკიდებელ გამოძიებასაც ვაწარმოებ. თქვენც ისმენთ ისტორიებს და ხედავთ, რომ ქვეყანაში ძნელად თუ მოიპოვება ოჯახი რომელსაც პირდაპირ ან ირიბად არ შეეხო ეს განსაცდელი, რაც ზრდის ყველაზე დიდი ცოდვის ინცესტის ალბათობას ოჯახებს შორის.
ამ საშიშროების არ გაცნობიერებამ და კანონმდებლობაში არ გათვალისწინებამ გამოიწვია ის, რომ მივიღეთ უკვე დადასტურებული სისხლის აღრევის შედეგად შექმნილი ოჯახების პათოლოგიები შვილებში. მიუხედავად მრავალი მიმართვისა და მრავალი შეგონებისა, ერთის მხრივ აღმზრდელი მშობლები, რომლებიც სიმართლეს არ ეუბნებიან აყვანილ შვილებს და განაგრძობენ დუმილს, ხოლო მეორეს მხრივ სახელმწიფოს საგულდაგულოდ შეფუთული და გასაიდუმლოებული შვილად აყვანის კანონი ართულებს ძიების პროცესს და გაშვილებული ადამიანი ვერანაირ სწორ ინფორმაციას ვერ იგებს საკუთარ თავზე, ამ მოცემულობაში ერთადერთი გამოსავალი, ხსნა და გადარჩენა სრულიად საქართველოს მოსახლეობის სისხლისაღრევისგან და განადგურებისგან არის მხოლოდ და მხოლოდ დნმ ტესტირება...განაგრძეთ კითხვა