მწერალი თუთა ჯგუშია ლაივ ვიდეოს აქვეყნებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოდან, ე.წ. მზიურის აგარაკებიდან. ვიდეოში დამეწყრილი ეზო ჩანს. თუთა ჯგუშია დახმარებას ითხოვს.
"ახლა მოვედი სახლში სამსახურიდან, და ის რასაც ვიძახდი ერთი თვის წინ, რომ ვინმემ ყურადღება მომაქციეთ მეთქი...
აქ მოვედი ჩემს 9 წლის შვილთან ერთად, აქ უნდა დავრჩენილიყავით ამაღამ. არაფერი აღარ არის.
სახლი დგას, მაგრამ ეს სახლი შეიძლება ამაღამვე წაიღოს წყალმა... შეიძლება ვინმე გამოჩნდეს და ამ ყველაფერს შეხედოს?", - ამბობს თუთა ჯგუშია.
"გთხოვთ, გააზიაროთ ეს პოსტი.ყველა კანონიერი გზით მიმართვის, თხოვნის, მოთხოვნის შემდეგ იძულებული ვარ, სოციალური ქსელით ვითხოვო ის, რაც მეკუთვნის.დაახლოებით 1 წელია და ამ 1 წლიდან ბოლო 4 თვის განმავლობაში (დეკემბრიდან) კვირაში ერთხელ ვრეკავ გზების დეპარტამენტში. მანამდე შევიტანე განცხადება, რომ ვცხოვრობ სტიქიის ზონაში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, ე.წ. მზიურის აგარაკებზე, სადაც არის ღვარცოფის საშიშროება.
კერძოდ, ყოველ გაზაფხულზე სხვა დროს სრულიად უწყინარი მდინარე ლოჭინის შენაკადი, ნორიოსხევი, დიდდება და კონკრეტულად მზიურის აგარაკებზე არაერთხელ აქვს დატბორილი ეზოები და სახლის ქვედა სართულები. გასული წლის მაისში წყალმა წაიღო ჩემი ეზოს ნახევარი. აი, ასე, უბრალოდ, დილას გავიღვიძე და აივნიდან 5 მეტრის იქით ეზო აღარ არსებობს. ამ სახლში ვცხოვრობ 9 წლის ბავშვთან ერთად და ღამით ცალი ხელით ბავშვს ვარ ჩაბღაუჭებული და ცალი ხელით მატრასს იმის შიშით, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება მოვარდეს წყალი და წაგვიღოს. ნორიოს გამგებლის მხრიდან გადამისამართებით, გზების დეპარტამენტისთვის მიმართვის შემდეგ, ეს ადგილი დათვალიერებული აქვთ უწყების წარმომადგენლებს გასული წლის შემოდგომას. მას შემდეგ, რაც შეაფასეს რისკები, მითხრეს რომ დაუყოვნებლივ დაიწყებდნენ პროექტის შედგენას და შესაბამის პროცედურებს, ჯებირებს ვერა, მაგრამ გაბიონებს ჩადებენ, ეს არის მავთულის ბადეები, რომლებიც ივსება ქვით და წყლის ნაკადის დარტყმისგან დაიცავს სახლს.
მთელ პერიმეტრზე ჩაშენებულია ბეტონის ჯებირები, მარტო ჩემი ეზოს ნაპირია ჩამოშლილი, აი, რომ შეხედავთ და იფიქრებთ, "უპატრონოა" ვიღაცაო."პატრონს" რაც შეეხება, 9 წელი ვიმუშავე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში და ვერავინ ვერსად იპოვის 1 ცოცხალ (ვერც მკვდარ) ადამიანს, ვისთვისაც ოდესმე რამე მეთხოვოს, ხელი წაეკრა, ჩაეწყო, დაერეკა, ა.შ. არასდროს არავითარი "პრივილეგიით" არ მისარგებლია და არ გამომიყენებია არც მატერიალური და არც არამატერიალური რესურსი, არათუ რაც არ მეკუთვნოდა, რაც მერგებოდა, ისიც. ეს კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩემს მორალურ პრინციპებს, ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ვითხოვ იმას, რაც მეკუთვნის, შეიძლება ითქვას - სიცოცხლის უფლებას"