თბილისში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მედიცინის ფაკულტეტის (MBBS) მეხუთე კურსის ინდოელი სტუდენტი, 23 წლის დჰვანიტ მაიურკუმარ რაჯდიპი უცნაურ ვითარებაში გაუჩინარდა. ოჯახის წევრებს მასთან კავშირი 11 დღეა არ ჰქონიათ და საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.
ბოლო სატელეფონო ზარი და ოჯახის ეჭვები
ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში მცხოვრები ოჯახის განცხადებით, დჰვანიტი მამას ბოლოს 2026 წლის 14 მაისს, ხუთშაბათს, ინდოეთის დროით 13:30 საათზე ესაუბრა. მას შემდეგ, რაც ახლობლებმა შექმნილი საფრთხის გამო მას საცხოვრებლის სასწრაფოდ დატოვება ურჩიეს, სტუდენტმა ბარგი ჩაალაგა. მამასთან ბოლო სატელეფონო ზარი სულ რაღაც 20 წამს გაგრძელდა, რის შემდეგაც ტელეფონი იმავე წამს გამოირთო და მას მერე სიგნალი აღარ გამოჩენილა.
ოჯახი შეშფოთებულია და არ გამორიცხავს, რომ მის გაუჩინარებას რაიმე სახის ინციდენტი უკავშირდებოდეს.
"თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა" – გაუჩინარების წინა პერიოდი
როგორც ახლობლები აღნიშნავენ, გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე, დჰვანიტმა ოჯახის წევრებს გაანდო, რომ მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა და საცხოვრებელ ადგილას თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა. ამის გამო, იგი ახალ ბინაში გადასვლასაც გეგმავდა.
ტელეკომპანია TV9 Gujarati-ს მიერ გავრცელებულ რეპორტაჟში ოჯახი ღიად ასახელებს იმ პირებს, ვისთანაც სტუდენტს კონფლიქტი ჰქონდა. მათი თქმით, დჰვანიტი მუდმივ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა იმ საცხოვრებელს მენეჯერებისგან, სადაც ის ცხოვრობდა. ოჯახი კონკრეტულად სამ პირს ადანაშაულებს: ანილს, მის მეგობარ გოგონა მანიას და მათ პარტნიორ ჟანკის.
ოჯახის მტკიცებით, როდესაც დჰვანიტმა ბინის დაცლა და წამოსვლა გადაწყვიტა, ამ პირებმა მას კუთვნილი დეპოზიტი არ დაუბრუნეს, ჩაკეტეს და გატეხილი კარისთვის დამატებით თანხას სთხოვდნენ. ახლობლები აღნიშნავენ, რომ ამავე მენეჯერებმა წარსულში კიდევ ერთ სტუდენტ გოგონას მიაყენეს მსგავსი ფსიქოლოგიური ტრავმა, რის გამოც მან საქართველო საერთოდ მიატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბინა, სადაც სტუდენტი ცხოვრობდა, მეტროსადგურ „300 არაგველიდან“ დაახლოებით 15-20 წუთის ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობდა. ბინის ფანჯრიდან ჩანდა სამხრეთ ინდური რესტორანი. წერია განცხადებაში.
როგორც ახლობლები წერენ, საქმეში უკვე ჩართულია საქართველოს პოლიცია, რომელმაც მოწმეებისგან ჩვენებები აიღო. მომხდარის შესახებ ოფიციალურად ეცნობა ინდოეთის საელჩოს საქართველოში და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. პოლიციაში უკვე შესულია ოფიციალური განცხადება ადამიანის დაკარგვის თაობაზე.
ამ დროისთვის დჰვანიტის ძმა თბილისშია და ძებნის ოპერაციაშია ჩართული, ხოლო მამა კოორდინაციას ინდოეთიდან უწევს. სტუდენტის დედა გუჯარათში ელოდება ახალ ამბებს - წერს ადგილობრივი მედია და დედის მიმართვას ავრცელებს:
"როგორც დედა, საქართველოსა და ინდოეთის ხელისუფლებას უმორჩილესად ვთხოვ – სასწრაფოდ ჩაერიონ ამ საქმეში და დამეხმარონ შვილის პოვნაში. დჰვანიტი ყოველთვის სამაგალითო, ნიჭიერი და უაღრესად მშვიდი ბავშვი იყო, რომელსაც არასდროს არავისთვის არანაირი პრობლემა არ შეუქმნია. ის საქართველოში მხოლოდ იმისთვის წავიდა, რომ განათლება მიეღო და ექიმი გამხდარიყო.
ჩვენ ვიცით, რომ ის მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა და ბინის მენეჯერები ფულს სძალავდნენ. ბოლო სატელეფონო ზარიდან რამდენიმე წამში მისი ტელეფონი სამუდამოდ გაითიშა. დღეები გადის და ქართული პოლიციისგან არანაირი ხელშესახები პასუხი არ გვაქვს, რაც ცოცხლად გვკლავს.
ჩემი ერთადერთი სათხოვარი და მოთხოვნაა – უზრუნველყოთ ჩემი შვილის უსაფრთხოება და დამირბუნოთ ის სახლში საღ-სალამათი. გთხოვთ, არ დაიშუროთ ძალისხმევა და გამოიყენოთ ყველა დიპლომატიური თუ სამართლებრივი ბერკეტი, სანამ გვიან არ არის.“
ოჯახის მიმართვა საზოგადოებას
ოჯახის წევრები და მეგობრები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ პოსტს ჰეშთეგით #FindDhvanitRajdeep და სთხოვენ ყველას, განსაკუთრებით თბილისში მცხოვრებ ინდოელ სტუდენტებს, ბინის გამქირავებლებსა და მაკლერებს, ვინც ამ ტერიტორიაზე მუშაობს:
თუ იცნობდით დჰვანიტს, თუ გინახავთ იგი ბოლო დღეებში; თუ გაქვთ ინფორმაცია ამ მიდამოებში სტუდენტური ბინების ან საცხოვრებლების შესახებ; ან ფლობთ რაიმე მცირე დეტალსაც კი, რაც გამოძიებას დაეხმარება, გთხოვთ, სასწრაფოდ დაუკავშირდეთ სამართალდამცავ ორგანოებს ან ოჯახის წევრებს. ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
AMBEBI.GE ახალგაზრდა სტუდენტის გაუჩინარების საქმეზე კომენტარს ელოდება შსს-დან.