ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა საქართველო ნეიროქირურგიის ჰაბად აქცია: რატომ აღარ არის საჭირო რთული ოპერაციებისთვის თურქეთსა და ევროპაში გამგზავრება?
ნაკლები რადიაცია და სწრაფი რეაბილიტაცია: ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დანერგილი ინოვაცია, რომელიც ურთულეს ოპერაციებს უსაფრთხოს ხდის
შეცდომის ნულოვანი რისკი და მაქსიმალური უსაფრთხოება: როგორ ამკვიდრებს „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ Medtronic-თან ერთად ნეიროქირურგიის „ოქროს სტანდარტს“ საქართველოში
თანამედროვე მედიცინაში სიზუსტე აღარ არის მხოლოდ მიზანი - ის გადარჩენისა და ცხოვრების ხარისხის გარანტიაა. როდესაც საქმე ადამიანის ხერხემალსა და თავის ტვინს ეხება, სადაც ყოველი მილიმეტრი გადამწყვეტია, ტექნოლოგიური უპირატესობა ფუფუნებიდან აუცილებლობად იქცევა. ამიტომ „ჯო ენის საუნივერსიტეტო კლინიკა“ საქართველოში ნეიროქირურგიის ახალ ერას იწყებს.
ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან, Medtronic-თან პარტნიორობით, კლინიკამ დანერგა უნიკალური პლატფორმა - O-arm 2 და StealthStation S8, რაც ამიერკავკასიის სამედიცინო რუკაზე სრულიად ახალ პოზიციას ანიჭებს. ამ რევოლუციურმა ნახტომმა თბილისი რეგიონულ ჰაბად აქცია, რითაც გაასწრო ბევრ წამყვან თურქულ და ევროპულ კლინიკას.
ეს სისტემები რევოლუციურ სიზუსტეს უზრუნველყოფს თავის ტვინისა და ხერხემლის ურთულესი ოპერაციების, მათ შორის სქოლიოზის, ხერხემლის დეფორმაციების, სიმსივნეებისა და ორთოპედიული პათოლოგიების მკურნალობისას.
წარმოიდგინეთ ოპერაცია, სადაც ქირურგი რეალურ დროში, სამგანზომილებიან (3D) ფორმატში ხედავს პაციენტის ანატომიას და ყოველი იმპლანტის პოზიციონირებას „GPS ნავიგაციის“ სიზუსტით აკონტროლებს. აღნიშნული ტექნიკა ნიშნავს:
70-80%-ით შემცირებულ საოპერაციო დროს;
რადიაციული დასხივების თითქმის ნულოვან მაჩვენებელს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მოზარდებისთვის;
მინიმალურ ინვაზიას, რომლის წყალობითაც პაციენტები სახლში ოპერაციიდან სულ რაღაც 2-3 დღეში ბრუნდებიან.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორი ზაზა სოფრომაძე, კომპანია Modern Medical Solutionის კომერციული დირექტორი რომან ლომიძე და ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ნეიროქირურგიული განყოფილების უფროსი გიორგი გეგია საუბრობენ იმაზე, თუ როგორ ცვლის ეს ინოვაცია პაციენტების ცხოვრებას. რატომ აღარ არის საჭირო რთული ოპერაციებისთვის საზღვარგარეთ გამგზავრება და როგორ ახერხებს კლინიკა ხელოვნური ინტელექტისა და პრემიუმ კლასის იმპლანტების სინთეზით „ოქროს სტანდარტის“ დამკვიდრებას.
ზაზა სოფრომაძე, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გენერალური დირექტორი:
- ბატონო ზაზა, O-arm 2 და StealthStation S8-ის დანერგვით, საქართველო რეგიონის ლიდერი გახდა. როგორ აპირებს კლინიკა ამ უპირატესობის გამოყენებას მეზობელი ქვეყნებიდან პაციენტების მოსაზიდად და რამდენად არის მზად კლინიკის ინფრასტრუქტურა ე.წ. „სამედიცინო ტურიზმის“ მასპინძლობისთვის?
- ჩვენი მთავარი მიზანი არ არის პაციენტების მოზიდვა და არც რაღაც განსაკუთრებული ნაკადის შექმნა, იმიტომ რომ კლინიკა სრულად დატვირთულია. გამომდინარე მისი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებიდან, ადამიანური რესურსებიდან და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციიდან, ჩვენი მთავარი ამოცანაა მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება პაციენტებისთვის. რა თქმა უნდა, თუ ეს ნაკადები იქნება, ჩვენ შესაბამისად მოვემსახურებით ამ პაციენტებს, მაგრამ მთავარი ამოცანა, არის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევა. ამის საშუალებას იძლევა სწორედ O-ARM 2 აპარატი, რომელიც გახლავთ ულტრათანამედროვე აპარატი. ეს არის მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა, რომელიც ინტრაოპერაციული ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა 3D რეჟიმში. ის თავსებადია ნავიგაციასთან, ანუ ონლაინ რეჟიმში ხდება, ფაქტობრივად, ოპერაციის კეთება. ეს არის ძალიან დიდი პლუსი, ძალიან დიდი კომფორტი როგორც ექიმისთვის, ასევე ძალიან დიდი უპირატესობაა პაციენტისთვისაც. აპარატის მაღალი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შედეგიც შესაბამისი დგება.
- უახლესი ტექნოლოგია ხშირად მაღალ ხარჯებთან ასოცირდება. როგორია კლინიკის პოლიტიკა ამასთან დაკავშირებით, როდესაც ადამიანებს ეძლევათ ამ უნიკალური სერვისით სარგებლობის საშუალება? იქნება ეს სახელმწიფო დაფინანსებით, საყოველთაო ჯანდაცვით, რეფერალური პროგრამით თუ სხვა - რაზეა პაციენტი დამოკიდებული?
— რა თქმა უნდა, ასეთი მაღალტექნოლოგიური აპარატურის შესყიდვა ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჯო ენის კლინიკის დამფუძნებელი გახლავთ ევროპის უნივერსიტეტი, რომელიც არ ერიდება სიახლეების დანერგვას მედიცინაში. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ კლინიკას გაუმართლა.
რაც შეეხება ხელმისაწვდომობას - ჩვენ შევეცდებით, რომ პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ამ ახალი აპარატურის გამოყენება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითაც გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელი იქნება მომსახურების მიღება. გარდა ამისა, სერვისი ღია იქნება იმ პაციენტებისთვისაც, რომლებსაც სურთ განსაკუთრებული მომსახურების მიღება. ბუნებრივია, ეს შესაბამის ხარჯებთან იქნება დაკავშირებული პაციენტის მხრიდან, თუმცა მთავარი მაინც გახლავთ ის, რომ ასეთი მაღალი ხარისხის მომსახურება საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია.
- რატომ შეჩერდა არჩევანი სწორედ Medtronic-ზე და რას ნიშნავს კლინიკის რეპუტაციისთვის ის ფაქტი, რომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი სწორედ თქვენს ბაზაზე ახორციელებს ასეთ მასშტაბურ პროექტს?
- თქვენ თავადაც იხმარეთ სიტყვა „გიგანტი“. ეს არის მართლაც გიგანტი სამედიცინო აპარატურის წარმოების კუთხით და ორივე მხარისთვის, მე ვფიქრობ, ძალიან პრესტიჟულია მსგავსი ტიპის თანამშრომლობა. იმის გათვალისწინებით, რომ Medtronic-ი მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს სამედიცინო ბაზარს, ამ ნიშნით იქნა შერჩეული ეს აპარატურაც. შეიძლება ითქვას, რომ ეს გახლავთ რეგიონში უნიკალური აპარატი. არსებობს ძველი მოდელები, თუმცა ასეთი უახლესი O-ARM მოდელი დღეისათვის რეგიონში მხოლოდ საქართველოშია.
- ასეთი რთული სისტემების მართვა მხოლოდ ქირურგის საქმე არ არის. რა რესურსი ჩადო კლინიკამ პერსონალის - საინჟინრო-ტექნიკური თუ საოპერაციო გუნდის - საერთაშორისო გადამზადებაში, რათა შენარჩუნდეს ის ოქროს სტანდარტი, რასაც თავად აპარატი მოითხოვს?
- ცხადია, მხოლოდ აპარატი არ არის საკმარისი გამართული სერვისისთვის. ამ აპარატს მომსახურე პერსონალი სჭირდება. მთავარი მაინც ექიმები გახლავთ, თუმცა აქვე გასათვალისწინებელია საშუალო მედპერსონალიც და ინჟინრებიც, რომლებიც ემსახურებიან O-ARM-ს. Medtronic-თან კონტრაქტის პირობები ითვალისწინებდა პერსონალის გადამზადებას. ეს პროცესი უკვე ჩატარებულია და ჩვენი გუნდი მზად არის ექსპლუატაციისთვის. გარდა ამისა, Medtronic-ის ინჟინრები გასულ კვირაში პირადად იყვნენ ჩამოსულები, ადგილზე დაამონტაჟეს აპარატი და აიღეს პასუხისმგებლობა მის გამართულ მუშაობაზე. მათ ადგილზევე ჩაატარეს შესაბამისი ინსტრუქტაჟი.
- ჯო ენის კლინიკას ძალიან დიდი ისტორია აქვს მკურნალობაში. როგორც დირექტორი, როგორ აფასებთ ამ პროექტის სოციალურ გავლენას? რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომ თუნდაც ხერხემლის რთული დეფორმაციების მქონე მოზარდებს აღარ მოუწევთ უცხოეთში წასვლა და რადიაციული დასხივების რისკის ქვეშ დადგომა?
- თქვენ იცით, რომ ჯო ენის კლინიკა, ფაქტობრივად, ერთადერთი კლინიკაა საქართველოში (და რეგიონშიც), რომელიც გულის თანდაყოლილი მანკებით დაავადებულ ბავშვებს ემსახურება. ამიტომ ბავშვების თემა ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტულია. თუმცა, დღეს კლინიკა უკვე მრავალპროფილური დაწესებულებაა და უამრავი სხვა სერვისიც გვაქვს.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ O-ARM 2-ით შესაძლებელი იქნება იმ მოზარდების მომსახურება, რომლებიც ხერხემლის პათოლოგიებით არიან დაავადებულნი. როგორც ახსენეთ, ეს აპარატურა მნიშვნელოვნად ამცირებს განმეორებითი გამოკვლევების რიცხვს. შესაბამისად, მცირდება რადიაციული ფონის გავლენა. კვლევის პროცესში პაციენტი ფაქტობრივად არ იღებს რადიაციულ დასხივებას, რაც პირველ რიგში ბავშვებისა და მოზარდებისთვისაა უმნიშვნელოვანესი.
- ადამიანს, რომელიც ამ ინტერვიუს კითხულობს და სურს ისარგებლოს ამ ინოვაციური მეთოდით, შეუძლია თუ არა უკვე, რომ მიმართოს კლინიკას?
— რა თქმა უნდა, უკვე შეუძლია. ოპერაციები, რომლებიც უნდა ჩატარდეს, არის გეგმიური და მათ გარკვეული დაგეგმვა სჭირდება. აპარატის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია შესაბამისი ნებართვის მიღება რადიაციული უსაფრთხოების კუთხით. შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე გაგზავნილი გვაქვს და რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ ერთ კვირაში, მივიღებთ ნებართვას, რის შემდეგაც უშუალოდ დაიწყება აპარატის მუშაობა.
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკვე მზად ვართ პაციენტების მისაღებად. მათ, ვინც თვალს ადევნებს თქვენს გამოცემას, ვურჩევ ყურადღებით გაეცნონ ჯო ენის Facebook გვერდს ან ვებგვერდს, სადაც საჭირო ინფორმაცია ყოველდღიურად ახლდება.
რამდენად რეალურია, რომ საქართველომ თურქეთსა და ისრაელსაც კი გაუსწროს და რა როლს ასრულებს ამაში მრავალწლიანი მოლაპარაკებები მსოფლიო სამედიცინო გიგანტებთან? ამ თემაზე „მოდერნ მედიქალ სოლუშენის“, ანუ Medtronic-ის საქართველოში წარმომადგენელი კომპანია Modern Medical Solutionის კომერციული დირექტორი რომან ლომიძე უფრო ვრცლად საუბრობს
- ამ აპარატისა და ამ სისტემების დანერგვით, რეალურად, საქართველო ხდება ყველაზე წინ წასული ქვეყანა რეგიონში ნეიროქირურგიის მიმართულებით. ეს გულისხმობს იმას, რომ საოპერაციო დრო მცირდება ყველაზე რთული ოპერაციების შემთხვევაშიც კი, დაახლოებით 70-80%-ით. ფაქტობრივად, არ არსებობს რადიაციული დატვირთვისა და დასხივების რისკი. ასევე, თითქმის ნულამდეა დაყვანილი გართულებების ალბათობაც.
- კონკრეტულად რა ტიპის ოპერაციებზეა საუბარი?
- თავის ტვინი, ხერხემალი და ორთოპედია. პლუს ამას, ე.წ. ENT (ოტოლარინგოლოგიური) ქირურგია. ეს სისტემა ყველა ამ ოპერაციაში გამოიყენება. პლუსებია: პირველი - უსაფრთხოება რადიაციის თვალსაზრისით, მეორე - ოპერაციის დროის შემცირება და გარანტირებული შედეგი. რეაბილიტაციის პერიოდი რადიკალურად მცირდება. როგორც წესი, უმეტეს შემთხვევებში, პაციენტი უკვე მეორე-მესამე დღეს სახლშია.
- მოლაპარაკებები რამდენ ხანს მიმდინარეობდა, რამდენად მარტივი იყო პროცესი?
- სამ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის - ამიტომაც ვართ ამ ბიზნესში. გვაქვს პრეტენზია, რომ საქართველოს შეუძლია ჰქონდეს რეგიონში საუკეთესო სტანდარტის მედიცინა. ვაჯობოთ თურქეთს და რიგ შემთხვევებში ისრაელსაც, ისევე როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებს. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ეს სრულიად რეალურია. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომლებიც მსოფლიოში უდიდესი კორპორაციები არიან (მათ შორის Medtronic-ი), გვჯერა, რომ ამას ძალიან მალე მივაღწევთ.
ამ სტანდარტის სისტემები ჯერჯერობით მხოლოდ ჯო ენის საუნივერსიტეტო კლინიკაშია. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, გვაქვს იმედი, რომ სხვაგანაც დაინერგება. ამ ეტაპზე კონკრეტულად ამ ოპერაციებს ერთი ქირურგი და ასისტენტი ატარებენ - ნებისმიერ ოპერაციაზე გუნდი ერთობლივად მუშაობს. ჩვენი გეგმაა, რომ ოპერაციების კეთება ამ თვეშივე დავიწყოთ. ისეთი სისტემების გამოყენებით, რაზეც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც აღმოსავლეთ ევროპაში და არც სხვა მეზობელ ქვეყნებში დანერგილი არ არის და არც იქნება უახლოესი ერთი-ორი წელი. ამით თურქეთსაც გავასწარით.
- ოტოლარინგოლოგიაც შედის გეგმაში?
- დიახ, მის დაწყებასაც ვგეგმავთ ამ სისტემების გამოყენებით. ოღონდ ჯერ ნეიროქირურგიის პროექტს დავასრულებთ და შემდგომ გადავალთ სხვა მიმართულებაზე. ეს სისტემა საჭიროა რთული შემთხვევებისთვის, მაგალითად - სინუსების ქირურგიისას, როდესაც საქმე გვაქვს ჰაიმორისა და ფრონტალურ წიაღებთან, სადაც ძალიან რთულია მიდგომა. ასეთ დროს ენდოსკოპით მუშაობა სპეციფიკურია და გართულებების რისკიც მაღალია.
ჩვენ ვაპირებთ დავნერგოთ წამლიანი სტენტები სინუსების ქირურგიაში, რაც მოგვცემს საშუალებას გამოვრიცხოთ განმეორებითი ოპერაციების საჭიროება. ასევე, ყველაზე რთულ, მათ შორის ონკოლოგიურ შემთხვევებში, ოპერაცია უმოკლეს ვადაში დასრულდება და უსაფრთხოება იქნება გარანტირებული. აღარ იქნება ის მომენტი, რომ რაღაც ვერ ვიპოვეთ ან ვერ მივუდექით.
- ამ აპარატით ოპერაციების გასაკეთებლად აქამდე რომელ ქვეყნებში მიდიოდნენ ქართველები?
- თურქეთში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ისრაელში. თუმცა, იმ სტანდარტით, რასაც ჩვენ ახლა ვნერგავთ, ჯერჯერობით ვერც თურქეთში და ვერც დასავლეთ ევროპის ბევრ კლინიკაში ვერ კეთდება.
ტექნოლოგიური პროგრესის მიღმა ყოველთვის დგას პროფესიონალი, რომლის ხელშიც ინოვაციური სისტემა სიცოცხლის გადარჩენის რეალურ ინსტრუმენტად იქცევა. ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ნეიროქირურგიული განყოფილების უფროსი გიორგი გეგია, რომელიც ოპერაციებს ამ უახლესი აპარატურით ჩაატარებს, დეტალურად განმარტავს, თუ როგორ ეხმარება ხელოვნური ინტელექტი და რეალურ დროში ვიზუალიზაცია „ადამიანური შეცდომის“ რისკის გამორიცხვაში
- ბატონო გიორგი, სისტემა საშუალებას გაძლევთ „მიკროსკოპულ დონეზე“ აკონტროლოთ ყოველი ნაბიჯი. რამდენად ამცირებს ეს ე.წ. „ადამიანური შეცდომის“ რისკს, განსაკუთრებით ხერხემლისა და თავის ტვინის ურთულესი მანიპულაციების დროს?
- ეს არის უნიკალური სისტემა, რომელიც საშუალებს იძლევა, რომ ადამიანური შეცდომების რისკი, ფაქტობრივად გამოვრიცხოთ, წინასწარ დავგეგმოთ და ზუსტად შევასრულოთ ყველაზე რთული ოპერაციები და წინასწარ ვიცოდეთ, თუ რა შედეგი ექნება ამა თუ იმ ურთულეს ჩარევას.
- ინტრაოპერაციული ვიზუალიზაცია რეალურ დროში - რას ნიშნავს ეს პაციენტისთვის? ხედავთ თუ არა თქვენ შედეგს მანამ, სანამ ოპერაციას დაასრულებთ?
- რა თქმა უნდა, ჩვენ საოპერაციო მაგიდაზევე, რეალურ დროში ვხედავთ ყოველი იმპლანტის პოზიციონირებას და ზუსტად ვხედავთ ყოველი ოპერაციის შედეგს ისე, რომ ოპერაციის შემდეგ, მრავალჯერადი CT და MRI სკანირება საჭირო აღარ არის.
- განსაკუთრებით ხაზგასმულია რადიაციული დატვირთვის შემცირება. რატომ არის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბავშვთა ნეიროქირურგიაში და სქოლიოზის მკურნალობისას?
- ხშირად, მაგალითად რთული სქოლიოზების ოპერაციები, მრავალი საათის განმავლობაში გრძელდება და ამ დროს, მაღალი სიხშირით არის ხოლმე საჭირო პაციენტის რენტგენის გამოსხივებით დასხივება, რათა იმპლანტების ვიზუალიზაცია მოხდეს. O-ARM II - ისა და ნეირონავიგაციის სისტემა StealthStation S8-ს გამოყენებით, ეს რადიაციული დასხივება საჭირო აღარ არის და ურთულესი ოპერაციები, ფაქტობრივად, რადიაციული დასხივების გარეშე ტარდება. ცხადია, რომ ინტენსიური დასხივება, იქნება ეს ინტრაოპერაციულად თუ პოსტოპერაციულად მრავალჯერადად CT გადაღებით, აჩენს მრავალი ონკოლოგიური და არა მხოლოდ ონკოლოგიური პათოლოგიის განვითარების რისკს სამომავლოდ.
- ხშირად ურთულესი ოპერაციების შემდეგ პაციენტებს ხანგრძლივი და მტკივნეული რეაბილიტაცია წარმოედგინათ. როგორ ხდება, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენებით პაციენტი 2-3 დღეში უბრუნდება აქტიურ ცხოვრებას?
- ჩვენ ვიყენებთ Medtronic-ის ექსკლუზიურ, მინი ინვაზიურ სისტემებს, რომელთა გამოყენებითაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმეტეს შემთხვევებში 2-3 დღეში ხდება პაციენტის გაწერა კლინიკიდან და ამავდროულად, ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ ტკივილი განვითარდეს ან განმეორებითი ოპერაცია გახდეს საჭირო რაიმე გართულების გამო.
- რა როლს ასრულებს ხელოვნური ინტელექტი ოპერაციის დაგეგმვის ეტაპზე? რამდენად ინდივიდუალურია მიდგომა თითოეული პაციენტის ანატომიის მიმართ?
- საოპერაციო პროცესი იგეგმება AI დახმარებით და წინასწარ ხდება ყოველი პაციენტისათვის ინდივიდუალური, საუკეთესო იმპლანტების შერჩევა, რათა პოსტოპერაციულად საუკეთესო შედეგი მივიღოთ.
- თქვენ იყენებთ Medtronic-ის პრემიუმ კლასის იმპლანტებს. რა უპირატესობა აქვს ტიტანისა და კობალტ-ქრომის შენადნობებს და რამდენად გარანტირებულია მათი „სიცოცხლისუნარიანობა“ პაციენტის ორგანიზმში?
- მათი სიცოცხლისუნარიანობა, ნებისმიერი სხვა იმპლანტისგან განსხვავებით, არის, ფაქტობრივად - უვადო. გამორიცხულია მათი დეფორმაცია, გატეხვა, მათ მიერ ძვლის დეგენერაციის გამოწვევა ან ამოვარდნა იმპლანტაციის არედან და ამავდროულად მაქსიმალურად სწრაფად ხდება მათი ოსიფიკაცია ანუ „გაძვალება“ (ძვალთან შეზრდა). შესაბამისად, პაციენტი მაქსიმალურად დაზღვეულია გართულებებისაგან.
- როგორც ქირურგისთვის, რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი კომფორტი, რასაც ეს ახალი სისტემა გიქმნით მუშაობისას?
- რადიკალურად მცირდება ოპერაციების ხანგრძლივობა, ფაქტობრივად აღარ ხდება პაციენტების და პერსონალის რენტგენით ინტენსიური დასხივება, შედეგი არის წინასწარ დაგეგმილი და გარანტირებული, ხოლო გართულებები - ფაქტობრივად გამორიცხული.
R