რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი), კვირას, 24 მაისს, ჩეხეთში, კარლოვი ვარიდან მომავალ გზაზე დააკავეს მას შემდეგ, რაც მისი ავტომობილის საბარგულში "თეთრი ნივთიერებით სავსე ოთხი მცირე ზომის კონტეინერი“ აღმოაჩინეს. ამის შესახებ ორშაბათს მიტროპოლიტის Telegram-არხზე გამოქვეყნებულ უავტორო პოსტიდან გახდა ცნობილი, რომელშიც ასევე აღნიშნული იყო, რომ თავად ილარიონს "არ აქვს შესაძლებლობა, პირადად მიმართოს არხის გამომწერებს“.
"მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების გამო, პოლიცია დაკავებულთა ვინაობას ვერ ასახელებს“, - განაცხადა ჩეხეთის ნარკოტიკების კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესმდივანმა, ლუსი შმოლდასოვამ. ჩეხური მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოპერაცია ანონიმური შეტყობინების საფუძველზე ჩაატარეს, რომელიც ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების გადაზიდვას შეეხებოდა.
ჩეხური გამოცემა Novinky.cz-ის დაზუსტებით, მიტროპოლიტი ილარიონი პოლიციამ ცენტრალური ბოჰემიის მხარეში, ქალაქ უნგოშტში დააკავა. ქალაქ კლადნოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალი ჯერჯერობით არავისთვის წარუდგენიათ და მიმდინარეობს ორი დაკავებული პირის დაკითხვა. მიტროპოლიტის Telegram-არხის ცნობით, იერარქს ექვს საათზე მეტ ხანს კითხავდნენ.
მიტროპოლიტი ილარიონი კატეგორიულად უარყოფს ყოველგვარ კავშირს აკრძალული ნივთიერებების უკანონო შენახვასთან და მომხდარს პროვოკაციად მიიჩნევს. მისი ჩეხი ადვოკატის თქმით, მიტროპოლიტი ავტომობილის ჩხრეკას არ ესწრებოდა, პოლიციელები კი პირდაპირ საბარგულისკენ წავიდნენ - "თითქოს წინასწარ იცოდნენ, სად უნდა ეძებნათ“.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში უწყებაში ჩეხეთის ელჩს დაიბარებენ და მკაცრ პროტესტს გამოუცხადებენ.
მიტროპოლიტი ილარიონი კარლოვი ვარში მსახურებად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, 2024 წლის დეკემბერში განაწესეს. მაშინ ის ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიის მართვიდან მას შემდეგ გადააყენეს, რაც მისმა ყოფილმა მორჩილმა (თანაშემწემ), გიორგი სუძუკიმ, იერარქი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.
სუძუკიმ გამოცემა Новая газета Европа-ს უამბო, რომ მიტროპოლიტმა ის ბუდაპეშტში მორჩილად 2022 წელს მიიწვია, როდესაც ის 18 წლის იყო. სუძუკის თქმით, მუშაობის მთელ პერიოდს თან სდევდა მიტროპოლიტის მხრიდან შევიწროება. ილარიონმა ბრალდებები უარყო, სუძუკის დედა ფულის გამოძალვაში დაადანაშაულა და ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.
ამ განცხადებიდან ნახევარი წლის შემდეგ, სინოდმა ილარიონი უნგრეთის ეპარქიის მართვას ჩამოაშორა. სინოდის გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ საჭიროა "მიეთითოს მიტროპოლიტ ილარიონს მისი უახლოეს გარემოცვასთან ურთიერთობისა და ყოფაცხოვრების ხასიათის შეუსაბამობაზე ბერულ და სასულიერო სახესთან“.
2022 წლამდე მიტროპოლიტი ილარიონი 13 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებას. ამ პოსტზე მან შეცვალა კირილე (გუნდიაევი), რომელიც 2009 წელს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად აირჩიეს.
2024 წელს Новая газета Европа საკუთარ გამოძიებაზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ მიტროპოლიტს აქვს უნგრეთის მოქალაქეობა და ფლობს ძვირადღირებულ უძრავ ქონებას ევროპაში, მათ შორის სასახლეს. წყარო
ეკა ასათიანი