ბელგიაში მატარებლისა და სასკოლო მიკროავტობუსის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა.
ტრაგედია ბელგიის ქალაქ ბიუგენჰაუტში მოხდა, შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათგან 2 ბავშვი და 2 ზრდასრულია - ამის შესახებ იტყობინებიან ადგილობრივი მედიასაშუალებები.
ფლამანდიური საზოგადოებრივი მაუწყებლის (VRT) ცნობით, ავარიის მომენტში სარკინიგზო გადასასვლელზე მყოფ მიკროავტობუსში შვიდი ბავშვი, გამცილებელი და მძღოლი იმყოფებოდნენ.
"რა გულსაკლავი ამბავია, ჩემი ფიქრები ყველა მსხვერპლთან, მათ ოჯახებთან და ყველასთანაა, ვისაც ეს ტრაგედია პირდაპირ შეეხო“, - დაწერა სოციალურ ქსელში ფლანდრიის განათლების მინისტრმა, ზუჰალ დემირმა.
ბელგიის ფედერალური პოლიციის წარმომადგენელმა, ან ბერგერმა განაცხადა, რომ შეჯახება დილის დაახლოებით რვა საათზე მოხდა, როდესაც გადასასვლელზე შლაგბაუმები იყო ჩამოშვებული.
VRT-სთან საუბარში მან აღნიშნა, რომ დაღუპულთა შესახებ დეტალების გახმაურება ჯერ არ შეუძლია, ვინაიდან პირველ რიგში მიკროავტობუსში მყოფთა ოჯახები უნდა გააფრთხილონ.
ამასთანავე, პოლიციის წარმომადგენლის თქმით, მატარებლის მგზავრებიდან არავინ დაშავებულა.