ავტორი:

“ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით“ - ვინ როგორ გვილოცავს დამოუკიდებლობის დღეს?

“ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით“ - ვინ როგორ გვილოცავს დამოუკიდებლობის დღეს?

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

108 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ “დამოუკიდებლობის აქტი“ მიიღო . ამით დასრულდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის 117-წლიანი პერიოდი (რაც 1801 წელს ანექსიით დაიწყო) და შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

ამ უდიდეს მიღწევას საქართველოს მსოფლიოს ლიდერები, ევროკავშირის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები, მეზობელი ქვეყნის ლიდერები და ოფიციალური პირები ულოცავენ.

  • აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო:

“ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს. მიმდინარე წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად და ჩვენი ორივე ქვეყნისთვის მეტი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად.

ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში. ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

  • ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გულითადად ულოცავენ!

“საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა, რითაც დაადასტურა სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის შესახებ საკუთარი ხედვა. დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციის სულისკვეთება დღეს საქართველოს საზოგადოებაში ღრმა გამოძახილს ჰპოვებს. საქართველოს ისტორიაში ვხედავთ ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებისკენ მუდმივ სწრაფვას. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გვერდში უდგანან საქართველოს და საიმედო, გრძელვადიან პარტნიორებად რჩებიან. პროგრესი დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართულებით კვლავაც არსებითია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის.

ამ მნიშვნელოვან დღეს, კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის და წევრი ქვეყნების საელჩოების ერთობლივ განცხადებაში.

  • საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს:

“მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ძალიან ვამაყობ ჩვენს ორ ერს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობით. მე და ჩემს მეუღლეს გვსურს ქართველ ხალხს გულწრფელი და საუკეთესო სურვილები გადავცეთ მომავალი წლისთვის“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

  • სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი:

“სომხეთი დიდად აფასებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობასა და ისტორიულ მეგობრობას. საქართველოსა და მის ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას და უწყვეტ პროგრესს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“ - წერს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე.

  • პოლონეთის საგარეო უწყება:

“გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გულწრფელად ვულოცავთ და საუკეთესო სურვილებს ვუსურვებთ ქართველ ხალხს“, - აღნიშნულია უწყების მისალოც პოსტში.

  • რუმინეთის საგარეო უწყება:

“გილოცავთ ეროვნულ დღეს, საქართველო! რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ჩვენმა ქვეყნებმა უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებულობის განვითარების მიზნით, განსაკუთრებით მწვანე ენერგიის დერეფნისა და შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის მეშვეობით“, - აღნიშნულია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

  • ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია:

“უთბილესად ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! ბელარუსელებს და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა, შიშის, ჩაგვრისა და უცხოური ბატონობის გარეშე. თავისუფლება ყოველთვის გაიმარჯვებს! გილოცავთ, საქართველო!“, - წერს ტიხანოვსკაია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

  • მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ სხვადასხვა სახელმწიფოს ხელმძღვანელი პირები:

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარე დენის ბეჩიროვიჩმა.

“თქვენო აღმატებულებავ,

ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმისა და ჩემი სახელით, ნება მომეცით გულწრფელად მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე და გისურვოთ თქვენი ქვეყნის ხანგრძლივი კეთილდღეობა.

ვსარგებლობ შესაძლებლობით და გამოვხატავ მტკიცე რწმენას, რომ, ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემის დასტური“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

  • საქართველოს პრეზიდენტმა მისალოცი წერილი მიიღო ბელგიის მეფე ფილიპისგან.

“მის აღმატებულებას, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს,

საქართველოს პრეზიდენტს!

საქართველოს ეროვნული დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, მსურს თქვენს აღმატებულებას გადავცე ჩემი მილოცვა და გისურვოთ ბედნიერება და ჯანმრთელობა როგორც თქვენ, ისე ყველა თქვენს თანამემამულეს”, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

  • გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა, ვიცე-პრეზიდენტმა და ვიცე-პრემიერმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა.

“საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსურს, თქვენო აღმატებულებავ, გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო საქართველოს მთავრობასა და მეგობარ ქართველ ხალხს ვუსურვო შემდგომი წარმატებები, წინსვლა და კეთილდღეობა. გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემის დასტური“,- აღნიშნულია მისალოც წერილებში.

  • საქართველოს პრეზიდენტს მისალოცი წერილი გამოუგზავნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც.

“ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო,

საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან - დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით.

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების მაღალი დონე განპირობებულია იმ კეთილგანწყობით, პატივისცემითა და ნდობით, რომელსაც ჩვენი მეზობელი ხალხები ერთმანეთის მიმართ საუკუნეების განმავლობაში იჩენდნენ. კმაყოფილებას იწვევს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ამჟამინდელი დინამიური და ყოვლისმომცველი განვითარება.

უაღრესად ვაფასებ გასულ თვეში თქვენს მეგობარ ქვეყანაში ჩემი სახელმწიფო ვიზიტის შედეგებს, ასევე ვიზიტის დროს ჩემს მიმართ გამოჩენილ სტუმართმოყვარეობასა და გულწრფელ მეგობრობას. თბილი გრძნობით ვიხსენებ ჩვენს პროდუქტიულ შეხვედრას და აზრთა გაცვლას, რომელიც ურთიერთგაგებისა და გულწრფელობის ატმოსფეროში წარიმართა.

ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების ინტენსივობა და უმაღლეს დონეზე აქტიური დიალოგის არსებობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ყველა სფეროში ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ერების სასიკეთოდ და ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისთვის, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მყარ საფუძველსა და კარგ ტრადიციებზეა დაფუძნებული, ერთობლივი ძალისხმევით მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება.

ამ ღირსშესანიშნავ დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, მეგობარ და მოძმე ქართველ ხალხს კი ხანგრძლივ მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ“, - ნათქვამია წერილში.

  • ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი.

“თქვენო აღმატებულებავ,

კორეის რესპუბლიკის მთავრობისა და ხალხის სახელით, მაქვს პატივი, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გულწრფელი მილოცვა გადავცე თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს.

ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ კორეა და საქართველო კვლავ განაგრძობენ თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარებას, რაც მტკიცე მეგობრობასა და გულწრფელ ნდობაზეა დაფუძნებული.

მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებას და თანამშრომლობის პერსპექტივების გაფართოებას, სხვადასხვა სფეროში მჭიდრო კომუნიკაციის გზით.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი საუკეთესო სურვილები საქართველოს ხანგრძლივი პროგრესისა და კეთილდღეობისთვის, თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობისა და ქართველი ხალხის ბედნიერებისთვის“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.

იხილეთ ასევე: