მდინარაძის და გვარაკიძის ბრალს არ ვაღიარებ და არ ვეთანხმები, ეს არის მამუკა მდინარაძის შურისძიება. მდინარაძის ოცნება დროებით ახდა, - ამის შესახებ ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების“ ბრალდებით დაკავებულმა ჟურნალისტმა, ელისო კილაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მისი საქმის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
პროცესის დაწყებისას საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა.
ელისო კილაძე შუამდგომლობას არ დაეთანხმა. როგორც ის აცხადებს, მდინარაძემ ისარგებლა იმით, რომ ბოლო პერიოდში ფარცხალაძის სახელი და გვარის აქტიურად ჟღერდებოდა და „ისიც მიაბა“. კილაძის თქმით, მთელი სამი თვეა, მისი და ფარცხალაძის კავშირი ვერ იპოვეს.
„პირდაპირ რომ დამხვრიტოთ, არა?... რა თქმა უნდა, დახურვას არ ვეთანხმები, ამ მოწმეების ვინაობა 3 თვეა, ცნობილია და არანაირი ზემოქმედება მათზე არ ყოფილა, ეს ყურით მოტანილი მიზეზია.
3 თვეა, სატელეფონო ზარები, ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია და წერილები ამიკრძალეს.
მდინარაძის და გვარაკიძის ბრალს არ ვაღიარებ და არ ვეთანხმები, ეს არის მამუკა მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე, ეს აუცილებლად გამოძიებული იქნება დიდი ალბათობით, ამ ხელისუფლების პირობებში.
ციხეში დავალპობო ნათქვამი აქვს[მდინარაძეს], ვნახოთ, ვინ, სად განაწილდება რუსთავის სამთავრობო კვარტალში...
მდინარაძის ოცნება დროებით ახდა, „ქრონიკა პლუსი“ დახურულია, „ფეისბუქიდან" ჩემი პოსტები წაშლილია, მე ვარ მამუკა მდინარაძის ტყვე, ის ელოდებოდა, რომ ვიტირებდი და თხოვნებს გავუგზავნიდი, ციხემ ვერ გამტეხა და ვერც გამტეხავს, ამ საქმეს ჩამოგიშლით, ამის გეშინიათ, ამიტომ ხურავთ ამ პროცესს რომ ჩუმად გამასამართლოთ, მაგრამ ასე ვერ იქნება. ციხეში ვიქნები თუ ციხის გარეთ, ბრძოლა რაც დაწყებულია, ბოლომდე მივა
რაც შეეხება „ქოლ ცენტრებს“, ორგანიზებულ ჯგუფს თქვენ აფარებთ ხელს. ხომ თვლიან, რომ დამნაშავე ვარ, გამასამართლეთ საჯაროდ.
მე შეთქმულების თეორიებზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ ფაქტებზე, ისეთ რამეს მაბრალებენ, რასაც ვებრძოდი. „ქოლ ცენტრებით“ დაინტერესება დაიწყო ლევან ხაბეიშვილის შემდეგ, ის თანამდებობის პირებს ასახელებდა, მე მეორე მხარეს, კეზერაშვილს და ა.შ. ერთადერთი ბერკეტი მრჩება, სასამართლოზე მოწმეთა ჩვენებები ჩამოვანგრიო, მინდა პროცესი იყოს ღია.
მეუბნებიან, რომ თაღლთი ვარ, ვიღაც გერმანელები მოვატყუე და მეუბნებიან, რომ ვარ „ფულის გამთეთრებელი“, უნდათ, რომ რეპუტაციულად დაასრულონ ჟურნალისტი ელისო კილაძე და დაასრულეთ საჯაროდ“, - განაცხადა კილაძემ.
ცნობისთვის, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე საერთო ჯამში 10 პირია ბრალდებული. ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სწორედ დანარჩენი პირების საქმისგან ცალკე წარმოებად გამოიყო კილაძის საქმის წარმოება.