ქართველი მეცნიერი, მკვლევარი ქეთევან ბეზარაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვეყნებს.
ქეთევან ბეზარაშვილმა 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი. ამავე უნივერსიტეტში დაიწყო მისი აკადემიური კარიერა. 2004 წლიდან იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში. იყო საქართველოს ბიზანტინისტთა და ოქსფორდის პატრისტიკულ ასოციაციათა წევრი.
1998 წლიდან მკვლევარი იყო ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მიერ ინიციირებული გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა შემსწავლელი საერთაშორისო პროექტის სამეცნიერო გუნდის წევრი (https://nazianzos.fltr.ucl.ac.be). პროექტის ფარგლებში ქართველ და უცხოელ მეცნიერთა თანაავტორობით Corpus Christianorum, Series Graeca, Corpus Nazianzenum-ის ფარგლებში, S. Gregorii Nazianzeni Opera. Versio lberica-ის სერიაში გამოქვეყნდა გრიგოლ ნაზიანზელის ნაშრომთა ქართული თარგმანების შემცველი 8 ტომი.
ქეთევან ბეზარაშვილი 20-მდე წიგნისა და 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მის არაერთ მნიშვნელოვან კვლევას შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია 2004 წელს გამოცემულ მონოგრაფიას „რიტორიკისა და თარგმანის თეორია და პრაქტიკა", - აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში