აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, სატელეფონო საუბრისას სთხოვა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის გადაეცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეტყობინება, კიევის წინააღმდეგ დაგეგმილ დარტყმებთან დაკავშირებით.
“მათ გაუგზავნეს შეტყობინება ყველა საელჩოს და ვფიქრობ, მან უბრალოდ პირადად დამირეკა, რომ ეთქვა - მათ უთხრეს ყველა საელჩოს - კიევი ძალიან საშიში ადგილი იქნება - კიევი უკვე რამდენიმე წელია ძალიან საშიში ადგილია. შეხედეთ, ყველა ამ ომის გაგრძელების საფრთხე ის არის, რომ ყოველთვის არსებობს ესკალაციის, რაღაც ახალში გავრცელების საფრთხე. ასე რომ, გუშინ ვესაუბრე მას ამაზე და რამდენიმე სხვა თემაზე და ცხადია, პუტინს სურდა - სთხოვა, რომ დაერეკა, რათა პირდაპირ გადამეცა შეტყობინება პრეზიდენტისთვის, რაც გავაკეთე კიდეც, მაგრამ ცხადია, ჩვენ უკვე ვნახეთ შეტყობინება, რომელიც გაიგზავნა ყველა დიპლომატიურ უწყებაში“, - აღნიშნა რუბიომ.
კიევზე ბოლო დროს განხორციელებული მასშტაბური დარტყმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ მარკო რუბიომ უპასუხა, რომ ეს იმის შეხსენებაა, თუ რატომ არის ეს ომი საშინელი და რატომ უნდა დასრულდეს ის.
“შეხედეთ, ყოველ ჯერზე, როდესაც ხედავთ ამ მასშტაბურ დარტყმებს ერთი ან მეორე მხრიდან, ეს არის შეხსენება იმისა, თუ რატომ არის საშინელი ეს ომი, რომელიც უკვე მეორე მსოფლიო ომზე მეტხანს გრძელდება და ის უნდა დასრულდეს. აშშ მზადაა, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, რათა ხელი შეუწყოს ამ ომის დასრულებას და იმედია, რომ გარკვეულ მომენტში გამოჩნდება შესაძლებლობა, კვლავ შევძლოთ ამ როლის შესრულება“, - აღნიშნა რუბიომ.
იხილეთ ასევე: