ავტორი:

Ferrari-მ პირველი ელექტრომობილი წარადგინა

Ferrari-მ პირველი ელექტრომობილი წარადგინა

იტალიურმა ავტომწარმოებელმა Ferrari-მ თავისი პირველი ელექტრომობილი - “Luce“ ოფიციალურად წარადგინა. ახალი მოდელის ფასი 640 000 დოლარია და ის კომპანიის ისტორიაში პირველი ხუთადგილიანი ავტომობილია.

  • “ლუჩე“, რომელიც იტალიურად “სინათლეს“ ნიშნავს, ტრადიციული Ferrari-ს დიზაინისგან მკვეთრად განსხვავდება. ავტომობილი სააგენტო LoveFrom-თან თანამშრომლობით შეიქმნა, რომელიც Apple-ის ყოფილი მთავარი დიზაინერის, ჯონი აივის მიერ არის დაფუძნებული.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მოდელის შექმნას თითქმის ხუთი წელი დასჭირდა. ახალ ავტომობილს თითოეულ ბორბალზე ცალკე ელექტროძრავა აქვს დამონტაჟებული, რის შედეგადაც “ლუჩე“ 96 კმ/სთ სიჩქარეს დაახლოებით 2.5 წამში ავითარებს.

მოდელის პრეზენტაციას სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ Ferrari-მ კლასიკურ სტილს გადაუხვია, ზოგი კი ახალ დიზაინს “რევოლუციურს“ და “დიზაინის მასტერკლასს“ უწოდებს.

Ferrari-ს დიზაინის ხელმძღვანელმა, ფლავიო მანზონიმ განაცხადა, რომ ინოვაციური დიზაინი ყოველთვის იწვევს განსხვავებულ რეაქციებს, თუმცა მისი აზრით, დროთა განმავლობაში მომხმარებლები ახალ კონცეფციას უფრო მეტად შეაფასებენ.

ბოლო წლებში ფუფუნების ავტომობილების მწარმოებლებს ელექტრომობილების ბაზარზე სერიოზული გამოწვევები შეხვდათ. Lamborghini-მ ელექტრო მოდელების გეგმები შეამცირა და ჰიბრიდულ ავტომობილებზე გადაერთო, ხოლო Porsche-მ ელექტრომობილების წარმოების ტემპი მოთხოვნის შემცირების გამო შეანელა.

დასავლურ კომპანიებს კონკურენციას განსაკუთრებით ჩინური ავტომწარმოებლები უწევენ, რომლებიც ელექტრომობილების უფრო სწრაფად და შედარებით იაფად წარმოებას ახერხებენ. მიუხედავად ამისა, Ferrari კვლავ ევროპის ყველაზე ძვირადღირებულ ავტომწარმოებლად რჩება და ექსკლუზიურ მოდელებზე აგრძელებს ფოკუსირებას.

წყარო