აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილიშვილი, კაი ტრამპი ამხელს, რომ ბაბუა ტელეფონზე ხშირად ურეკავს.
19 წლის გოგონამ პარასკევს YouTube-ზე ვიდეო ატვირთა, რომელშიც საშუალო სკოლის დამთავრების ცერემონია იყო აღბეჭდილი. ერთ მომენტში, როცა გოგონა თმას იჭრიდა, ტელეფონმა დარეკა: "ჩემი ბაბუა მირეკავს",- თქვა კაიმ და ტელეფონს უპასუხა. საუბრის ბოლოს კი ბაბუას მისამართით თქვა: "კარგი, მიყვარხარ, დროებით".
გოგონამ სტილისტს მიმართა: "როგორი საყვარელია. ასე, როცა უნდა მირეკავს ხოლმე. გეფიცებით, ნამდვილად ბაბუასავითაა: ახლა ჩინეთიდან ბრუნდება და მოსაკითხად დამირეკა. ძალიან საყვარელია, არა?!"

კაიმ, რომელიც დონალდ ტრამპ უმცროსის და მისი ყოფილი ცოლის, ვანესა ტრამპის შვილია, პარასკევს საღამოს პალმ ბიჩ გარდენსში მდებარე ბენჯამინის სკოლის დამთავრება ვიწრო, ოჯახურ წრეში ვახშმით აღნიშნა. კაის დედის ბოიფრენდმა, ტაიგერ ვუდსმა ვახშამზე დასწრებაზე უარი თქვა, თუმცა გოგონას გამოსაშვებ ცერემონიას დაესწრო. რაც შეეხება დონალდ ტრამპ უმცროსის საცოლეს, ბეტინა ანდერსონს, ის რესტორანში გამართულ საზეიმო ვახშამსაც დაესწრო.

მიუხედავად გულთბილი სატელეფონო ზარისა, ბაბუა ტრამპი ვერ დაესწრო შვილიშვილის გამოსაშვებ საღამოს და მოგვიანებით გამართულ ვახშამს. როგორც ირკვევა, მას შვილის, დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწილის გამოტოვებაც კი მოუწევს: "იმის მიუხედავად, რომ ძალიან მინდოდა ჩემს შვილთან, დონ უმცროსთან და ტრამპების ოჯახის ახალ წევრთან, ბეტინასთან ყოფნა, მთავრობასთან დაკავშირებული გარემოებები და ამერიკის შეერთებული შტატებისადმი ჩემი სიყვარული ამის საშუალებას არ მაძლევს",- დაწერა მან პარასკევს Truth Social-ზე, წყვილის კანონიერი შეუღლებიდან სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ.

წყარო: pagesix.com/
მოამზადა: ანა სიბოშვილმა