პაკისტანში აფეთქების შედეგად, რომლის სამიზნეც მატარებელი იყო, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მატარებელს სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები გადაჰყავდა. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მატარებელი დასავლეთ ბელუჯისტანის რეგიონის დედაქალაქ კვეტაში, ჩამან ფატაკის სადგურზე მოძრაობდა. სამი ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა, ორი კი გადაბრუნდა.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა მკაცრად დაგმო თავდასხმა და განაცხადა, რომ „ტერორიზმის ასეთი მშიშარა ქმედებები ვერ შეასუსტებს პაკისტანელი ხალხის სიმტკიცეს“.

ბელუჯისტანის განმათავისუფლებელი არმია აცხადებს, რომ პაკისტანის ფედერალური მთავრობა უდიდესი პროვინციის მდიდარი მინერალური რესურსების ექსპლუატაციას ახორციელებს და ადგილობრივ მოსახლეობას არანაირი სარგებლის მიღების საშუალებას არ აძლევს.
ბელუჯისტანი ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 44%-ს მოიცავს და იქ ქვეყნის 240 მილიონზე მეტი მოსახლეობის დაახლოებით 5%-ი ცხოვრობს. ბელუჯისტანის განმათავისუფლებელი არმიის მებრძოლებსა და პაკისტანის უსაფრთხოების ძალებს შორის ძალადობრივი დაპირისპირება თებერვლის დასაწყისში დაიწყო, რამაც 31 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.