“ალიამ, რომლის სახელიც მისი უსაფრთხოებისთვის შევცვალეთ, ქორწინების თავიდან ასაცილებლად სოფლიდან ქაბულამდე ასობით კილომეტრი გაიარა,“ - ასე იწყებს BBC 19 წლის გოგონას ისტორიის თხრობას.
თავის რეპორტაჟში, გამოცემა მოგვითხრობს ავღანეთში მცხოვრები ქალების შესახებ, რომლებსაც გადასარჩენად და განათლების მისაღებად ექსტრემალურ რისკებზე უწევთ წასვლა.
“ტაქსით თავის ბიძაშვილთან ერთად გემგზავრა - თავიდან ფეხებამდე ჩაცმული, მხოლოდ თვალები ჩანდა, როგორც ამას რეგულაციები მოითხოვს. ეს სარისკო ნაბიჯი იყო, ისინი ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა დაეკავებინათ თალიბანის ინსპექტორებს, რომლებიც რეგულაციებს აკონტროლებენ. მათ შორის, ქალებს უკრძალავენ შორ მანძილზე გადაადგილებას მამრობითი სქესის ნათესავის გარეშე.
მაგრამ 19 წლის ალია და მისი ბიძაშვილი თალიბანის არცერთ საკონტროლო პუნქტზე არ გააჩერეს და დედაქალაქში ჩავიდნენ...
“საბაბი მოვიფიქრე და ვუთხარი, რომ აქ მეგობრებისა და ყოფილი თანაკლასელების შესახვედრად მოვდიოდი. მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ნამდვილი მიზეზი ის არის, რომ თუ დაიკუნდიში დავრჩებოდი, იძულებით გამათხოვებდნენ", - ჰყვება გოგონა.
ეს მოკლევადიანი, მაღალკვალიფიციური კერძო კურსები, ავღანეთში გოგონებისთვის დაწყებითი სკოლის შემდეგ განათლების მიღების ერთადერთ შესაძლებლობას წარმოადგენს.
თითქმის ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თალიბანმა 12 წელზე უფროსი ასაკის გოგონებს სკოლაში სიარული აუკრძალა.
“აკრძალვებამდე, ჩემი მშობლები ყველანაირად მიწყობდნენ ხელს სწავლაში. ამბობდნენ, რომ აუცილებლად შევძლებდი ჩემი ოცნების ასრულებას და გავხდებოდი პილოტი... მაგრამ ახლა ამბობენ, რომ ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი დაქორწინებაა, რადგან თალიბანის აკრძალვების გამო ვერც სკოლაში, ვერც უნივერსიტეტში და ვერც სამსახურში ვერ ვივლი“, - აცხადებს ის.
ალია შიშობს, რომ გათხოვების შემთხვევაში ქმრის ოჯახი არ მისცემს მას თავისუფლებას.
თალიბანის მთავრობის მიერ განათლების აკრძალვამ შეუქცევადი გავლენა მოახდინა უამრავ ქალსა და გოგონაზე. გაეროს მონაცემებით, თუ აკრძალვა 2030 წლამდე დარჩება ძალაში, “ორ მილიონზე მეტი გოგონა მოკლებული იქნება დაწყებითი სკოლის შემდეგ განათლების მიღებას".
იხილეთ ასევე: