ლაოსის ცენტრალურ პროვინცია ხაისომბოუნში სამაშველო ოპერაცია უკვე მეხუთე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს - მაშველები დატბორილ გამოქვაბულში ჩარჩენილი შვიდი ადამიანის გადარჩენას ცდილობენ. ისინი გამოქვაბულში ოქროს საძებნელად შევიდნენ და ძლიერი წვიმის შემდეგ გამოსვლა ვეღარ შეძლეს.
სამაშველო ოპერაცია რთულ პირობებში მიმდინარეობს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდებიან მყვინთავები ვიწრო და ტალახიან გვირაბებში, რომლებიც თითქმის მთლიანად წყლითაა დაფარული. მაშველების ინფორმაციით, გამოქვაბულის ზოგიერთი მონაკვეთის სიგანე მხოლოდ 50 სანტიმეტრია, რაც ოპერაციას კიდევ უფრო ართულებს.

გადარჩენის ოპერაციაში ჩართული არიან ის ექსპერტებიც, რომლებმაც 2018 წელს ტაილანდში დატბორილ მღვიმეში ჩარჩენილი ახალგაზრდა ფეხბურთელები გადაარჩინეს.
ცნობილია, რომ ერთ-ერთმა ადამიანმა გამოქვაბულიდან გამოსვლა შეძლო და სწორედ მან აცნობა ხელისუფლებას შიგნით ჩარჩენილი ჯგუფის შესახებ.
ლაოსის მოხალისე მაშველების ხელმძღვანელის, ბუნკჰამ ლუანგლათის განცხადებით, ადგილობრივები ამ გამოქვაბულს ხშირად სტუმრობენ ოქროს საბადოების მოსაძებნად.
მაშველები ამ დრომდე ცდილობენ გამოქვაბულიდან წყლის ამოტუმბვას. ორშაბათს მათ რამდენიმე დიდი კლდის გაწმენდა და უფრო ღრმა მონაკვეთების შესწავლა შეძლეს, თუმცა წყლის დონის მატება ოპერაციას კვლავ აფერხებს.