ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატ ქუინსლენდის სანაპიროსთან ზვიგენის თავდასხმის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.
დღეს კასოვერის სანაპიროზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს მას შემდეგ, რაც 39 წლის მამაკაცს ზვიგენი თავს დაესხა. ქუინსლენდის პოლიციამ განაცხადა, რომ წყლიდან ამოყვანისას მამაკაცი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა ის მოგვიანებით გარდაიცვალა. ვარაუდობენ, რომ კაცი წყალქვეშა თევზაობის დროს ოფშორულ რიფთან ახლოს იმყოფებოდა.

"ჩვენ გვჯერა, რომ მამაკაცი წყალქვეშა თევზაობით იყო დაკავებული, როცა ზვიგენი თავს დაესხა. ის თავის არეში მიყენებული მძიმე ტრავმის შედეგად გარდაიცვალა. მამაკაცი წყლიდან ერთ-ერთმა ადამიანმა ამოიყვანა, რომელიც თავდასხმის დროს მასთან ერთად იმყოფებოდა",- განაცხადა პოლიციამ.
მათივე თქმით, მამაკაცი ნაპირზე გამოყვანიდან 1 საათში გარდაიცვალა.
"საშინელებაა,როცა ასეთი რამის თვითმხილველი ხდები. პოლიცია გარდაცვლილის სამ თანამგზავრს ყველა შესაძლო დახმარებას უწევს", -განაცხადეს მათ.
ზვიგენების ადამიანებზე თავდასხმები ავსტრალიაში უფრო ხშირად ხდება, ვიდრე მსოფლიოს სხვა ნებისმიერ ადგილას, თუმცა ისინი ყოველთვის ფატალურად არ სრულდება. აგრეთვე, პოპულარულ საცურაო და სასერფინგო ადგილებს, როგორც წესი, ზვიგენების თავდასხმებისგან დაცვის ზომებიც აქვთ.
წყარო: bbc.com/
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
იხილეთ ასევე: